თაკო ჭანუყვაძე: ძირითადად, “სქროლით” ან მოპედით დავდივარ. გადასაადგილებლად ყველაზე მარტივი გზა მოვძებნე

ახლახან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს – თაკო ჭანუყვაძეს

თეატრალურ ფესტივალზე ჯილდო გადასცეს, როგორც “საუკეთესო მსახიობ ქალს”. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, თაკომ ჩვენი ბლიც-ინტერვიუსთვის მოიცალა…

– თაკო, როგორ ხარ, სად ხარ?

– კარგად ვარ. ჩვენს თეატრში სეზონი გაიხსნა და, რა თქმა უნდა, მაშინვე გასტროლები დაიწყო… ახლა ფესტივალზე, ბათუმში ვარ. თბილისში ხვალ ვბრუნდებით, შემდეგ კი კოპენჰაგენში მივფრინავთ სპექტაკლით – “ოტელო”.

– როგორც ვიცი, ს საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე ჯილდოც მიიღე, როგორც “საუკეთესო მსახიობმა ქალმა”…

– ბედნიერებაა, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა შენს უსაყვარლეს საქმეში ასე დაგაფასებენ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც სპექტაკლზე ჩემთან ერთად მუშაობდა: ჩემს უნიჭიერეს და გამორჩეულად ღირსეულ კოლეგებს, უმაღლესი კლასის პროფესიონალებს, “დეზდემონას გოგოებს” – ხატია მელქაძესა და თაკო ცქვიტინიძეს, დამდგმელ რეჟისორებს – დიმიტრი ღვთისიაშვილს და გია მარღანიას. ასევე, დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს და, რა თქმა უნდა, მაყურებელს.

– თაკო, შენი ცხოვრების მოტივატორი რა არის?

– უპირველეს ყოვლისა, ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილი… დილით, როგორც კი თვალს ვახელ და სიყვარულით სავსე გარემოში ვიღვიძებ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ვცდილობ, ჩემი ყოველი დღე დადებითი ემოციებით სავსე იყოს. რაც მთავარია, ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები არიან. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და წინსვლის მოტივაცია გქონდეს, მთავარია ჯანსაღ გარემოში იყო. შესაბამისად, ოჯახის წევრებთან ერთად გატარებული თითოეული დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

– დამისახელე შენი და შენი შვილის ხასიათის 3 საერთო და 3 განმასხვავებელი თვისება…

– სხვათა შორის, ხასიათით ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ორივე შრომისმოყვარე, მიზანდასახული ვართ. ჩემი შვილი სკოლაში სწავლობს. ახლახან 10 წლის გახდა. გაკვეთილი იქნება, ღონისძიება თუ კონცერტი, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ემზადება. მისი ეს თვისება მაბედნიერებს, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანი მიზანდასახული და შრომისმოყვარე იყო. ამ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგვდის. შრომა მეც არასოდეს მეზარება. მიზანდასახულიც ვარ. კიდევ, საერთო ის გვაქვს, რომ “გოგოშკური” რაღაცები ძალიან გვიყვარს: გაპრანჭვა, მოწესრიგება, სულ ფორმაში ყოფნა… როგორც მე, მასაც უყვარს სამოსის შეკერვა… ხასიათის თვისება, რომელიც ერთმანეთისგან განგვასხვავებს, არც მახსენდება…

– შენი გოგონას დაბადების დღე როგორ აღნიშნეთ?

– ვფიქრობ, ეს დღე ისეთი უნდა იყოს ხოლმე, როგორიც მას სურს. რა თქმა უნდა, ოჯახთან, მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ. ძალიან ბედნიერი იყო! ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ანასიკო ბედნიერი იყოს. შესაბამისად, მართლაც სასიამოვნო და სიყვარულით სავსე დღე გვქონდა.

– საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?

– ძალიან ბევრი წელია, არ მიმგზავრია. ძირითადად, “სქროლით” ან მოპედით დავდივარ. გადასაადგილებლად ყველაზე მარტივი გზა მოვძებნე. რთულია, მუდმივი საცობების და დატვირთული რეჟიმის გამო, სამარშრუტო ტაქსიში დიდხანს იჯდე. შესაბამისად, “სქროლი” და მოპედი არის ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი გადაადგილების საშუალება. უფრო ბევრ რამეს ვასწრებ, რადგან დროში ძალიან ვიგებ. მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი “სქროლი” და მოპედი გვყავს – ერთად “დავშრიალებთ” (იცინის). სხვათა შორის, ავტომობილი არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობა მაქვს, ავტომობილის მართვის სურვილი არასოდეს გამჩენია. თუმცა, როცა საჭიროა, საჭესთანაც ვზივარ. თავდაპირველად, როცა საქართველოში “სქროლების” გამოყენება დაიწყეს, ჯერ აპლიკაცია გადმოვწერე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, საჭირო იყო, საკუთარი “სქროლი” მყოლოდა, რადგან სულ ამ ტრანსპორტით დავდიოდი. ჩემი სახლიდან თეატრში ჩასასვლელად მართლა 3 წუთი მჭირდება, ჩემს კიმონოებსა და შლეიფიან კაბებში გამოწყობილს (იცინის).

– ასეთი სამოსი მგზავრობისას ხელს არ გიშლის?

– მორგების ამბავია – ყველაფერს უნდა მოერგო. სამოსს ისე ვირგებ, რომ რა თქმა უნდა, საკუთარ თავს საფრთხეს არ ვუქმნი.

ვრცლად

 

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა