“ჩვენთან, მეღვინეობაში, ორი სამყარო არსებობს – პოსტსაბჭოთა ქვეყნები და დასავლეთი” – შალვა ხეცურიანი

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, მსოფლიოს მასშტაბით უკვე აქვს მოპოვებული აღიარება, თუმცა აუცილებელია, ღვინის რუკაზე ჩვენი პროდუქტითაც აღმოგვაჩინონ – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში “საქართველოს სომელიეთა ასოციაციის” პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანი საუბრობს.
ხეცურიანის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ ღვინის ეროვნული სააგენტოს მაშინდელი თავმჯდომარის იდეას, საქართველოში ღვინის დაბადების დასადასტურებლად კვლევა ჩატარებულიყო, სასურველი შედეგი გამოიღო.
“რასაც ჩვენ ვფლობთ, ეს არის ძალიან კარგი პოზიციონირება, როგორც ღვინის სამშობლოდ, რაც ფაქტობრივად ერთი ადამიანის იდეის გარშემო გაერთიანებული ჯგუფის პროდუქტია. ეს იყო ღვინის სააგენტოს მაშინდელი თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი, რომლის თავშიც გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა კვლევა, რომელიც მართლაც მეცნიერულად დაადასტურებდა, რომ სწორედ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი პირველი მატერიალური კვალი იმისა, რომ აქ დაიბადა პირველი ღვინო. ამას რამდენიმე წელი დასჭირდა, ჩართული იყო უამრავი მხარე და შედეგი ის იყო, რომ ბორდოში, ღვინის ყველაზე დიდ მუზეუმში, შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფრანგებმა აღიარეს, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო”, – აღნიშნავს სომალიე.