სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს

სადამკვირვებლო კოალიციის – „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოალიცია 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
„უპირველეს, ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
აქვე, მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სამსახურს კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე და შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები. როგორც გასულ წლებში, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და პროგრამებთან. პარტია „ქართული ოცნების“ ათობით შემომწირველს, ამავე პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან 1.2 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ასევე, კოალიციის წევრებმა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საეჭვო სქემით განხორციელებული 2 მილიონი ლარის შემოწირულება დააიდენტიფიცირეს.
კოალიცია შეშფოთებულია სასამართლოს მიერ საარჩევნო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებებით. კოალიცია ახორციელებს სასამართლო სხდომების მონიტორინგს. ამ ეტაპზე საარჩევნო საკითხებზე მიღებულია 27 სასამართლო გადაწყვეტილება. არც ერთი საქმე არ გადაწყვეტილა მომჩივანი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. მოვუწოდებთ სასამართლოს, გადაწყვეტილებები მიიღოს სამართლის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად და არა მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატები რეგიონებში რეგულარულად იყენებენ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს აგიტაციისთვის. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ასპინძაში, ხელვაჩაურში, გარდაბანში, რუსთავში, ხულოში, ონში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კანონის დარღვევაა გარე რეკლამების მონოპოლისტის, „ალმა პლიუსის“, მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წინასაარჩევნო ბანერის განთავსებაზე უარის თქმა. აგრეთვე, კანონდარღვევაა „ტვ იმედის“ მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარი.
როგორც მოგეხსენებათ -მ მიიღო გადაწყვეტილება დევნილების სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის შესახებ. ეს იყო სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმის“ მოთხოვნაც. თუმცა, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო. კოალიცია მიიჩნევს, რომ ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც მაღალია ქართველი ემიგრანტების რაოდენობა.
დღეს საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა. მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, გამოიყენონ დღევანდელი დღე და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე/საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
ასევე, გრძელდება ზეწოლა მედიაზე. მმართველი პარტია ამჯერად ტელევიზიებისაგან უკრაინელი ხალხის ტრაგედიის ამსახველი ვიდეორგოლების გაშვებას ითხოვს. მაღალი ჯარიმების საფრთხის მიუხედავად, მედიასაშუალებებმა – „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპების განთავსებაზე. სადამკვირვებლო კოალიცია – „ჩემი ხმა“ სოლიდარულია მედია საშუალებების მიმართ და მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი წინასაარჩევნო კამპანია.
ასევე, ვეხმაურებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ს თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობას -ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) მიიღებს. კოალიციას მიაჩნია, რომ დაუშვებელია ასეთი პირების არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი ჩართულობაც კი საარჩევნო პროცესებში.
ჩვენ ვაგრძელებთ დამკვირვებლების რეგისტრაციას. ამ ეტაპზე დამკვირვებლად რეგისტრირებულია 2250 პირი. მადლობას ვუხდით საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებს, რომლებიც ჩაერთნენ დამკვირვებელთა მობილიზაციის კამპანიაში. ასევე, მოხარულები ვართ, რომ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოხატა კულტურის სფეროს ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა. კვლავ ვაგრძელებთ დამკვირვებელთა რეგისტრაციას. მეტი დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე ნიშნავს მეტ დაცულ ხმას.
და ბოლოს, 20 ოქტომბერს, თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელზეც გეპატიჟებით ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით დეტალებს მოგაწვდით უახლოეს დღეებში“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ