სახალხო დამცველი – არ უნდა დარჩეს საქართველოში მოქალაქე, ვისაც არ ექნება საშუალება, მივიდეს და ხმა მისცეს კონკრეტულ ადგილას

არ უნდა დარჩეს საქართველოში მოქალაქე, ვისაც არ ექნება საშუალება, მივიდეს და ხმა მისცეს კონკრეტულ ადგილას და გააკეთოს საკუთარი არჩევანი, იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ომბუდსმენმა, ასევე, ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის ბარიერია ხმის მიცემის პროცესში.
როგორც იოსელიანმა განმარტა, დამატებითი უბნების გახსნა დამოკიდებულია იმ კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობაზე და ასევე ხელისუფლების ნებაზე.
“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო უფლება არის ის უფლება, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი ახდენს ზედამხედველობას და ამ უფლების რეალიზაცია უნდა იყოს აუცილებლად უზრუნველყოფილი ყველა მოქალაქის მიმართ. არ უნდა დარჩეს საქართველოში მოქალაქე, ვისაც არ ექნება საშუალება, მივიდეს და ხმა მისცეს კონკრეტულ ადგილას და გააკეთოს საკუთარი არჩევანი იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
ჩვენ როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობდა, რომელსაც ობიექტურად არ ჰქონდა საშუალება, ხმა მიეცა ნებისმიერი შეთავაზებული ადგილის შემთხვევაშიც კი, ჩვენ მივმართეთ ს და ვთხოვეთ, რომ მიეღო სპეციალური დადგენილება, რომელიც მოაწესრიგებდა და ამ ადამიანებს არ დატოვებდა ხმის მიცემის უფლების გარეშე. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს დევნილებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ ერთიან სიაში, მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათ დაემატათ 200-მდე ადამიანი, რომელთა მისამართების იდენტიფიცირება იყო რთული, ისინი ასევე იყვნენ დარჩენილი ხმის უფლების გარეშე. დაახლოებით 700-800 ადამიანს უკვე აქვს საშუალება, გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
რაც შეეხება ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნას, ეს ის საკითხია, რომელიც, ამ შემთხვევაში, მიემართება სხვა უწყებას – საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმიტომ, რომ ერთი ახდენს საარჩევნო საკითხების ადმინისტრირებას, მეორე იღებს სხვა ქვეყნებისგან უფლებას, რომ გახსნას ასეთი უბნები. არ ვარ ამ საკითხში ჩახედული, უბრალოდ ინფორმაციის დონეზე ვიცი, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, საელჩოს გარეთ როგორ შეიძლება გაიხსნას უბანი, რამდენი უბანი შეიძლება გაიხსნას ან საერთოდ, შეიძლება თუ არა გაიხსნას. ზოგი ევროპული ქვეყანა ამ შესაძლებლობას იძლევა ძალიან ფართოდ, ზოგი შეიძლება, საერთოდ არ იძლეოდეს. ეს დამოკიდებულია მათ კანონმდებლობაზე და, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებაზე”, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ