ვაშინგტონის კაბინეტებში ჰგონიათ, რომ საქართველო მათი შექმნილია – ლევან მამალაძე

ვაშინგტონის კაბინეტებში ჰგონიათ, რომ საქართველო მათი შექმნილია”- აცხადებს “საერთო გაზეთთან” ინტერვიუში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე, რომელიც აფასებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და დასავლეთის მცდელობას, ჩაერიოს და გააკონტროლოს შიდაპოლიტიკა.
ბატონო ლევან, ევროკავშირის ელჩის განცხადებით, თუ ხელისუფლება არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რეალური გახდება…
მსგავსი განცხადებები პირველად როდი გვესმის. ჰერჩინსკიმდე ამაზე საუბრობდნენ ევროპარლამენტში და სხვაგანაც, სულ ახლახან კი იგივე პიტერ სტანომაც გაიმეორა. ანუ, რაც უფრო ახლოვდება , მუქარის სიმძაფრე მატულობს. მოცემულობა ასეთია: დასავლეთი ცდილობს, არჩევნებზე გავლენა მოახდინოს და ის შედეგი მიიღოს, რაც თავად სურს. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება თუ უსამართლოდ, თუკი დასავლეთის მიერ დაფინანსებული მეხუთე კოლონა არ გაიმარჯვებს, სხვა ყველა შედეგი არალეგიტიმურად იქნება ცნობილი. პარტნიორები არ აპირებენ, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, არჩევნების შედეგები აღიარონ. ვიმეორებ, თუ ოპოზიცია პარლამენტში უმრავლესობას ვერ შექმნის, ყველა სხვა შედეგი მათთვის არალეგიტიმურად ჩაითვლება.
ჰერჩინსკიმ გაიხსენა, როგორ არ აღიარეს არჩევნები ბელარუსში და ჩვენც იგივეთი დაგვემუქრა…
საქართველოს და ბელარუსის ამ კუთხით შედარება აბსურდია. ბელარუსში სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის უფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, ფაქტობრივად, უცხო ხილია.
რა მნიშვნელობა აქვს, ვის შეგვადარებენ, როცა მათი სურვილი საქართველოში მორჩილი ხელისუფლების ყოლაა. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა იმპერია რომ იყოს და პატარა საქართველო არ ემორჩილებოდეს, როგორ მოიქცეოდა?!
დაუმორჩილებლობისთვის წარსულში, ალბათ, ჯარს ან ფლოტს გამოგზავნიდნენ, ახლა ამის საშუალება არ არის. პირდაპირ ბომბს ხომ არ გვესვრიან? თავიანთ მიერვე დაფინანსებული მეხუთე კოლონა, ნჯო-ები აგერ არ ჰყავთ?! მათი მეშვეობით შეეცდებიან, ქვეყანაში დაძაბულობა, დესტაბილიზაცია შექმნან და ხალხის მღელვარება გამოიწვიონ. ხალხს კი იმ ნჯო-ებს უწოდებენ, რომელთაც თავად აფინანსებენ. სხვა ხალხი მათთვის არ არსებობს. ქართველი ხალხი მათთვის მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა ჯგუფებია.
რას ნიშნავს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციელებისა და კიდევ 58 პირის დასანქცირება. რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს?
პირველი ნაბიჯი სახალხო მღელვარების გამოწვევა იქნება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. ხომ გახსოვთ, როგორ გაჰყვიროდნენ: ხმები მოგვპარეს, არჩევანი წაგვართვესო. მეორე მხრივ თუ შევხედავთ, ჩემი აზრით, იმ პირების მიმართ, ვინც კანონიერი ჩარჩოებიდან გავა, მკაცრი ზომები გატარდება.
ბოლო პერიოდში გამართულ აქციებზე ძალოვანმა სტრუქტურებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს. ყოველი უკანონო ნაბიჯი, პროტესტი, ხელისუფლების მხრიდან მკაცრად აღიკვეთება. ხელისუფლება ყველას, ვინც მიტინგებზე რადიკალიზმს გადააჭარბებს, დააპატიმრებს.
ასე რომ, არ მგონია, ქუჩაში გამოსვლებით, 2003 წლის მსგავსად, ხელისუფლების ჩამოშლა მოახერხონ.
დასავლეთი ფიქრობს, რომ საქართველო მისი მორჩილი უნდა იყოს. ზოგადად, როგორც რუსეთს ჰგონია, რომ 1801 წელს ხელგაშლილი ველოდებოდით, როდის შემოვიდოდა და ჩვენს სამეფო სისტემას გააუქმებდა, ასევე, სჯერათ ამერიკელებს, რომ რუსებისგან, შიმშილისგან გადაგვარჩინეს და თუკი ვარსებობთ, ეს მათი დამსახურებაა. ეს იმპერიული მიდგომაა.
ახლა, რაც შეეხება ყველაზე მთავარს, თუ დასავლეთი მეხუთე კოლონის, არეულობის მოწყობის მცდელობით შედეგს ვერ მიაღწევს, ყველაზე სახიფათო, რაც შეიძლება ამერიკამ მოგვაყენოს, ჩვენს საბანკო და ფულადსაკრედიტო სისტემაზე დარტყმის განხორციელება. მათ არ გაუჭირდებათ, საბანკო სისტემა ჩამოგვიშალონ და მისი ლიკვიდურობა შეამცირონ.
გამოსავალს რაში ხედავთ?
უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებაში ჭკვიანი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც რისკები გათვლილი აქვთ. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ყველაფერი გათვლილი აქვს. -ის მხრიდან საქართველოსთვის ასეთი დარტყმის მოყენება უმარტივესია.
ზოგი გაიძახის, აშშ-ში არჩევნებია და ჩვენთვის ვერ მოიცლიანო. ამის იმედზე ნუ ვიქნებით, რადგან ასეთი აქტიური მუქარა აშშ-იდან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. კრიტიკა ისმის სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, სახელმწიფო მდივნისგან, თვით პრეზიდენტისგან და პრეზიდენტობის კანდიდატ სგან. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ, რაც ახლა გითხარით, რეალობად იქცეს. ამას შეიძლება ევროპის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც მოჰყვეს. კი ბატონო, აქციებს ხელისუფლება აღკვეთავს, მაგრამ აშშ-ის მხრიდან საბანკო და ფულადსაკრედიტო სისტემაზე დარტყმა ქვეყანას გაანადგურებს.
თქვენ გამოსავალზე მკითხეთ – გამოსავალი ჩინეთია. ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ბოლო წლებში ჩინეთი ძალიან განვითარდა, გაძლიერდა, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა ეკონომიკით. პერსპექტივაში, ჩინეთს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ფაქტობრივად, ჩინეთი მსოფლიო საწარმოა, ყველაფერი იქ იწარმოება, რაც მისი ძირითადი შემოსავალია.
წარმოებული პროდუქციის 90% ზღვის და პორტების მეშვეობით გადის. აშშ-ს იაპონიის კუნძულებზე, რომლებიც ჩინეთთან ახლოს არის, ბაზები აქვს, ტაივანი მთლიანად ბაზაა, ასევე, ბაზები აქვს ფილიპინების, მალაიზიის კუნძულებზე. აშშ-ს თუ დასჭირდება, შეუძლია ზღვაზე გაკეთებული ეს რკალი მთლიანად ჩაკეტოს და ჩინეთი დაღუპოს. თვითონაც იზარალებს, მაგრამ ასე მოქცევის შესაძლებლობები აქვს.
აშშ-მ ფილიპინებზე ტაქტიკური იარაღი უკვე შეიტანა. ამის საწინააღმდეგოდ რა შეუძლია ჩინეთს, რომ მოიმოქმედოს, რა გამოსავალი აქვს? მისი პოლიტიკა _ ერთი მსოფლიო, ერთი სარტყელი, პირდაპირ საქართველოზე გადის. ანუ ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ზღვით ვაჭრობის ალტერნატივა, სახმელეთო გზის აღადგენა, გაძლიერებაა და მისი მეშვეობით პროდუქტების გატანა იგივე ევროპისა თუ სხვა მიმართულებით.
ეს გზა გაივლის ყირგიზეთზე, ყაზახეთზე, რომელთანაც ჩინეთს სტრატეგიული ურთიერთობა აქვს და ამ ქვეყნებზე ს გავლენებიც ამით დააბალანსა. თურქმენეთთან, აზერბაიჯანთანაც, საქმე მოგვარებული აქვს. ვრჩებით ჩვენ და აქაც ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს. მაშინ, როცა ჩინეთს ასეთი სასიცოცხლო ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, შეეცდება, საქართველოში ის გარემო შეინარჩუნოს, რომელიც მას თანამშრომლობის და ამ გზის გაჭრის საშუალებას მისცემს.
ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ის უკვე ტენდერში გამარჯვებულია. ახლა შევხედოთ, რატომ ხორციელდება აშშ-იდან საქართველოზე ზეწოლა?! სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა, კრიტიკა დემოკრატიის უკუსვლაზე, ეს ყველაფერი მხოლოდ ფონია. მთავარი სხვა რამეა: როგორც კი საქართველო ჩინეთს ანაკლიის პორტში შემოუშვებს და ეს უკანასკნელი ამ ხაზს გააძლიერებს, ჩათვალეთ, რომ დახარჯული ასეულობით მილიარდი, რაც აშშ-მა სამხედრო ბაზების მშენებლობისთვის გაიღო, ეს რკალი ზღვაზე, უფასურდება. ჩინეთი ახალ სახმელეთო გზას აკეთებს და მისთვის ზღვით ვაჭრობის შემცირება პრობლემა აღარ იქნება.
ჩინეთი აშშ-სა და ევროპაში უამრავი პორტის მესაკუთრე, ასევე, უმრავლესობის მოწილეა. ამერიკას და ევროპას არასდროს აუტეხავთ ერთი ამბავი, ჩინელ ინვესტორს ამერიკის, ევროპის პორტებში ვერ შევუშვებთო. ანაკლიის პორტზე კი ხედავთ, რაც ხდება. რატომ? – ვიმეორებ, როგორც კი ჩინეთი ამ ხაზს გაჭრის, ჩათვალეთ, რომ სამხედრო ბაზებზე დახარჯული ასეული მილიარდი, ქარწყლდება. ჩინეთი ალტერნატიულ გზას აკეთებს და ამიტომაც უნდა აშშ-ს, რომ საქართველო ხელიდან არ გაუშვას და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ მიუშვას.
საქართველო და ივანიშვილი ევროპას, დასავლეთს არ ემორჩილებიან. ამიტომ ისინი ჩვენს დამონებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ. ჩინეთის ინტერესიც არის, რომ ანაკლიის პორტში სხვა დასავლური იმპერიული ძალები არ შემოვიდნენ. ჩვენ ბალანსი უნდა დავიცვათ და საკუთარი ინტერესებით ვიმოქმედოთ.
ამიტომ, ვფიქრობ, შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლება ჩინეთთან მოლაპარაკებულია, რათა აშშ-იდან დარტყმის შემთხვევაში, დაგვეხმაროს. ჩინეთისთვის ეს რთული გასაკეთებელი არ იქნება. რამდენიმე ათეული მილიარდი საკმარისია, რომ საბანკო სისტემაზე, ლარზე განხორციელებული ეკონომიკური დარტყმა გადავიტანოთ.
თავს ვერ დავდებ, მაგრამ ლოგიკურად, მსგავსი მოლაპარაკება საქართველო-ჩინეთს შორის, წესით, უნდა არსებობდეს. თუ ასე არ არის, მაშინ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ. ერთსაც დავამატებ: ბევრი მეუბნება, რომ აქ შემოსვლის შემთხვევაში ჩინელები წაგვლეკავენ, საქართველო ჩინეთი გახდებაო. როცა ინვესტორი შემოდის, მას თავისი მუშახელი მოჰყავს და მთლიანად მას ასაქმებს. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ჩინელი იქნება თუ სხვა, უნდა დაწესდეს ლიმიტი _ თავისი მოქალაქის 10%-ზე მეტის სამუშაოდ ჩამოყვანა, უნდა აიკრძალოს.
უცხოელ ინვესტორს კვალიფიციური სპეციალისტი თუ დასჭირდება, ადგილობრივების პროფესიული მომზადება და გადამზადება უნდა დააფინანსოს და ისინი დაასაქმოს.
რა საფრთხის შემცველია ივანიშვილის დასანქცირება?
საფრთხის შემცველი ნამდვილად არის, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესების მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. მათ სანქციები მტკიცებულებით უნდა დაასაბუთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა ქვეყნის მხრიდან ასეთი საქციელი, რბილად რომ ვთქვა, არასერიოზულია. ასე გამოვა, რომ ამერიკა პატარა საქართველოში იაფფასიან პიარს აწარმოებს. გვეუბნებიან: რასაც ვიტყვით, უნდა დაგვიჯეროთ, მტკიცებულებას ნუ მოგვთხოვთო. ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკში დიდი თანხა დაუყადაღეს და რა, მერე?! ახლა რა უნდა დაუყადაღონ?! არ მგონია, ამერიკაში რამე მნიშვნელოვანი ჰქონდეს ივანიშვილს დასაყადაღებელი. პიროვნულ სანქციებს შედეგი არ აქვს. ვიმეორებ, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება ეკონომიკური სანქციები, საბანკო სისტემის და ვალუტის ჩამოშლის ბერკეტი, რაც მათ გააჩნიათ.
თქვენ ახსენეთ, რომ ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩინეთს შეუძლია დაგვეხმაროს. რუსეთის როლზე რას იტყვით?
დიახ, გამოსავალი ერთია, ძლიერ პარტნიორთან ერთად ყოფნა, ვინც ფინანსურად იმ დარტყმების გადატანაში დაგეხმარება, რაც დასავლეთიდან შეიძლება წამოვიდეს. ეს არის ჩინეთი. ამ კონტექსტში რუსეთის თემას ვერ განვიხილავთ და გეტყვით, რატომ?
რუსეთს ერთი რამ ნამდვილად შეუძლია: თუ დაინახავს, რომ საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდება ძალისმიერი მეთოდით ხდება, ის გორის გზას გადაგვიკეტავს და საქართველოს ორად გახლეჩს, შეფარულ ოკუპაციას განახორციელებს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასავლეთი უხეშად მოიქცევა. თუმცა, დასავლეთი უხეშად არ იქცევა, ყოველთვის უკან იხევს, რადგან აანალიზებს, რომ რუსის ტანკები აქედან რამდენიმე კილომეტრში დგას.”- ამბობს ლევან მამალაძე “საერთო გაზეთი”-ს ჟურნალისტ თამარ შველიძისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების ფარული მხარეა