საქართველო უცხოელ ბიზნესმენებს მოსწონს, ამიტომ ვინც ქვეყანაში ჩამოდის, უკან აღარ ბრუნდება – ირაკლი იაშვილი

წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესში რაიმე დაძაბულობა არ იკვეთება. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებამდე არსებული სიტუაცია მშვიდია. ამიტომ კერძო სექტორი განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არის გარკვეული მიზანმიმართული შეფასებებიც.
არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება. პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიუხედავად, ეკონომიკასა და ბიზნესში არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება. ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს. მთავარია, კენჭისყრის პროცესმა და შემდგომ უკვე შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამ ექსცესების გარეშე ჩაიაროს.
სწორედ ამაზე გაამხვილა “რეზონანსთან” ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძე. როგორც მან აღნიშნა, ჯერ არაფერი მომხდარა ისეთი, რომ კონკრეტულად ს გამო რაიმე გადადებულიყო.
„არჩევნებთან დაკავშირებით, კერძო სექტორში ნორმალური მოლოდინი არსებობს. განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან მოლოდინია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად ჩაივლის.
არჩევნების გამო ინვესტიციების მიმართულებით რაიმე შეფერხება გამოკვეთილი არ არის. მოსაზრების დონეზე შესაძლოა, ითქვას, როდესაც რაღაც ხდება, 1-2 თვით გადაავადოს ბიზნესმა რაიმე აქტივობა, მაგრამ ამის შესახებაც არაფერი მსმენია. ყოველ შემთხვევაში, არ მომხდარა ისე, რომ კონკრეტულად არჩევნების გამო რაიმე შეფერხებულიყოს ან გადადებულიყოს”, – განუცხადა „რეზონანსს” მიხეილ ჭელიძემ.
არჩევნებამდე და მის შემდეგაც ბიზნესი განვითარებას ელის. კერძო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 26 ოქტომბერის შემდეგ რადიკალური ცვლილებები არ დაიწყება.
როგორც ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა განაცხადა, საქართველო უცხოელ ბიზნესმენებს მოსწონს, ამიტომ ვინც ქვეყანაში ჩამოდის, უკან აღარ ბრუნდება.
„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან 10-12 წელი უწყვეტი მშვიდობა ჩვენ არ გვქონია. ნებისმიერი ბიზნესმენი გააჩერეთ ქუჩაში და ჰკითხეთ, ამ 10 წლის განმავლობაში მისმა ბიზნესმა და კომპანიამ წინ წაიწია თუ არა. მიიღებთ პასუხს – კი. უდავოდ ასე მოხდა. ქვეყანაში მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა – ინფლაცია დაბალი, უმუშევრობა დაბალი. ეს პარამეტრები კარგია. სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის უმჯობესდება ყოველ წელს, ანუ ყველა მონაცემი არის კარგი. ბიზნესს არ გართმევენ.
ჩვენი ქვეყანა მოსწონს ყველას. კი ვართ უცნაური ხალხი, მაგრამ ამ უცნაურობის გამო მოვწონვართ. ვინც ჩამოდის, უკან აღარ მიდის, რჩება. ხომ ხედავთ ქუჩაში რა ხდება, რამდენი და რა ფასის ავტომობილები გადაადგილდება. რამდენი სახლი შენდება და როგორ იყიდება უცებ, წამებში. ქვეყანა მიდის წინ“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
სრულად: resonancydaily.com

ასევე დაგაინტერესებთ