უკრაინის გენშტაბი ადასტურებს დარტყმას მაიკოპთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ს ადიღეს რესპუბლიკაში მდებარე სამხედრო აეროდრომ „ხანსკაიაზე“.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ მოექცა ამ სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, აეროდრომზე განთავსებულია სუ-34 და სუ-27 ტიპის თვითმფრინავები. დღევანდელი დარტყმის უფრო ზუსტი შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, საბრძოლო ამოცანა შესრულებულია არმიის სპეციალური ოპერაციის ძალების, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და უსაფრთხოების სამსახურის ძალებითა და საშუალებებით.
დილიდან სოციალური ქსელებით გავრცელდა არაერთი ვიდეო და ცნობები, რომ დრონებით დარტყმა იყო ადიღეს რესპუბლიკაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე, რომელიც ამ რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპიდან ექვს და დასახლებულ პუნქტ ხანსკაიადან სამ კილომეტრში მდებარეობს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა აეროდრომ „ხანსკაიადან“ 500 მეტრში მდებარე დაბა როდნიკოვიდან.
ადიღეს რესპუბლიკის მეთაურმა მურატ კუმპილოვმა დრონებით შეტევა დაადასტურა, თუმცა სამხედრო აეროდრომი არ უხსენებია. კუმპილოვის თანახმად, „მტრის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა“ იყო, რასაც ხანძარი მოჰყვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აეროდრომზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ