„სტუდია მეტროს“ თანამშრომლები ტოვებენ – მიზეზი ისაა, რომ დირექტომა „ქართულ ოცნებას“ კლიპი გადაუღო

სარეკლამო კომპანია JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ დირექტორმა, ნიკა ბოჭორიშვილმა სარეკლამო კლიპი დაუმზადა მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“.
„ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“, – დაწერა ნიკა ბოჭორიშვილმა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ რგოლი „სტუდია მეტროს“ დამზადებული იყო.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ მიიღო, რის გამოც, როგორც ქვეყნის პარტნიორები ამბობენ, შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, თუმცა მმართველმა პარტიამ მათი სურვილი არ გაითვალისწინა. ეს კანონი პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირებას ავალდებულებს.
ნიკა ბოჭორიშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნებისთვის“ დამზადებული ვიდეორგოლიც გააზიარა, რასაც მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სანდრო ჯავახიშვილმა მიუკომენტარა: „ოკ, წავედი სამსახურიდან“.
ჯავახიშილმა სამსახურის დატოვების შესახებ დაწერილ პოსტში აღნიშნა, რომ მისი კოლეგები ამ ვიდეორგოლის გადაღებაში არ მონაწილეობდნენ, „თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს“.
სარეკლამო კომპანიის დატოვების შესახებ სხვა თანამშრლომლებმაც დაწერეს სოციალურ ქსელში. მათ შორის არის ნინო დვალი, რომლის თქმითაც, მასავით 20-მდე თანამშრომელ წამოვიდა „სტუდია მეტროდან“.
„კომპანიის დირექტორმა/დამფუძნებელმა უხელმძღვანელა მთავრობის საარჩევნო კამპანიის ვიდეო გადაღებას, რაზეც დღევანდელ დღემდე ინფორმაცია არ გვქონდა… როდესაც მთელი ქვეყანა ვართ მობილიზებული, რომ არჩევნებზე გავაცილოთ მთავრობიდან მმართველი პარტია, მათ კომუნიკაციაზე მუშაობა ჩემთვის მიუღებელია“, – უთხრა ნინო დვალმა რადიო თავისუფლებას.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპზე მუშაობდა ვახო ჭიღლაძეც, კომპანია SKY TECH-ის წარმომადგენელი. მან სოლიდარობის ნიშნად ნიკა ბოჭორიშვილის ვიდეორგოლის ქვეშ მიუკომენტარა: „ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა!“
„უამრავი ხალხი მონაწილეობდა, არავინ ხმა არ ამოიღო და მარტო ნიკას პასუხისმგებლობა არ იყო. მაგიტომ მივუწერე… მე არ ვარ ოცნების მხარდამჭერი, აქამდე შეიძლება ვაძლევდი ხმას, მაგრამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ნამდვილად აღარ მივცემ და მგონია, რომ ვეღარც მოიგებს. შეიძლება ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი უნდა შეგვძულდეს და გადავემტეროთ…“ – უთხრა ვახო ჭიღლამდე რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ მისი მონაწილეობითაა გადაღებული „ქართული ოცნების“ გასული წლების საარჩევნო კლიპებიც („ჩემი საქართველო აქ არის“).
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, რომ კომპანია „მეტრომ“ მათ უარი უთხრა საარჩევნო კლიპის გადაღებაზე იმ მიზეზით, რომ „პოლიტიკაში არ ერეოდნენ“. რადიო თავისუფლებას სურდა, პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეკითხა, როგორ დაუკავშირდნენ ნიკა ბოჭორიშვილსა და მის გუნდს სარეკლამო რგოლის დასამზადებლად. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
„სტუდია მეტროს“ ვიდეომომსახურებით წელს ორმა სახელმწიფო კომპანიამ: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საქსტატმა ისარგებლეს. ჯამში მათ 600 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს. კომპანიამ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო 2023 წელს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა