EU: 2023-ში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად €44 მლნ-ის ინვესტიცია განვახორციელეთ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს სექტორში ჯამურად 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
წარმომადგენლობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარდაჭერა მიიღო საქართველოში მოქმედმა 39 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა. EU-ში ამბობენ, რომ ამ პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
EU-ის თანახმად, მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.
წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული:
· ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად.
· ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.
· ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ამასთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის.