თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა

ისტორიული ს შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ წინმსწრებად გადადგმულ ნაბიჯებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხებზე მსჯელობა დაიწყონ.
„ამ შეხვედრაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ისევე მყარად სწამს, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ, დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის – კი ევროპას! ეს არის მთავარი, რაც უნდა მოვიპოვოთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.
რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმას, რომ მან უკვე გადადგა წინმსწრები ნაბიჯები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ ამ საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მომავალი კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, კონკრეტულ სახელ და გვარზე ამ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტს ასევე ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება და ეს გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც საჭიროა აქტიური კამპანია“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, არჩევნებამდე მთავრობის დაკომპლექტების იდეას იზიარებს თუ არა, ბოკუჩავა პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დასრულდეს.
„არის საკითხები, როლებზეც ვთანხმდებით, ეს არის ის, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, ის, რომ პრეზიდენტის როლი მოლაპარაკებებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დასრულდეს“,- აღნიშნა მან.
კითხვაზე, წარადგენენ თუ არა არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბოკუჩავა ასე პასუხობს: „ეს არ არის დამოკიდებულია არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, დამოკიდებულია ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ