სოცმუშაკის ცნობით, ტუბცენტრი არ იღებს უცხოელ პაციენტს, რომელიც გადამდებია

29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 9 დღის წინ ტუბერკულოზის დიაგნოზი დაესვა ინფექციურ საავადმყოფოში და მას დაავადების გადამდები ფორმა აქვს, სოციალური მუშაკის ინფორმაციით, საჭიროებს გადაყვანას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. თუმცა ცენტრი პაციენტის მიღებაზე უარს აცხადებს. ერთ-ერთი მთავარი დასახელებული მოტივი კი ისაა, რომ პაციენტი საქართველოს მოქალაქე არაა და არც ბინადრობის ნებართვას ფლობს.
ინფორმაცია ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალურმა მუშაკმა, ირა სილანტევამ სოციალური ქსელით 8 ოქტომბერს გაავრცელა. მისი თქმით, პაციენტი უკვე 10 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ბინადრობის ნებართვის აღება მას სისტემური ბარიერების გამო გაუძნელდა. პაციენტი ს მოქალაქეა, თუმცა მის რუსულ პასპორტსაც ვადა აქვს გასული.
„საქმე ეხება “ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“, რომელიც უკვე 8 დღეა თავიდან ირიდებს ტუბერკულოზის ღია ფორმის (რაც ნიშნავს რომ ადამიანი ბაქტერიაგამომყოფია, ანუ გადამდებია) მქონე პაციენტს. ეს პოსტი არის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ იქნებ ვინმე პასუხისმგებელ პირს მისწვდეს ხმა და დაგვეხმარონ ადამიანის გადარჩენაში“, — წერს სოციალური მუშაკი.
სოციალური მუშაკი ამბობს, რომ პაციენტი ფილტვების ანთებით განთავსდა ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. საავადმყოფოში შეყვანიდან მეორე დღესვე ანალიზით დაუდასტურდა ტუბერკულოზის ღია ფორმა და აღმოჩნდა, რომ ის გარშემომყოფთათვისაც საფრთხის შემცველია.
რვა დღის შემდეგ, რაც ინფექციურში დიაგნოზი დაისვა, ტუბერკულოზის ცენტრმაც გაგზავნა თავისი წარმომადგენელი პაციენტის შესაფასებლად და დიაგნოზი დაადასტურა. თუმცა პაციენტის გადაყვანაზე ტუბერკულოზის ცენტრში, სოციალური მუშაკის თქმით, აქამდე უარია.
ირა სილანტევა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია ნანა ქირიასთან, რომელიც ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორის მოადგილეა მკურნალობის დარგში და ცდილობდა მის დარწმუნებას, მიეღო ტუბერკულოზის მქონე პაციენტი, რამდენადაც ის სპეციალურ, ბოქსირებულ პალატაში განთავსებას საჭიროებს. მისივე თქმით, ასეთი პალატები ინფექციურ საავადმყოფოს არ აქვს.
სოციალური მუშაკისა და პაციენტის ოჯახის წევრების თხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტის ჯანმრთელობა იმდენად დასტაბილურდეს, გადამდები აღარ იყოს და რუსეთის ტერიტორიაზე საზღვართან უახლოეს კლინიკაში გადაყვანას დაექვემდებაროს.
„ტუბ ცენტრის მთავარი ექიმი, ნანა ქირია, გვეუბნება, რომ მთავრობამ მიიღო 529 ნომერი დადგენილება, რის შედეგადაც ტუბ ცენტრი აღარ არის ვალდებული არამოქალაქე და არარეზიდენტ ადამიანს უმკურნალოს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი იგი გადამდებია. ეს რამდენჯერმე გავამეორებინე, რომ არ შემშლოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა იურისტმა ნანა ქირიას თანდასწრებით დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, სადაც განგვიმარტეს რომ ვერ პოულობენ ამა წლის 529 ნომერ მთავრობის დადგენილებას და რეალურად ტუბ ცენტრი ვალდებულია, რომ მიიღოს ადამიანი“, — ამბობს ირა სილანტევა.
2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება N529 ამბობს, რომ პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია. ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მოსარგებლეები არიან:
„საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ტუბერკულოზით დაავადებული პირები, ფილტვისა და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის ვერიფიცირებულ, ასევე ფილტვისა და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის კლინიკურად დადასტურებულ შემთხვევებში. ასევე, ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მოსარგებლეები, ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად, შეიძლება იყვნენ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“
მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას, რომლის მიმწოდებელი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრია, სახელმწიფოს დახმარების სახით იღებს. მკურნალობა არ მოიცავს მოსარგებლის მხრიდან ფინანსურ თანამონაწილეობას და მთლიანად ნაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.
ირა სილანტევა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ტუბერკულოზის ცენტრის მთავარ ექიმთან, ნანა ქირიასთან შეხვედრისას მისგან სხვადასხვა მიზეზი მოისმინა, რატომ არაა ცენტრი პაციენტის მიღებაზე თანახმა.
„ხან გვითხრა, იმდენად მძიმეა, მე პირობები არ მაქვსო. ხან ამბობს ვალდებული არ ვარ მივიღო და პროგრამით ვერ ისარგებლებს, მაგრამ მივიღებ, თუ გადაიხდის, ოღონდ მისი ოჯახი გადამხდელუნარიანებს არ ჰგვანანო. გადამდები ისედაც აღარ იქნება ანტიბიოტიკებს რომ მიღებსო. მშობლები ითხოვენ გარანტიას, რომ ცოცხალი გაიყვანონ და მე არ ვიცი, გადარჩება თუ არაო. თან იღებს და თან არ იღებს. ამ ადამიანს ბედის ანაბარა რომ ტოვებთ, არამოქალაქე რომაა და არ გადარდებთ გასაგებია, მაგრამ ამ პაციენტის მათი მხრიდან გარეთ დატოვება საქართველოს მოქალაქეების ტუბერკულოზით დაინფიცირების რეალურ საფრთხეს რომ ქმნის, მაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება-მეთქი? და ჩვენ არაო ქალბატონმა მთავარმა ექიმმა“, — ამბობს ირა სილანტევა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ პაციენტი, მათი ინფორმაციით, იღებს მკურნალობას იქ, სადაც არის, ანუ ინფექციურ საავადმყოფოში და ეს არის ერთადერთი რამ, რაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სამინისტროს შეუძლია თქვას.
ინფექციურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ პაციენტს, რაკი ის ინფექციურში მოხვდა, ინფექციონისტიც სჭირდება და ის მკურნალობას გადის.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან კომუნიკაციის დამყარება ბევრად რთული აღმოჩნდა: არ მუშაობს არცერთი შესაძლო ნომერი, რომელიც სხვადასხვა ოფიციალურ წყაროს ცენტრის საკონტაქტო ინფორმაციად აქვს მითითებული, მათ შორის, თავად ცენტრს. ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ რემონტის გამო, დროებით, არცერთი ნომერი არ მუშაობს და თავად პაციენტებიც თავის ექიმებთან პირად ნომრებზე დარეკვით ახერხებენ ურთიერთობას. ცენტრში მისულებს გვითხრეს ასევე, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა არც ნანა ქირია და არც ვინმე სხვა პასუხისმგებელი პირი, რომელიც ცენტრის სახელით შეძლებდა საუბარს და პოზიციის გაჟღერებას. ვცადეთ დარეკვა ნანა ქირიასთანაც, თუმცა მან ჩვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.
ტუბერკულოზის ცენტრიდან ინფორმაციისა და მათი პოზიციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
„თანასწორობის მოძრაობის“ სოციალური მუშაკი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ორგანიზაცია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა