აპარტამენტების ასაშენებლად რუსეთი ფულს აფხაზ ჩინოვიკებს მისცემს – აფხაზური პორტალი

ტელეგრამ არხის “Абхазский Портал-ის” ინფორმაციით, რუსულმა ბანკებმა აფხაზი მეწარმეებისთვის 2022-2025 წლების შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამაზე განაცხადები დაამტკიცეს. არხის ინფორმაციით, მეწარმეებს შორის “რატომღაც აღმოჩნდნენ აფხაზი ჩინოვნიკები და პარლამენტის წევრები, რომლებსაც კანონით ეკრძალებათ თავიანთი საქმიანობის ბიზნესსაქმიანობასთან შეთავსება”.
ტელეგრამ არხი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეღავათიანი კრედიტები გამოიყოფა შემდეგი საქმიანობებისთვის:
“1,2 მილიარდი რუბლი სოხუმში აპარტამენტების ასაშენებლად დეპუტატ ტიმურ ბეის, ალხას ბარციცისა და იუსტიციის მინისტრის ანრი ბარციცისთვის;
600 მილიონი რუბლი ქალაქ გუდაუთაში ლუდსახარშის ასაშენებლად და 500 მილიონი სასტუმროსთვის ახალ ათონში პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს, ეკონომიკის მინისტრს კრისტინა ოზგანს და მოადგილეს ასლან ლაკობას;
1,1 მილიარდი რუბლი სოხუმში აპარტამენტების ასაშენებლად ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუმბას;
1,2 მლრდ აპარტამენტების ასაშენებლად გალის რაიონის გამგეობის უფროსს, კონსტანტინე პილიას და ასლან ბჟანიას სიძეს, ომარ ავიძბას;
500 მილიონი დეპუტატ ალისა გულარიას გაგრის რაიონში სასტუმროს ასაშენებლად”.
ტელეგრამ არხის ინფორმაციით, სესხის მიმღებთა შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც 2015 წლის პროგრამით სესხები არ დაფარეს. არხის ცნობით, “როგორც ჩანს, აქ გამოყენებული იქნება “პირამიდა” – დაფარვის სქემა ახალი სესხის აღებით.
შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად 2015 წელს შეიქმნა.
“ასლან ბჟანია შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას ლოიალური თანამდებობის პირებისა და დეპუტატების მოსყიდვის მიზნით იყენებს” ,- წერს ტელეგრამ არხი.
წყარო: ნეტგაზეთი