უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს და გმობს „ქართული ოცნების“ მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია. გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან წაშალოს რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც აგრძელებს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, — ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კიევს სამარცხვინოდ მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს“
„უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.
კიევის განცხადებით, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს 14 ოქტომბერს საქართველოში დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულის, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის წინ, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ განადგურებული უკრაინული რელიგიური სიწმინდეების გამოსახულება.
„მწუხარებით ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიდგომების მიბაძვით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვაში, საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად“, — ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერაზე საქართველოს ხელისუფლების უარმა, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ, 2000-იანი წლების დასაწყისში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებამ საქართველო დააბრუნა მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში.
„საქართველოს ქალაქებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული სკოლების გამოჩენა არა მხოლოდ აჩენს ეჭვს განათლების ხარისხთან დაკავშირებით, არამედ რაშისტული პროპაგანდით ქართველი ახალგაზრდების დამუშავების საფრთხეს წარმოქმნის. მოვუწოდებთ მათ, ვისაც სიმართლის გამჟღავნება სურს, საკუთარ ხალხსაც აუხსნას, თუ რატომ არის რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეულ ხერსონში, სადაც განზრახ განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ამჟამად უფრო ნაკლები შეფერხება სინათლისა და გაზის მიწოდებაში, ვიდრე მშვიდობიან თბილისში“, — ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე „უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან“. იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 ოქტომბერს, „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა, რომ
ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე, რა ხდება უკრაინაში.
„ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის“, — თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინაში არის სრული კატასტროფა ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურის კუთხით.