ქართულ ჩაის ადგილობრივი ბაზრის მეოთხედი უკავია – ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის ინფორმაციით, ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს მას ბაზრის 25% უკავია. ამის შესახებ სვანიძემ დღეს მთაწმინდაზე გამართულ ჩაის ფესტივალზე განაცხადა.
„ქართული ჩაი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია; ხარისხით არცერთ უცხოურ ჩაის არ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში, სჯობს კიდეც. ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა ამ მიმართულებით უდავოა; რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა დარგის განვითარებას“, – განაცხადა თენგიზ სვანიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, ქართული ჩაის პლანტაციებისნ რეაბლიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაციაა უკვე რეაბილიტირებული; მისივე თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანა ექსპორტის წახალისება და ახალი ბაზრების მოძიებაა.
ჩაის ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას ქართული ჩაის და თაფლის 20-მდე მწარმოებელი იღებდა.