„რეალურმა ინვესტორმა იცის, რომ ანაკლიის პორტის აქციები საფონდო ბირჟაზე არ იყიდება, ამიტომ არც შენდება ეს პორტი“ – თეიმურაზ ზაქრაძე

,,პორტები სახელმწიფოს არ უნდა ეკუთვნოდეს“- თეიმურაზ ზაქრაძე
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოლო ინფორმაცია პრემიერმა-მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას გააცნო.
პრემიერ – მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება, ამავე წელს იგეგმება პირველი გემების მიღებაც. გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ და სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია პორტის გაღრმავებაზე იზრუნებს.
პრემიერის მტკიცებით, პორტის გამტარობა წელიწადში 600 000 კონტეინერი იქნება და მასში 600 მილიონი $-ის ინვესტიცია ჩაიდება პირველი ფაზის განმავლობაში.
ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და პერსპექტივა ,,კომერსანტის დილასთან“ ,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა – თეიმურაზ ზაქრაძემ შეაფასა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი სააქციო კაპიტალით უნდა აშენდეს, ხოლო აქციები საქართველოს მოქალაქეებზე თავისუფლად უნდა იყიდებოდეს.
მისი თქმით, პორტის მშენებლობა კი სწორედ იმიტომაა შენელებული, რომ ეს საქმე სახელმწიფომ თავის თავზე აიღო.
„ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს სააქციო კაპიტალით; რისთვისაც ჩვენ უნდა გვქონდეს საფონდო ბაზარი. უნდა არსებობდეს საფონდო ბაზრის რეგულატორი ფასიანი ქაღალდების კომისია და არსებობდეს საფონდო ბირჟა, ნორმალური, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი.
უნდა არსებობდეს სასაქონლო და სავალუტო ბირჟები. ანაკლიის პორტის აქციები უნდა იყიდებოდეს საფონდო ბირჟაზე და ეს პორტი უკვე აშენებული იქნებოდა.
ის მოდელი, რითაც ახლა შენდება ანაკლიის პორტი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ჩვენ ვართ საბანკო მონოპოლიის სახელმწიფო, ეს არის ეკონომიკურად ხეიბარი სახელმწიფო.
როცა მხოლოდ სასესხო ბაზარი მოქმედებს ქვეყანაში და საფონდო ბაზარი საერთოდ არ არსებობს, ეს არის ცალ ფეხზე დგომა. ჩვენ ვართ ხეიბარი სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით – ჩვენ არ გვაქვს საფონდო ბაზარი, არ გვაქვს კერძო საკუთრების და ვაჭრობის თავისუფლება, არ გვაქვს კონკურენცია და არის სახელმწიფოს მონოპოლია ყველაფერში.
სახელმწიფო რაც კი ამ პორტის შესახებ დაიწყო საუბარი, სულ დაპირებებს გასცემს, ადგილიდან საქმე იმიტომაც არ იძვრის, რომ რეალურმა ინვესტორმა იცის, ანაკლიის პორტის აქციები საფონდო ბირჟაზე არ იყიდება, ამიტომაც არც შენდება ეს პორტი. კაბინეტებში გარიგებებით, სახელმწიფო რესურსების დახარჯვითა და ვიღაც უცხოელების მოწვევით – უზარმაზარი შავბნელი ხვრელები წარმოიქმნება ამ სიტუაციაში და ვერასდროს ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს.
როტერდამის პორტში არის 17 ათასი ნავსადგომი და ყველა მათგანი არის კერძო საკუთრება, სააქციო კაპიტალის მფლობელობაში. ს პორტში არის 15 ნავსადგომი და თხუთმეტივე არის სახელმწიფოს საკუთრება. ანუ, ჩვენ რომ გავხდეთ გეოპოლიტიკურად მოთამაშე სახელმწიფო, ეს დემაგოგია რაც ისმის სახელმწიფოს მმართველებიდან, უნდა დამთავრდეს“, – თქვა თეიმურაზ ზაქრაძემ.
რესპონდენტის თქმით, დეოლიგარქიზაცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური პროცესია. მაშინ, როცა თავისუფალი ბაზარი ქვეყნის განვითარების მთავარი გზაა, საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ პირობების შესაქმნელად, ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
,,დეოლიგარქიზაცია, ასევე ნიშნავს ეკონომიკის გათავისუფლებას სახელმწიფოს მარწუხებიდან. სასესხო ბაზარი და საფონდო ბაზარი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და მაშინ უკვე ჩვენ გავხდებით ყველანაირად დამოუკიდებელი სახელმწიფო.
პორტები არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს, საერთოდ ეს სახელმწიფოს დაპირების საქმე არ არის. კი, სახელმწიფოს შეუძლია, რაღაცაში ხელი შეუწყოს, რაღაც ნაწილი აქციებისა იყიდოს, მაგრამ დანარჩენი აქციები საქართველოს მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეს.
დღევანდელი რეჟიმი რაცაა, ეს გულისხმობს პორტის გასხვისებას ოლიგარქებზე, როგორც არის გასხვისებული სხვადასხვა ქონება დაახლოებულ წრეებთან. ეს არ არის სამართლიანი. სამართლიანი არის, როცა ბაზარი ადგენს და სახელმწიფოს მითითება აქ საჭირო არ არის. ისლანდიის სახელმწიფოში არის 350 ათასი მოსახლე, ბირჟის კაპიტალიზაცია იცით, რამდენი აქვს? 21 მილიარდი დოლარი. თავისუფალი ბაზარი არის ყველა ნორმალური ქვეყნის ნორმალურად განვითარების გარანტია. ჩვენ ლამის ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ბირჟები საერთოდ არ გვაქვს“,- თქვა ,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა.
თეიმურაზ ზაქრაძის თქმით, საქართველო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებით კარგავს თავის ეკონომიკურ მნიშვნელობას, რაც ახალი გეოპოლიტიკური გადაწყობის პირობებში, ევროპასა და აზიას შორის გამტარობას გულისხმობს.
„ჩემი ნება რომ იყოს, ანაკლიის პორტის თითო აქციას ყველა მოქალაქეს დავურიგებდი. სარგებელი ამ პორტისგან უნდა მიიღოს მოქალაქეებმა და არა სახელმწიფომ. ის კი არაა ეკონომიკა, რომ ვინმემ ფული სახლში წაიღოს, როგორც „წამოაყრანტალა“ პრემიერმა. ეკონომიკა პირველ რიგში, კეთილდღეობას ნიშნავს, ანუ კერძო საკუთრებას, ვაჭრობის თავისუფლებას და კონკურენციას.
კერძო საკუთრება მარტო ოლიგარქიას გააჩნია, ვაჭრობის თავისუფლება არ გვაქვს, კონკურენცია არც არსებობს. კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის ცნებები საერთოდ არ არსებობს, ქართულ ეკონომიკაში. ჩინეთთან რომ რაღაცას ლაქუცობს ოცნების რეჟიმი, ეგ ძაღლისკუდის ქიცინია, როცა ჩვენ, საქართველო, ვართ ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“,- აღნიშნა თეიმურაზ ზაქრაძემ.