„სისტემური დეველოპერების წილი თბილისის ბაზარზე დაახლოებით 50%-ია“ – კახა სამყურაშვილი

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის 7 თვეში თბილისში 22 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა, რომლის ჯამური ბიუჯეტი 1,7 მლრდ დოლარი იყო. წლიურ ჭრილში ზრდა 1.9%-ია.
რაც შეეხება ივლისს, თბილისში სულ 3 476 ბინა გაიყიდა, რაც 1.3%-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის ივნისთან შედარებით 17.6%-იან ზრდას აჩვენებს. ამის მიზეზი კი, თავის მხრივ, გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაცია გახდა.
Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსის კახა სამყურაშვილი განმარტავს, რომ მონაცემები 20-მდე სისტემური დეველოპერის 75 პროექტის მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშდება, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით ნახევარია.
გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას სამყურაშვილმა განაცხადა, რომ ბაზარი საერთო დინამიკით ვითარდება და ამ ეტაპზე მიწოდების მხრივ რისკები არ იკვეთება.
„წლის ჭრილში ყველაზე კარგი თვე იყო აპრილი. მაისში მოგეხსენებათ დიდი კლება იყო, ფაქტობრივად 40-50%-იანი, რაც რამდენიმე მიზეზის დამსახურებაა, ეს იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, ამას მოჰყვა კურსის გაუფასურება და ბევრი დასვენების დღე. ივნისში მოთხოვნამ დაიწყო გაუმჯობესება, მაგრამ მაინც 30%-იანი კლება იყო. ამან ხელი შეუწყო ფეხბურთის ფაქტორმაც, რადგან მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ქვეყნის გარეთ იყო. ივლისში უკეთესი სიტუაცია დაფიქსირდა, მაგრამ წლის საწყის თვეებთან შედარებით ძლიერი მოთხოვნა არ იყო.
ჩვენ 20-მდე სისტემური დეველოპერის გამოკითხვას ვახორციელებთ, რაც 70-75 პროექტს მოიცავს და ამას თუ ბინების რაოდენობაზე გადავიყვანთ საკმაოდ დიდი წილია, დაახლოებით 50%-მდე. შეუძლებელია პრინციპული განსხვავება იყოს დანარჩენ 50%-თან. შეუძლებელია ბაზრის ნახევარი სხვა დინამიკით მიდიოდეს და მეორე სხვა. შესაძლებელია იყოს გარკვეულ პარამეტრებში სხვაობა, გაყიდვები, ფასები, თუმცა დინამიკაში ერთია.
ბოლო 2 თვეში რა დინამიკასაც ვხედავთ, არის ის, რომ არა მხოლოდ მოთხოვნის მხარე შეიცვალა, არამედ მიწოდებაც. შენელდა ნებართვები. ამ ეტაპზე ზედმეტი მიწოდების რისკს ვერ ვხედავდით.“ – აცხადებენ საინვესტიციო ბანკში.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე