შუქრუთი – სოფელი უფსკრულის პირას

83 წლის ომარ გაფრინდაშვილი სოფელ შუქრუთში, საკუთარ ეზოში გაჩენილ ნაპრალს გვაჩვენებს, რომლის ზომაც თვალსა და ხელს შუა იზრდება.
„ეს ამხელა კლდე, ამხელა ადგილი მოწყდა და მიდის უკვე. მე ვცხოვრობ აქ და ჩემნაირები კიდევ… სად წავიდე მამაპაპეული ადგილიდან? 83 წელი ვიცხოვრე აქ! ამ ზამთარში ეს არ გაჩერდება, წამოვა უკვე”, – ამბობს გაფრინდაშვილი.
სახლებზე ახალი ბზარების, მიწაზე კი ახალი ნაპრალების გაჩენას ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირებენ.
„ჯორჯიან მანგანეზს” ჭიათურის რაიონში მანგანუმის მოპოვებაზე ლიცენზია 2046 წლამდე აქვს მოპოვებული. 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმით კომპანიამ ადგილობრივებისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აიღო, თუმცა ამან პრობლემა ვერ მოაგვარა. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტი ზიანის ნაწილ-ნაწილ დაფარვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ადგილობრივების უმეტესობას ამ დრომდე არავითარი კომპენსაცია არ აუღია. არ ჩატარებულა საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაც, ანუ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა დღეს შუქრუთში ცხოვრება.
ერთი თვის წინ პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გადაინაცვლა.
„29 ადამიანი ჩემს მახსოვრობაში არის მაღაროში დაღუპული, ეს 29 არის შუქრუთელი. დანარჩენი სოფლებიდანაც ვინც მუშაობდნენ, მაღაროში დაწყდნენ.
შიმშილობს ხალხი, სოფლიდან წევლენ წვიმასა და სიცივეში, ახლა გაყარეთო მილიციას ეუბნებიან… მეტი ვიღას უნდა ვუთხრა, მე აზრზე არა ვარ… მსოფლიომ გაიგო, ჩვენ რა დღეში ვართ. თვითონ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს.
მთავრობა გვყავს აბსოლუტურად პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს. ამას რომ იტყვი და უარესს გაგიკეთებენ”, – ამბობს ომარ გაფრინდაშვილი.
სოფელი შუქრუთი, ჭიათურიდან 6 კილომეტრში, მდინარე ყვირილას ნაპირზეა გაშენებული. 2014 წლის აღწერის მიხედვით, აქ 600-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელში მეგზურობა ადგილობრივმა მცხოვრებმა მალხაზ ლაბაძემ გაგვიწია. ლაბაძე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის სახლს გვაჩვენებს. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ აქ ცხოვრება საშიშია.
„დაშლილია ფაქტობრივად საცხოვრებლად გამოუყენებელია ყველაფერი. რომ შეხვიდე, თავზე დაგემხობა სახლი. განადგურებულია.
სოფელი შუქრუთი არის უფსკრულზე, რაღაც უფსკრულზე, ცაში „ვდგივართ“ რა… არაფერი აკავებს ძირიდან… მაღაროში ვმუშაობდი მე და ფარანს რომ ავანათებდით, შუქი არ სწვდებოდა ზემოთ.
ტერასებად არის წამოსული, გახეთქილია მიწა. დაახლოებით ორი წლის წინ მაღარომ რომ გაიარა ქვეშ, მაშინ გაჩნდა ეს ბზარები. მას შემდეგ გაუარესებულია მდგომარეობა. შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. როგორც ითხვისში მოხდა ტრაგედია, არ გვინდა, რომ ცოცხლები დავიმარხოთ”, – ამბობს მალხაზ ლაბაძე.
„ძალიან გვეშინია. დაგვიდონ დასკვნა, გვითხრან, რომ არ ჩავინგრევით, საშიშროება არ გვექნება და ვიცხოვრებთ ჩვენს სახლებში, ხომ შეიძლება?
ყველაზე მაღალი ზონაა შუქრუთი, პერევისა, ითხვისი – ამ სოფლებიდან არცერთს აღარ აქვს მაღალმთიანის სტატუსი. ხომ შეიძლება ასე გაუბედურებული და გაუკანასკნელებული არ ვიყოთ სულ?! რამდენი გაწვიმდება, იმდენი ვდგავართ ფანჯრებთან… ვაიმე რა ვქნათ? ხომ არ ჩავვარდებით? ხომ არაფერი დაგვემართება? ვატარებთ ასე მთელ ღამეებს, როცა თოვს და როცა წვიმს. პატრონი და მომკითხავი არ გვყავს არავინ”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მანანა პაპიძე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ჭიათურაში სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 8000-ს, ხოლო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2500-ს აღწევდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო წლების განმავლობაში ჭიათურაში წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება გაიზარდა, რის გამოც მანგანუმისა და სხვა მძიმე ლითონების ტოქსიკური მტვერი მთელს რეგიონში ვრცელდება და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თვალით ხილულია ყვირილას დაბინძურება, უკვე მრავალი წელია, ჭიათურაში შავი მდინარე მიედინება.
„ჭიათურა განსაკუთრებით პრობლემური ადგილია იმიტომ, რომ წიაღს მოპოვება მიმდინარეობს პირდაპირ დასახლებებში, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან და ნაკვეთებში არის წყლის, ჰაერის, ნიადაგის დაბინძურება – ყველაფერი. ჩნდება და აქტიურდება სახიფათო პროცესები, მეწყრული პროცესები, რომლებიც კიდევ უფრო დიდ საფრთხეში აგდებს მოსახლეობასა და იმ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხდის დაუსახლებელსა და სიცოცხლისთვის საშიშს.
სამწუხაროდ, ის სურათი, რაც გვაქვს ახლა ჭიათურასა და ამ სოფლების ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საბჭოთა და საბჭოთას წინა პერიოდიდან იწყება, ამიტომ, ძალიან მარტივია ხელის გაშვერა, რომ ძველი საბადოა, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობ და არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, უნდა არსებობდეს გაჩერების წერტილი, საიდანაც თავიდან დაიწყება ათვლა, რა ზემოქმედება იყო ადრე და როგორ უნდა განვახორციელოთ სამუშაოები ახლა.
სამუშაოების განხორციელების საფუძველი არ შეიძლება იყოს მარტო ეკონომიკური მოგება, უნდა ვიფიქროთ რეგიონის განვითარებაზეც, რომელიც ფაქტობრივად ჩერდება და ისპობა ათწლეულების და შეიძლება საუკუნის განმავლობაშიც. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა გვინდა – გვინდა, რომ ეს რეგიონი გაჩერდეს, თუ გავაგრძელოთ ისე, რომ რაღაც წესები დავიცვათ?”- ამბობს კახა ბახტაძე.
როგორც შუქრუთელები ჰყვებიან, საბადოების მუშაობამ სოფელში რამდენიმე ჭაც დააშრო. სასმელ წყალს ახლა ერთადერთი დარჩენილი წყაროდან ეზიდებიან. წყაროსკენ საცალფეხო ბილიკი ეშვება, ძველი, უკეთესი გზა დამეწყრილია. სოფელში წყალგაყვანილობა კი არსებობს, მაგრამ წყალი, რომელიც მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება, სასმელად უვარგისია.
„მარგანეცით არის სავსე, შავი დანალექი რაღაც მოჰყვება, სამ დღეში ერთხელ მოდის წყალი. აი, ასე გვაქვს ბაკები. ყოველთვიურად თუ არ ამოიღე იქიდან შავი შლამები, შეუძლებელია დაბანა, საჭმელში ხომ გამორიცხულია გამოიყენო. სასმელი წყალი ჭაში აღარ არის. მანქანა მყავს, ჩავდივარ ჭიათურაში და იქიდან მომაქვს”, – გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
წელს სექტემბერში სწავლა არ განახლებულა შუქრუთის საჯარო სკოლაში, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შენობა საფრთხის შემცველია.
„ითხოვენ შეფასებას არსებული მდგომარეობის და დარწმუნებას, რომ თუ იქ იცხოვრებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. და თუ ასე არ იქნება, ანუ არ იქნება უსაფრთხო, მაშინ ითხოვენ განსახლებას. იმგვარ კომპენსაციას, რაც მათ სხვაგან სახლის აგებისა და დასახლების შესაძლებლობას მისცემდა. ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად სოფელზე, ერთიან თემსა და მის კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე – წყალზე, სასაფლაოზე, ეკლესიაზე, სკოლაზე, რომელიც ზიანდება კომპანიის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად და „ჯორჯიან მანგანეზზე” საერთოდ არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს, რომ ეს ზიანი მათ შორის არამატერიალური აანაზღაუროს და როგორ აპირებს, რომ ამ ხალხს შეუქმნას საცხოვრებელი პირობები”, – ამბობს სალომე შუბლაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.
სოფელთან ახლოს კოროხნანის გაჩერებულ მაღაროსთან კარვებია გაშლილი. ადგილობრივები სამართლიანობის აღდგენას აქ უკვე მე-7 თვეა ითხოვენ.
„ვიყავი მე თბილისშიც და ბიჭების მდგომარეობა რომ ვნახე, ძლივს მიმიყვანეს ავტობუსამდე, ძალიან ცუდად შევიქმენი. შეიძლება, აი, ამ საუბრის დროს უცებ ჩავარდეს მთლიანი მოსახლეობა და დაიმარხოს ისე, რომ გარეთ გამოსვლას ვერ მოასწრებს ვერავინ. არავინ მთავრობიდან ჩვენთან არ მოსულა. ტყუილით მაინც მოსულიყვნენ, მოვეტყუებინეთ, პატარა იმედის ნაპერწკალი გაეჩინათ. ისეთი გულგატეხილები ვართ, რომ რა ვიცი”, – ამბობს პროტესტის მონაწილე გოჩა კუპატაძე.
„შვიდი თვეა კაკალი კაცი, პატრონი არ გვკითხულობს, ამიტომ, გადაწყვიტეს ჩვენმა ბიჭებმა, რომ გადაენაცვლებინათ თბილისში, შიმშილით წყდებიან და იქაც კაკალი კაცი ყურადღებას არ აქცევს, ამისთანა უპატრონო ქვეყანაში თუ ვცხოვრობდით, არ გვეგონა. კანონი და სამართალი თუ სადმე არსებობს, აი, ამ ქალის შვილია, ვინც შიმშილობს იქ, პირაკერილი, გული ხომ მეწვის? მეც ხომ დედა ვარ? ორჯერ ვიყავი თბილისში და იმათი საცოდაობით ლოგინში დაწოლა აღარ მინდოდა. ნუთუ, არ შეიძლება, რომ ეს ბავშვები არ შეეწირონ ამ საქმეს, ან ჰო გვითხრან ან არა!” – ამბობს აქციის კიდევ ერთმა მონაწილე, ია დევიძე.
აქცია გრძელდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც მოშიმშილეებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს. ჯერჯერობით უშედეგოდ.
„რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს ესმის, რომ რამდენიმე ათეული ათასი ლარი აქვს ვიღაცას აღებული, უნდობლობით განეწყობა, მაგრამ თუ უფრო ღრმად შევხედავთ, დავინახავთ, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც კომპანია ინდივიდუალური ჩარიცხვის გზით ასეულობით ოჯახთან დაკავშირებულ საკითხს საერთოდ დელეგიტიმაციას უკეთებს. როგორც კომპანია ამბობს, 7 ოჯახს აქვს აღებული შედარებით მსხვილი თანხა, მაგრამ, თუნდაც, ასე იყოს, ვიცით, რომ შუქრუთში სულ მცირე, რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს და კომპანიისავე განცხადებებს რომ მივყვეთ, ნაწილს აქედან არ აქვს მიღებული არაფერი. კომპანია თავს აძლევს უფლებას, რომ მოსახლეობა, ვისაც სახლები დაუზიანდა, ჰყავდეს რიგში და როდესაც კომპანია გადაწყვეტს, რომ მათ რიგი მოვიდა, მაშინ გადაუხდის კომპენსაციას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ეთიკურად და მორალურად და მეორე მხრივ, ეს არის კანონდარღვევა. რას ნიშნავს რიგში არიან? ადამიანს, რომელსაც სახლი დაუზიანდა, აქვს უფლება, მიიღოს დროული და სათანადო, სამართლიანი კომპენსაცია”, – ამბობს სალომე შუბლაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.
„ჯორჯიან მანგანეზმა” ათეულობით შუქრუთელისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. მაღაროს მუშაობის შეფერხების გამო კომპანია მათგან მილიონობით ლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს” წერილობით მივმართეთ, მაგრამ ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.
წყარო “ევრონიუს ჯორჯია”