უნგრეთის შემდეგ ახლა უკვე ნიდერლანდებიც. “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც საქართველოსთვის საფრთხის შემცველი პოზიციაა დაფიქსირებული. ევროპული ქვეყნის პრემიერმინისტრი პირდაპირ წერს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მსურველ საქართველოს მოთხოვნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. ეს დოკუმენტი უკვე ბრიუსელშია გადაგზავნილი და ვიქტორ ორბანის ხისტ პოზიციასთან ერთად შესაძლოა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მთვარი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდეს.
“ქართული ოცნება” კი გრანდიოზული საგარეო პოლიტიკური ჩავარდნის საფრთხის წინაშე მდგომარეობის გადარჩენას ცდილობს. მმართველი პარტიის დელეგაცია პირადად თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში გაფრინდა. ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი და სავარაუდოდ გამგზავრების გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ სწორედ პრემიერ ორბანის და მისი კაბინეტის პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების შემდეგ მიიღო.