ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეხური მონადირე რობოტი მნიშვნელოვან ობიექტებს დრონებისგან დაიცავს

აეროპორტების, ელექტროსადგურების, ციხეების და მნიშვნელოვანი პერსონების დაცვა – მონადირე რობოტმა Eagle.one-მ უახლოეს მომავალში შეიძლება ყველგან დაიმკვიდროს ადგილი. ის მსხვერპლს „მუცელში“ დამალული ბადის გამოყენებით იჭერს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი ანალოგი სხვა მანქანებიც არსებობს, ჩეხური მეცნიერების მიერ შექმნილი ეს პროდუქტი იმით არის განსაკუთრებული, რომ სწრაფად მფრინავი სამიზნეების დაჭერა შეუძლია. იმათიც კი, რომლებიც ძნელად პროგნოზირებად მარშრუტებზე მოძრაობენ.
„ჩვენი რობოტი საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს და ფრენის დროს, თანამედროვე რობოტიკის შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარს აღწევს“, – აცხადებს პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტის (FEL CTU) წარმომადგენელი მარტინ სასკა, რომელიც დრონებზე მონადირე რობოტების შემქნელი ჯგუფის უფროსია. „ჩვენ, ლიდარისა და კამერების გამოყენებით, მნიშვნელოვნად უნდა გაგვეუმჯობესებინა სივრცის შესახებ მისი სენსორული აღქმა და მისი აჩქარების უნარზეც გვემუშავა. შედეგად, მივიღეთ ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ისეთი მოქნილი დრონებიც კი ვერ დაუსხლტებიან, რომლებსაც ფრენის ტრაექტორიის სწრაფად შეცვლა შეუძლიათ“, – განმარტავს მულტირობოტული სისტემების ჯგუფის ხელმძღვანელი.
სწრაფად მფრინავი სამიზნეების დაჭერის უნარი ამ რობოტის ძლიერი მხარეა. იმისათვის, რომ რობოტს ჰაერში დამრღვევთა მოძრაობა დაეფიქსირებინა, FEL CTU-ს მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გამოიყენეს. ამის წყალობით, რობოტს შეუძლია, მთლიანად ავტონომიურ რეჟიმზე იმუშავოს და მტრის დრონის დასაჭერი ოპტიმალური ტრაექტორია ადამიანის ჩარევის გარეშე დაგეგმოს.
მკვლევარებმა მონადირე რობოტი მანქანათმცოდნეობის გამოყენებით მოამზადეს. ეს იგივე მეთოდია, რომლისთვისაც ამ კვირაში ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გაიცა.
„ჩვენ ვიყენებთ მეთოდებს, რომლებიც მონაცემებს ათასობით საათის განმავლობაში რეალური ფრენის სიმულაციის საფუძველზე აფასებენ. უპირველეს ყოვლისა, დრონების დაჭერის ყველაზე თანამედროვე მეთოდები გავაანალიზეთ. შემდეგ, ამ ანალიზის შედეგები ჩვენს დაგეგმვაში ჩავრთეთ, რათა ასობით სხვადასხვა ტიპის მოიერიშე დრონის რაც შეიძლება სწრაფად დაჭერა შეგვძლებოდა“, – განმარტავს სასკა, როდესაც იმაზე საუბრობს, თუ როგორ მოხდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება.
ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ ამ რობოტს ქსელში არა მხოლოდ სამიზნის დაჭერა, არამედ მისი ამოცნობა და საფრთხის მასშტაბის შეფასებაც კი შეუძლია.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის – მკვლევარები უკვე ამ რობოტის გაუმჯობესებას ცდილობენ. ახლა ისინი იმაზე მუშაობენ, რომ რობოტებმა მთელ „ფარაზე“ ინადირონ: ანუ, ერთდროულად, რამდენიმე მოიერიშე დრონი გაანეიტრალონ.
ნობელის პრემია ფიზიკაში მეცნიერებს მანქანათმცოდნეობის სფეროში კვლევისთვის გადაეცათ.
რობოტ Eagle-ს რვა პროპელერი აქვს, 15 კილოგრამს იწონის და წელიწადში 365 დღე ლოდინის რეჟიმში მუშაობა შეუძლია. დროის უმეტეს ნაწილს ის თავის „ბუდეში” ატარებს. ეს არის უსაფრთხო მობილური ანგარი, რომელშიც მისთვის ყველა პირობაა შექმნილი – ოპტიმალური ტემპერატურით დაწყებული და ბატარეების დატენვით დამთავრებული.
მეცნიერებმა ის ჩეხეთის ციხის სამსახურის დახმარებით გამოსცადეს, რამაც რობოტის მონაცემები საგრძნობლად გააუმჯობესა. „წინა ვერსია მხოლოდ ერთი მცდელობის (მიზნის დაჭერა – რედაქტორის შენიშვნა) შესაძლებლობას იძლეოდა, ახალ ვერსიას კი შეუზღუდავი რაოდენობის მცდელობების საშუალება აქვს“, – ამბობს ასოცირებული პროფესორი სასკა. რობოტს მტრის ისეთ ჯაშუშ დრონებზე ნადირობა შეუძლია, რომელთა მაქსიმალური წონა 5 კილოგრამია. თუმცა, ნელა მფრინავი დრონების შემთხვევაში, მას შეუძლია 20 კილოგრამამდე წონის სანიზნეც დაიჭიროს. მონადირე რობოტი დატენვის გარეშე ჰაერში 40 წუთამდე ძლებს.
დრონებმა შეიძლება დასვენების დროს პრობლემები შექმნან, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული წესებია.
Eagle.one-ს მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ მტრის უპილოტო საფრენ აპარატებს ყველაზე უსაფრთხო გზით ანეიტრალებს. თუ დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს ან სხვა საშიშ ნივთიერებებს ატარებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ან ელექტრომაგნიტური იარაღიდან ჩამოგდებამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს. ასეთ დროს, Eagle.One მტრის დრონს ფრთხილად სვამს უსაფრთხო ადგილას, რომელიც წინასწარ არის შერჩეული გამნაღმველების მიერ.
„eagle.one-ის გამოყენების სამიზნე აუდიტორია საკმაოდ ფართოა, რადგან ბევრია ისეთი ლოკაცია, სადაც დრონების გამოყენება არასასურველია. თუმცა, მონადირე რობოტის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს აეროპორტები იჩენენ, სადაც არასანქცირებული დრონის გამოჩენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო მოძრაობას“, – დასძენენ მონადირე რობოტის შემქმნელები.
მათივე თქმით, ასევე არსებობს ინტერესი ციხეებისა და სასაზღვრო პუნქტების მხრიდან, სადაც დრონები ხშირად აკრძალული ნივთიერებების, საგნების და იარაღის კონტრაბანდისთვის გამოიყენება. მონადირე რობოტებით ასევე დაინტერესდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საწარმოები, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების მქონე პატარა დრონმაც კი შეიძლება უზარმაზარი ზიანი მიაყენოს. თავდაცვის ძალები კი ხომ საერთოდ ცალკე სფეროა.
წყარო: 1tv.ge