ბათუმის მერია ახალი მიკროავტობუსებისთვის ავტომატური საკეტების ყიდვას აპირებს

ბათუმის მერიის შპს „ს ავტოტრანსპორტი“ ახალ მიკროავტობუსებზე კარების საკეტების შეცვლას გეგმავს. უფრო ზუსტად, მიკროავტობუსის კარზე, რომელიც მექანიკურად იღება და იკეტება, ავტომატურ ელექტრონულ საკეტს დაამონტაჟებენ.
რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან საკეტების მონტაჟზე ჯერ უცნობია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსის კარის ავტომატური საკეტი მექანიზმის მონტაჟის ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.
ტექნიკური დავალების მიხედვით: „მგზავრის შესასვლელი კარის ავტომატური საკეტი მექანიზმი წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც მონტაჟდება უშუალოდ მიკროავტობუსის კარზე და უზრუნველყოფს კარის ავტომატურ გაღება-დაკეტვის პროცესს. მოწყობილობის მართვა ხდება მხოლოდ მძღოლის მიერ ღილაკის მეშვეობით. მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, მექანიზმის ძრავები დაფარული უნდა იყოს ლითონის ფირფიტით.“
დაინტერესებულმა პირებმა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ თავიანთი წინადადებები – შესასყიდი მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესახებ, 2024 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსების ტექმომსახურეობის ფასის დასადგენადაც იკვლევს ბაზარს.
100 ახალი მიკროავტობუსის [კატეგორია: M2, ბრენდი: FORD, მოდელი: Transit 460E, გამოშვების წელი: 2024] შესასყიდად ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კარის ავტომატური საკეტი კი, ტენდერში თავიდან არ იყო მოთხოვნილი [შესაბამისად, მისი ფასი ამ თანხაში არ შედის].
მიკროავტობუსები ბათუმში 2024 წლის ივლისში შემოიტანეს და წინასაარჩევნოდ ახალ ხაზებზე სექტემბრიდან დანიშნეს.
გარდა იმისა, რომ მუნიციპალური ავტობუსების კარები მექანიკურად იღება და იკეტება, არცერთი ეს მიკროავტობუსი არ არის ადაპტირებული შშმ პირებზე:
ახალი მიკროავტობუსები ბათუმში უკვე არსებულ მუნიციპალურ სამარშრუტო ხაზებზე არ დაუნიშნიათ. მათი ნაწილი ბათუმის ტერიტორიაზე რამდენიმე ახალ ხაზზე მოძრაობს, უმეტესობა კი – ბათუმისა და ხელვაჩაურის სოფლების დამაკავშირებელ ახალ ხაზებზე.
აღსანიშნავია, რომ არსებულ, ანუ „ძველ“ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიას/ნებართვას ბათუმის მერია კონკურსის წესით გასცემს, სადაც ბოლო წლებში თითქმის ერთი და იგივე კერძო კომპანიები იმარჯვებენ.
ბოლო აუქციონის პირობის მიხედვით ბათუმში ყოველდღიურად ჯამში 250 მიკროავტობუსი უნდა მოძრაობდეს „ძველ“ ხაზებზე, თუმცა მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და თითქმის არცერთ ხაზზე არ არის დაცული ინტერვალი მიკროავტობუსებს შორის.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს ხაზებზე ყოველდღიურად დაახლოებით 150-მდე მიკროავტობუსი თუ მოძრაობს, ლიცენზიას კი ვადა პირველ დეკემბრამდე აქვს. შესაბამისად, ახალი კონკურსია გამოსაცხადებელი, რომელიც დეკემბრამდე დასრულებული უნდა იყოს.
მერიაში ამბობენ, რომ კონკურსის პირობებზე მუშაობენ, თუმცა, მოსალოდნელია „ძველი“ სამარშრუტო ხაზების შემცირება, რასაც საკრებულოს დადგენილება სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ „ძველ“ ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების კარები ავტომატურ საკეტებზეა, მერიაში ამბობენ რომ ეს მათი მოთხოვნა არ ყოფილა. იქნება თუ არა ახალ საკონკურსო პირობებში ავტომატური საკეტის ვალდებულება – ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს.
რაც შეეხება ბათუმის ტერიტორიაზე მოძრავ ახალ მიკროავტობუსებს, მათი სამარშრუტო ხაზები ჯერ საკრებულოს დამტკიცებული არ აქვს. მერიაში ამბობენ რომ ეს საცდელი ხაზებია და დასამტკიცებლად საკრებულოს ცოტა მოგვიანებით წარუდგენენ.
„რაც შეეხება ხელვაჩაურის სოფლებში მოძრავ მიკროავტობუსებს, ხელშეკრულება ხელვაჩაურის მერიასთან არის გაფორმებული“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
წყარო: ბათუმელები