სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე და პირველი მოადგილე, გიორგი კვარაცხელია სამხრე კამერების და ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორების მუშაობას საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
„ახალი სისტემა საგამოძიებო ორგანოს მისცემს საშუალებას, გამოძიების პროცესში მოიპოვოს ვიდეო მტკიცებულებები, დაამკვიდროს გამოძიების წარმოების თანამედროვე სტანდარტები, უწყვეტი ვიდეომონიტორინგის გზით უფრო მეტად დაცული გახადოს დაკავებული პირების უფლებები და ამ გზით უზრუნველყოს მაღალი ხარისხით საგამოძიებო პროცესის წარმართვა.
სამხრე კამერების და ვიდეორეგისტრატორის გამოყენების წესი წარმატებული საერთაშორისო საგამოძიებო პრაქტიკის შესწავლის შედეგად შემუშავდა და იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. ამავე ბრძანების თანახმად, სამსახური მოქალაქის და ადვოკატის მომართვის შემთხვევაში, ასევე საკუთარი ინიციატივით პერიოდულად განახორციელებს დაკავებული ბრალდებულების უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და შეამოწმებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხარისხს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერს – მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული, ამიტომ, თქვენ უნდა წახვიდეთ!