,, გაიძახიან, “რატომ მალავს დიადი სომეხი ერისადმი კუთვნილებასო”! – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,, როგორ მიყვარს კი იცით… უკომპრომისოდ კრიტიკული და დაუნდობელია ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ.
90-იან წლებში მოულოდნელად გამდიდრებული ნებისმიერი კაცის (ბიძინას, მამუკას, ვანო ჩხს) “გასაშავებლად” ასობით ობიექტური, სერიოზული არგუმენტი არსებობს. ახალი გარემოებების გამოგონება და დაბრალება საერთოდ არ არის საჭირო.
თუმცა, ჩვენი ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული მანქანა ყველა ზღვარს გადადის, ყველაფერს კადრულობს.
მათი იდეოლოგიური ინსტრუქტორების ნაწილი ისეთი ავადმყოფია, რომ ყველაზე ბნელი კუთხეების გამოქექვასაც არ ერიდება. ამ ავადმყოფებს ჰგონიათ, რომ ქართველი ამომრჩეველი დუჟმორეული; ცხოველური, გვაროვნულ-ტომობრივი ინსტიქტებით მოქმედი, ქვის ხანაში ჩარჩენილი ბრბოა.
ეს ავადმყოფები არ ერიდებიან ჩვენი საზოგადოების უმცირეს ნაწილში შემორჩენილი, სიკვდილის პირას მყოფი, დაძაბუნებული არმენოფობიის გაცოცხლებას, თავიანთი პირადი მიზნებისთვის ამ ამაზრზენი მოვლენისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას.
ამ ბოროტმოქმედებს ჰგონიათ, რომ რომელიმე პოლიტიკოსის ნაციონალური კუთვნილების გარჩევა მათი საქმეა… თან ეს სისაძაგლე შეფუთული აქვთ აღვირახსნილი, უყალბესი ფარისევლობით და გაიძახიან, “რატომ მალავს დიადი სომეხი ერისადმი კუთვნილებასო”! თითქოს მართლა დიად ერად მიაჩნდეთ ჩვენი სწორუპოვარი, უძველესი სომხები.
ვაიმარის რესპუბლიკაში ასეთი უწყინარი “ბრალდებებით” იწყებოდა ნაცისტური ჭირის გავრცელება…
საჯარო პირის ან მისი წინაპრის ეროვნული კუთვნილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ამ თემის წინასაარჩევნო მანიპულაციის საგნად ქცევა არის აქოთებული, გახრწნილი ლეშის სახლში შემოთრევის ტოლფასი უზნეობა. შემაძრწუნებელია, რომ ლეშს ახალგაზრდა ქალ ჟურნალისტს ათრევინებენ და უშხამავენ პროფესიული ღირსების შეგრძნებას…
გეხვეწებით, გემუდარებით, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა გქონდეთ, არ დატოვოთ კრიტიკის გარეშე ასეთი სიბინძურეები, ნუ მისცემთ უფლებას ვიღაცებს, რომ აამტუტონ ყველაფერი და წელს ქვევით დარტყმები, უწმინდურობით ჩვენი სახლის კედლების მოთხვრა ნორმად აქციონ.”

ასევე დაგაინტერესებთ