მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამსტერდამი (ნიდერლანდები) განიხილავს შეშის ბუხრების აკრძალვის შესაძლებლობას.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამსტერდამის ჰაერში ჭვარტლის 20% ხის წვაზე მოდის. ეს ბუხრებს დაბინძურების სიდიდით მეორე წყაროდ აქცევს, სამრეწველო ქარხნების შემდეგ.
ნიდერლანდებში დაახლოებით მილიონი მოქმედი ბუხარია; ამსტერდამის მაცხოვრებლების 40%-ზე მეტი ანთებს ბუხარს წელიწადში ერთხელ მაინც.
ამსტერდამის მერიის ინფორმაციით, შეშის დაწვა ორ საათში იმდენ მავნე ნაწილაკს გამოყოფს, რამდენიც მანქანა, რომელიც ნიდერლანდების დედაქალაქიდან მილანში მიდის. ამ ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების დაავადება და და სასუნთქი გზების ისეთი სერიოზული და საშიში პათოლოგია, როგორიცაა, ასთმა.
მერია ახალ რეგულაციას მოსახლეობასთან ათანხმებს. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები: ფილტრების დაყენება, სუბსიდიების გაცემა ბუხრების დემონტაჟისთვის, ახალი ბუხრების დაყენების აკრძალვა 2027 წლიდან, ბუხრების დანთების დაშვება მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში.
სხვათა შორის, შეშის ღუმელებისა და ბუხრების ძველი მოდელების აკრძალვას აპირებენ კოპენჰაგენსა და ორჰუსშიც (დანია). დანიის გარემოს დაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ ასეთი ღუმელების კვამლი და მასში შემავალი ნაწილაკები შეიძლება გახდეს ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის და თავის ტვინის დაავადებების განვითარების მიზეზი.
კვლევით დგინდება, რომ დანიაში შეშის ღუმელებიდან ნაწილაკების გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე საგზაო მოძრაობა.
აკრძალვა შეეხება ისეთ ღუმელებს, რომლებიც 2008 წლის ივნისამდე იყო დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც არის ცენტრალიზებული სითბოს მიწოდება. წინასწარი შეფასებით, ორჰუსში 6 ათასი ასეთი ღუმელია, კოპენჰაგენში კი 3,2 ათასი. მათ მფლობელებს საშუალება ექნებათ დატოვონ ისინი სახლში დეკორაციის სახით ან შეიძინონ უფრო თანამედროვე მოდელი.
მსგავს პრობლემის გადაწყვეტას პოლონეთი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს. ამ ქვეყნის მთავრობა გეგმავს მთლიანად გათავისუფლდეს ღუმელებით მიღებული სმოგისგან, ანუ დაკვამლიანებისგან, 2028 წლისთვის. უპირველეს ყოვლისა, ცვლილებები შეეხება სახლის გათბობის სისტემას, რაც პოლონეთის ქალაქებში სმოგის 50% წყაროა. ამჟამად, 50 ევროპული ქალაქიდან 33, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სმოგით, პოლონეთშია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი ადამიანი იღუპება პოლონეთში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მთლიანობაში ევროკავშირში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრანსპორტია. ამიტომ, სუფთა ჰაერისთვის ბრძოლა დაკავშირებულია ისეთ ღონისძიებებთან, როგორიცაა ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარება.