გახარიას თქმით, მარეგულირებელი მათ პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს

პარტია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნიკაციების კომისია მათ პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
გახარიამ მიმართა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, ასევე პარტიულ მედიებს – ტელეკომპანია იმედსა და რუსთავი 2-ს, გაუშვან მათი პოლიტიკური რეკლამა ეთერებში.
“ჩვენი დღევანდელი თემაა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ სააგენტოში. იქ მიმდინარეობს პროცესი, რომლის მიზანიცაა, ჩვენს პარტიას არ მისცეს წვდომა უფასო სატელევიზიო რეკლამაზე. სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენ მოგვანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ, როგორც სხვა პარტიებს, უნდა გვქონდეს წვდომა უფასო რეკლამაზე, როგორც კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინვე ჩაერთო პროცესში მარეგულირებელი, რომელმაც ჯარიმის მუქარით, უკანონოდ დააორგანიზა პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს საზოგადოებრივ კომისიაში და რომლის მიზანიც არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს აუკრძალონ ჩვენი უფასო რეკლამის განთავსება ტელესივრცეში.
მინდა მივმართო პერსონალურად კახა ბექაურს, ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი გზა გამდიდრებისა, მაგრამ ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და მინდა გავაფრთხილო პირადად მე, გიორგი გახარიამ ის, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
მინდა მივმართო პარტიულ მედიებს, იმედს, რუსთავი 2-ს, მათ თანამშრომლებს, მაყურებლებს – მეგობრებო, თქვენ თუ მართლა გაქვთ გაცხადებული სურვილი, რომ არ დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის დემარში, იცოდეთ და შეხედეთ ამ უსუსურ ოცნებას, რომელსაც აღარაფრის თავი არ აქვს, უკვე თვითგადარჩენაზე და გუნდურობაზეც აღარ არიან, ერთმანეთს ებრძვიან და თუ თქვენ მართლა გაქვთ გაცხადებული მიზანი, მოგვეხმარეთ, გაგვიხსენით ეთერები და გაუშვით ჩვენი რეკლამა თქვენს ეთერებში, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ერთად არ დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის რევანში, რაც მე მჯერა, არის თქვენი მიზანიც, ისევე როგორც ჩვენი მიზანი, რომელიც არაერთხელ განგვიცხადებია და ყოველთვის ვადასტურებთ, ვიქნებით იმ ხაზის და პრინციპის მომხრეები, რომ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ ოცნება და უნდა დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა”, – თქვა გახარიამ.