ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა

კარი აქ არის და კარი ღიაა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის “ქართული ოცნების” მიმართულებით გადატანას – ჩვენ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების შემდეგ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მკაფიოა გერმანიის ბუნდესტაგის გზავნილი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონითა და უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობით საქართველო ვერც ევროკავშირის წევრი გახდება და არც გაწევრიანების პროცესი განახლდება.
„ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პატივისცემის ნიშნად, რომელსაც ცალსახად სურს, იყოს ევროკავშირის წევრი და რომელიც ცალსახად მიჰყვება ამ გზას, მაგრამ ასევე ველოდით საქართველოს ხელისუფლებისგან, გადაედგა შემდგომი ნაბიჯები იმისკენ, რომ შესძლებოდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ საქართველო სხვა მიმართულებით მიდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით. რეზოლუციის მთავარი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ იქნება ევროკავშირის წევრობა და არ იქნება წევრობის შემდგომი პროცესი ევროკავშირში ანტი – არასამთავრობო ანუ უცხოური გავლენის რუსული კანონით და ასევე ლგბტქ+ საწინააღმდეგო კანონმდებლობის არსებობით. ეს ორივე იმდენად ცხადად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, რომ ვერ იქნება შემდგომი გაწევრიანება ამ კანონმდებლობით. ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით უნდა წავიდეს – უნდა წავიდეს ევროკავშირის გახსნილი კარისკენ თუ სხვა მიმართულებით, ამჟამად აღებული კურსით, და ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე უნდა იქნას მიღებულ,“ – განაცხადა რობინ ვაგენერმა.
მისი განმარტებით, ევროკავშირი არ არის ეკონომიკური კლუბი, არამედ არის ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება და ევროკავშირის წევრობის მოსურნე საქართველოსთვის ამაზე ყურადღების გამახვილე, ქვეყნის საშინაო პროცესებში ჩარევა არ არის.
„კარი აქ არის და კარი ღიაა, მაგრამ ეს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ არ გაიაროს ამ კარში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას. ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ კარი იქ არის, სადაც არის ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოების ერთობა, რომელიც ცხოვრობს ლიბერალურ დემოკრატიაში, უმცირესობების დაცვითა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების იდეით. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რასაც ეს კავშირი ეფუძნება და თუ საქართველოს ხელისუფლება წყვეტს, არ შეასრულოს ეს მოთხოვნები, გამოდის, რომ სწორედ საქართველოს გადაწყვეტილებაა, არ გაიაროს ამ კარში. ჩვენ ამ კარს არ გადავიტანთ, ჩვენ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა. კარი ღიაა და საქართველოს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ გაიაროს ამ კარში, მაგრამ ეს საქართველოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება უნდა იყოს და ვფიქრობ, ამის ადგილი არჩევნებზე იქნება.
ევროკავშირისთვის, რომელიც არ არის მხოლოდ ეკონომიკური კლუბი, არამედ არის ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ლიბერალური დემოკრატიის, უმცირესობების დაცვისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთგულებით, ჩვენთვის ცხადია, რომ ნებისმიერმა, ვისაც სურს გახდეს ამ საზოგადოების წევრი, უნდა შეასრულოს კონკრეტული მოთხოვნები და სწორედ ეს ავსახეთ რეზოლუციაშიც. შესაბამისად, ეს არა ჩარევა, არამედ იმის აღნიშვნაა, რომ თქვენ ვერ გახდებით ამ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების წევრი, თუ არ შეასრულებთ მოთხოვნებს.“- განაცხადა ვაგენერმა.
რაც შეეხება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, დეპუტატის თქმით, გერმაიას არ სურს მამაცი ქართველი ერის დასჯა.
„ჩვენ არ გვსურს, დავსაჯოთ მოსახლეობა. არ გვსურს, დავსაჯოთ ეს მამაცი ხალხი, რომელიც გადის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე ამ ძალიან პოლარიზებულ სიტუაციაში, მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელ და ძალადობრივ ვითარებაში და რეალურად ძალადობის ფაქტები ფიქსირდება კიდეც. ეს მამაცი ხალხი მაინც გამოდის გასაპროტესტებლად და ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა. თუმცა, ჩვენ ცხადად განვაცხადეთ, რომ არ იქნება ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანება აღებული კურსით,“ – განაცხადა ვაგენერმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ