გალელები შიშობენ, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ე.წ. საზღვარს ისევ ჩაუკეტავენ

“მაინც საზღვარს ჩაკეტავენ და ჩვენთვის არჩევნებს რა აზრი აქვს?”
“საბუთს არ მაძლევენ და არჩევნებზე ვერ წავალ, მაგრამ რომც მივდიოდე, მაინც არ ვიცი, ხმა ვის უნდა მივცე”.
“აქ როგორი ცხოვრება გვაქვს არავის აინტერესებს, არჩევნებზეც არავინ გვიშვებს, იმიტომ რომ ჩვენი აზრი იქაც არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად.”
ეს და მსგავსი პასუხები მოვისმინეთ საქართველოს მოქალაქეობის მქონე გალის რაიონის მოსახლეობისგან 26 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
გალელები დიდი ხანია გამოსავალს ვერ პოულობენ, ვინაიდან, თითქმის ყველა არჩევნებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მუდმივად თან სდევს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გალელები 2024 წლის ს მნიშვნელობაზე
22 წლის ანა [სახელი შეცვლილია] მიიჩნევს, რომ ოქტომბრის არჩევნებს საქართველოსთვის “საბედისწერო” ხასიათი აქვს, რადგან მისი აზრით, “წყდება, იქნება თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი, თუ გახდება ს ერთ-ერთი გუბერნია”.
“ეს არჩევნები არ ჰგავს სხვა არჩევნებს, რადგან ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ყოფილა – ახლა მართლა გვიწევს ავირჩიოთ ან ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავალი, ან რუსული. რუსული მომავალი როგორიც არის, მაგას ბევრი საუბარი არ სჭირდება”.
ანა მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები არის ძირეული ცვლილებების მომტანი, რაც არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეჩერდა აქციები გაზაფხულის მოვლენების შემდეგ “ძალების მოსაკრებად”.
“აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდა არის ჩართული ამ პროცესში და თვის ბოლოს გაკეთებული არჩევანი, აუცილებლად მოიტანს შედეგს, რადგან იმდენი დაინტერესება, რამდენიც ახლა აქვს არჩევნებს, ჯერ არ ჰქონია. შესაბამისად, აუცილებლად ყველა წავა არჩევნებზე და დააფიქსირებს საკუთარ აზრს, რაც მოიტანს ცვლილებას და დავემშვიდობებით ამჟამინდელ მმართველ პარტიას.”
26 ოქტომბრის არჩევნებს საბედისწეროდ მიიჩნევს ქეთოც [სახელი შეცვლილია], რომელიც გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
მისი თქმით, თუ ახლა ქვეყანა არასწორ არჩევანს გააკეთებს, “გადავეშვებით ისეთ უფსკრულში, საიდან ამოსვლაც ძალიან რთული იქნება”.
“დარწმუნებული ვარ, ძირეული ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში მოჰყვება ამ არჩევნებს. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მმართველობის ახალი, კოალიციური სისტემა ჩამოყალიბდება. ცვლილებები ოცნების გამარჯვების შემთხვევაშიც იქნება, ოღონდ უარესობისკენ, იქნება ანგარიშსწორების და რეაქციის სასტიკი ფორმები”.
გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ნათია ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საბედისწერო იქნება უკლებლივ ყველა მიმართულებით, მათ შორის, “ოკუპირებული ტერიტორიებისთვის”.
კიდევ ერთი რესპონდენტის ანას თქმით, მის ღირებულებებთან თანხვედრაში სრულად არცერთი პარტია არის, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ოპოზიცია და იყოს პროპორციულად არჩეული სისტემა, რომ მხოლოდ ერთი პირის ხელში არ მოექცეს მმართველობის სადავეები.
“მე, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ პარტიას ვანიჭებ უპირატესობას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას მივცემთ ხმას, მთავარია იყოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი და საბოლოოდ დავემშვიდობოთ ამ ოლიგარქიულ მმართველობას”.
ანა მიიჩნევს, რომ არჩევანის გაკეთება აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს შორის, არ არის რთული, რადგან სპექტრი იმაზე ფართოა, ვიდრე ეს იყო ბოლო არჩევნებზე.
“რთული იყო წინა არჩევნების დროს, როდესაც ან ქართულ ოცნებას შორის იყო არჩევანი ან ნაციონალურ მოძრაობას შორის. მე არცერთის მომხრე არ ვარ და შესაბამისად, ჩემთვის რთული იყო. ეს იწვევდა ეჭვებს, ნიჰილიზმს და ა.შ. ახლა ასე არ არის, ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიაა, რომლებსაც მართლა შეგვიძლია ვანდოთ ჩვენი ქვეყნის ბედი და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნები გამოირჩევა იმით, რომ გადაწყვეტილების მიღება მაინც და მაინც რთული არ არის”.
ქეთო თვლის, რომ საარჩევნო სიაში არის ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელთა მიმართ მეტი ნდობა აქვს.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ძალის ევროპული ორიენტაცია და ლიბერალური იდეები. მგონი, არჩევანის გაკეთება რთული არაა, რადგან გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა, თეთრის და შავის გარჩევაც ვისწავლეთ. იმედია, არ ვცდები”.
ნათია კი პირიქით, ამბობს, რომ არ ჰყავს ისეთი ფავორიტი, ვისაც ხმას მისცემდა. მისი თქმით, არავინ მოდის მის ღირებულებებთან თანხვედრაში, შესაბამისად, უჭირს არჩევანის გაკეთება.
“რთულია იმიტომ, რომ არის პარტია, ვინც უკვე გვყოლია. არიან პარტიები, რომლებიც გვპირდებიან სხვას, და ყოველდღიურ ცხოვრებაში აკეთებენ სულ სხვას. რთულია ასეთ ადამიანებს ქვეყნის და საკუთარი ბედი ანდო”.
ანა გვიყვება, რომ მის გარშემო აბსოლუტურ უმრავლესობას დევნილები წარმოადგენენ, განწყობა კი, უკიდურესად ოპოზიციურია დევნილ მოსახლეობაში.
“ძირითადი არგუმენტები, რაც ამ ადამიანებისგან მესმის არის ის, რომ 12 წელია ეს ხალხი არის ჩვენთან და არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ – არც ქვეყნისთვის და არც იმ ხალხისთვის, ვინც არის იძულებით გადაადგილებული საკუთარ ქვეყანაში.
მათ სჯერათ, რომ არჩევნებში აუცილებლად მოიგებს ოპოზიცია და არ იქნება მხოლოდ იმ ადამიანების ხელში მთელი ძალაუფლება. ესენი რომ ამბობენ, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვალთო, ამას იუმორით, კომიკურად უყურებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ იმარჯვებს ოპოზიცია და იმარჯვებს ქართველი ხალხი”.
მიუხედავად ამისა, გალში არის მწირი ჯგუფი ადამიანებისა, ვინც აქტიურად და პირდაპირ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას.
ანა ამბობს, რომ მთავრობის მხარდამჭერის მთავარი მიზეზი არის ის, რომ “არ სურთ ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში”, ეს კი განპირობებულია მმართველი პარტიის მიერ წარმოებული პროპაგანდით. მისი თქმით, ხალხს ჰგონია, რომ მმართველი პარტია “ჩვენი მშვიდობის გარანტორია”.
“ეს არის ერთ-ერთი და მე ვიტყოდი, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო ოპოზიციას ვინც უჭერს მხარს, მათ ძალიან ბევრი მიზეზი და არგუმენტი აქვთ – ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. ეს ადამიანები მართლა იაზრებენ, რომ რუსული არაფერი ვარგა”.
ქეთოს გარშემო მყოფი ადამიანების 95% მაინც, მისი თქმით, მთავრობის წინააღმდეგია.
“როგორ შეიძლება აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მხარს უჭერდეს იმ ხელისუფლებას, რომელიც ამტკიცებს, აფხაზებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. სხვა მიზეზიც ბევრია. უპირველეს ყოვლისა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ს პრობლემისადმი სრულიად გულგრილი დამოკიდებულება არის. სწორედ ამ მთავრობის “დამსახურებაა”, რომ ასე უიმედოდ არასდროს ვყოფილვართ. ამას ემატება დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობა, სრული უპერსპექტივობა და კიდევ ბევრი რამ”.
ნათია ამბობს, რომ მის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა. მისი თქმით, ადამიანების აზრი იყოფა, ზოგი ოპოზიციას აძლევს ხმას, ზოგი მთავრობის მხარდამჭერია.
“ზოგს ვერ გადაუწყვეტია, რა და როგორ უნდა. მიზეზებიც განსხვავებულია. ბევრი ჰომოფობია, ბევრი რუსეთუმეა, ბევრს ევროპა არ უნდა, ბევრსაც უნდა და ა.შ.”.
ქეთოს თქმით, წინასაარჩევნო პროცესში ჩართული არ არის, მიზეზი კი მარტია – აფხაზეთში ცხოვრობს. ნათიასთვის პირველი არჩევნებია, სადაც ხმის მიცემის უფლება აქვს.
რაც შეეხება ანას, ამბობს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა მისთვისაც შემზღუდავი ფაქტორია, უფრო მეტად იყოს ჩართული პროცესში.
“ხელს მიშლის ის, რა თქმა უნდა, რომ ვარ ოკუპირებული ტერიტორიიდან და შესაბამისად, არ შემიძლია პირდაპირ თუ ირიბად გავლენის მოხდენა არჩევნების პროცესზე, ან ჩემი წილი წვლილი შევიტანო ამ პროცესში, თუნდაც აგიტაცია, მოსახლეობასთან საუბარი და ა.შ. ამაში ვარ საკმაოდ შეზღუდული და ეს არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი.ასევე შესაძლოა, რომ 26 ოქტომბერს ჩაკეტონ გამშვები პუნქტი და ჩვენ ფიზიკურად ვერ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენი ხმა, სამწუხაროდ, დაიკარგება”.
ანა ამბობს, რომ აუცილებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ამისთვის კი რამდენიმე დღით ადრე გეგმავს წავიდეს იმ ქალაქში, სადაც რეგისტრირებულია.
“მე ნამდვილად მჯერა, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს და გააგრძელებს დასავლურ კურსს და აუცილებლად დაემშვიდობება ყველაფერ რუსულს, იმიტომ რომ რუსული არის ის, რაც ქართველ ხალხს არ უყვარს და არ სჭირდება არანაირად. ჩვენ წავალთ წინ ევროპისკენ”.
საზღვრის ჩაკეტვით განპირობებული შიშები ქეთოსაც აქვს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებზე წასვლას გეგმავს.
“რაც შეეხება პროგნოზს, მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. ცოტა შიშითაც ველოდები არჩევნების დღეს”.
ნათიაც ასევე, აუცილებლად აპირებს 26 ოქტომბერს ხმის მიცემას, თუმცა ასევე ელოდება დაბრკოლებას.
“ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ისევ საზღვარი არ ჩაგვიკეტეს და ხმის მიცემის უფლება არ წაგვართვეს, როგორც ამას უკვე დიდი ხანია აკეთებენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა