ანდრეი სიბიგა – უკრაინელი ტყვეების სიკვდილით დასჯა სულ უფრო ხშირდება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსი ჯალათებისა და მწამებლების დაპატიმრების ორდერი უნდა გამოსცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, რომ მკაცრი რეაგირება მოახდინონ რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილით დასჯაზე.
მინისტრი სიბიგას თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.
„უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ ს ფედერაციის არასათანადო მოპყრობა არის აბსოლუტური ბარბაროსობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და ჩვეულებების უხეში დარღვევა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსების მიერ უკრაინელი ომის ტყვეების სიკვდილით დასჯა სულ უფრო ხშირი ხდება. გაერო-ს მონაცემებით, სამხედრო ტყვეების 95%-ს აწამებენ და უარს ეუბნებიან ძირითად საჭიროებებზე.
სიბიგამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღოს ზომები – გამოსცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი რუსი ჯალათებისა და მწამებლების წინააღმდეგ, გააძლიეროს სანქციები, მოითხოვოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ექიმების დაშვება იმ ადგილებში, სადაც უკრაინელები იმყოფებიან და ხელი შეუწყოს ომის ტყვეები და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებას.
გარდა ამისა, გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე კურსკის ოლქში 9 უკრაინელი ომის ტყვეს სავარაუდო სიკვდილით დასჯაზე.
„ომის ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევა და საერთაშორისო დანაშაულია. გამოძიება ომის კანონების და ჩვეულებების დარღვევასთან ერთად განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
მათივე მტკიცებით, ყველაფერს აკეთებენ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის გამოსავლენად და დასასჯელად.

ასევე დაგაინტერესებთ