პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მცდელობისა ხელი შეეშალათ პროცესისთვის, მაინც ბევრმა ადამიანმა შეძლო რეგისტრაცია.
ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა მთელი პასუხისმგებლობა ცესკოზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოზეა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე შეფერხება არ იყოს.
“19 დღე გვრჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტი, რომელიც შეიძლება არ ჰქონია ამ ქვეყანას, ყოველ შემთხვევაში უახლეს ისტორიაში.
მინდა, პირველ რიგში, ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ძალიან გააქტიურდა ამ დღეებში რეგისტრაციაზე და ყველა უწყება: ცესკო, საგარეო, საკონსულოები, ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაგრამ მაინც შეძლო დიასპორამ, რომ დიდი რაოდენობით ჩაწერილიყვნენ აღრიცხვაზე.
ახლა არის საკონსულოების, საგარეოსი და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა დამატებით იმისთვის, რომ შეძლონ დარეგისტრირებულმა ადამიანებმა ხმის მიცემა იმ პერიოდსა და დროში, რაცაა განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება”- თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ბრიფინგზე არჩევნებზე თითოეული მოქალაქის მისვლასა და ხმების დაცვის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა.
“ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ხმები იყოს დაცული და ამაში თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია, რომ ყველა მივიდეს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ახლობელი უცხოეთში ვერ ჩაეწერა არ ჩაწერეს, ამოიღეს სიიდან, თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენ თქვენი ხმაც გამოიყენოთ მათთვის და თქვენი ხმა დაიცვათ ორმაგად. ამ ხმის დაცვისთვის საჭიროა დამკვირვებლები. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ”- თქვა ზურაბიშვილმა.