საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნებას“ დაპირებები არა აქვს, ის დაპირებებს მხოლოდ მოსკოვს აძლევს, პარტია და მისი კლანი ფასების მაფიით მდიდრდება, ხალხი კი იტანჯება მაღალი ფასებითა და დაბალი შემოსავლებით, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად უნდა შეიცვალოს.
„თქვენ გახსოვთ, რას ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს: უმუშევრობის დაძლევას, მაღალ ანაზღაურებას, დაბალ ფასებს, ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არა აქვს, ის დაპირებებს აძლევს მხოლოდ მოსკოვს. ის იხდის ბოდიშს, გვთხოვს, რომ ბოდიში მოვუხადოთ დამპყრობელს, ის ამზადებს ნიადაგს აფხაზეთის საერთაშორისო დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.
ამ დროს საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან მაღალი ფასებით, დაბალი შემოსავლით, სიღატაკით, უმუშევრობით. პენსიონერს არჩევანი აქვს, იყიდოს წამალი თუ იყიდოს საკვები, სხვა რამეზე მას პენსია არ ჰყოფნის. მშობელს არჩევანი აქვს შვილს უყიდოს საკვები თუ უყიდოს სახელმძღვანელოები. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის მონოპოლიები, ოლიგოპოლიები, კორუფციული სქემები და ის ფასების მაფია, რომელიც საქართველოში ქართულმა ოცნებამ შექმნა. ამ კორუფციული სქემებით, ფასების მაფიით საქართველოს მოქალაქეების ძარცვის ხარჯზე მდიდრდებიან მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ კლანი.
26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ეს ფასების მაფია, შევცვალოთ ეს ხელისუფლება, გავზარდოთ შემოსავლები და დავწიოთ ფასები“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.