ჰეთ-თრიკის ავტორი დავითაშვილი ნაკრების სასტარტოში იქნება? – რას შეიძლება განიხილავდეს სანიოლი – როგორ ფორმაში ვართ…

საქართველოს ნაკრების მატჩების წინ, პირველ რიგში, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ და სასიხარულოა, ტრავმის მიზეზით სიაში ცვლილებები რომ არ შედის. ყოველთვის ასე ნამდვილად არ იყო. მანამდე და ამის შემდეგ თითოეულ დეტალს ვაკვირდებით, თუ ვინ როგორ ფორმაშია. უკანასკნელ უქმეებზე ზურიკო დავითაშვილი “აფეთქდა”, სხვა მხრივ, თითქოს, განსაკუთრებული შედეგები არ გვქონია. ამან ახალი სამსჯელოც წარმოშვა, უნდა ითამაშოს თუ არა ზურიკომ ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ასეთი გადაწყვეტილებები, გუნდური ბალანსის მიღწევა და ფეხბურთელის “არგაბრაზება” ისაა, რაც მწვრთნელებს უჭირთ. ვილი სანიოლის სასარგებლოდ იმას ვიტყვით, რომ გუნდურობა “ჯვაროსნებში” აშკარად
ჩანს, ვინ რამდენი წუთითაც ან საერთოდ არ ითამაშოს, ეს გარემოს არ აუარესებს.
დამაინც, რადგანაც ეს საკითხი ასე აქტუალური გახდა, დავითაშვილთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. როცა ფეხბურთელი ნაკრებს ასეთ ფორმაში და ხასიათზე უერთდება, ბუნებრივია, მას თამაში განსაკუთრებით სურს და სხვა შემთხვევაში იქნებ ობიექტურობაზე კითხვები გაუჩნდეს. როგორც აღვნიშნეთ, აქ ამის შანსი ნაკლებია, ამ ბიჭების უმრავლესობა მეგობრობს და ბავშვობიდან ერთად მოდიან.
არსებულ ტაქტიკურ სქემაში რომ განვიხილოთ, ზურიკო სანიოლს ორ პოზიციაზე წარმოუდგენია – ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ან შემტევად იქ, სადაც მოქმედებს. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ვნახეთ, როცა “ჩაკვემ” დაისვენა და დავითაშვილმა პირველივე წუთებიდან დაიწყო. ამ ფეხბურთელებს განსხვავებული სტილი და ძლიერი მხარეები აქვთ, თუკი გიორგი უფრო ბურთის ფლობასა და პასზეა ორიენტურებული, ზურიკო სწრაფია და მაშინვე იერიშზე მიდის. უკრაინის ნაკრებს ორი მარცხი აქვს, შეტევას აუცილებლად თავიდანვე ეცდებიან და ამ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელის მხრიდან აქცენტი მეტ სწრაფ ფეხბურთელზე მოულოდნელი არ იქნება. ეგაა, ჩაკვეტაძის გარეშე ჩვენი თამაში ცოტა რთული წარმოსადგენია.
გიორგი მიქაუტაძე ალბანელების წინააღმდეგ

საკლუბო მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, გიორგი მიქაუტაძე ახლა იდეალური ვითარებიდან შორსაა, თუმცა “ჟორჟის” კოზირი გუნდთან და სანიოლის ტაქტიკურ სქემასთან სრული შეთავსებაა. გარდა ამისა, მასზე უშუალოდ დასაკვირვებლად ფრანგ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე დღე აქვს. თუკი საქართველოს ნაკრების შტაბმა გადაწყვიტა, რომ არსებულ ვითარებაში, დავითაშვილი – კვარაცხელიას დუეტმა უნდა შუტიოს, ეს რაღაც ახალი იქნება. ამ შემთხვევაში გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბუდუ ზივზივაძეს მეტი დრო უნდა მიეცეს. რაც ნამდვილად ვიცით, სანიოლი გადაწყვეტილებას გუნდური ინტერესების მიხედვით მიიღებს, ბოლო დროის შედეგები ამის თქმის უფლებას გვაძლევს.
საქართველოს ნაკრებს ახლა თვეში ორი შეხვედრის ჩატარება უწევს. რადგანაც შედეგები დადებითია, სასტარტო შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები თითქმის გამორიცხულია. ამიტომ, ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა, კვლავ ლუკა ლოჩოშვილი ვიხილოთ, რომელმაც ბოლო ტურში მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა. ვილის ის ახალ პოზიციაზე მოსწონს, მთელი ფლანგის კონტროლს ავალებს და სასტარტო თერთმეტეულის შესარჩევად მწვრთნელი მხოლოდ გუნდური სტატისტიკით ვერ იხელმძღვანელებს. როგორც სიის, ასევე თერთმეტეულის შედგენისას არჩევანი მისი გასაკეთებელია, ვერგამართლების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობაც მასზეა.
სანიოლს ალბანეთის მწვრთნელ სილვიონიოსთან კიდევ ერთი დუელი ელის

სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩში გამარჯვების გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა. არსებულ ვითარებაში ირანიდან ფრენების პრობლემის გამო, ის სამშობლოში ავტომანქანით გამოემგზავრა და პოლონეთში, სადაც ს უნდა ნაკრებს შევხვდებით, ჩვენ გუნდს აქედან შეუერთდება. აღვნიშნავთ ნაკრებში ახლახან დამკვირდებულ შოთა ნონიკაშვილის სადებიუტო გოლს (პენალტით) უკრაინულ “ჩერქასში.” მისი გუნდი ირაკლი აზაროვის “შახტართან” (1:5) განადგურდა. ირაკლიმ 90 წუთი ითამაშა, ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის შეუერთდება.
დღეიდან საქართველოს ნაკრები შეკრებას დაიწყებს. 11 ოქტომბერს უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოზნანში (42 837 მაყურებლის ტევადობის სტადიონზე) ვეთამაშებით, 14-ში კი ალბანელებს “მიხეილ მესხზე” დავუხვდებით.
მე მგონი იგივე ტაქტიკით და შემადგენლობით გავალთ რაც აქამდე იყო და მეორე ტაიმისთვის ან სულაც პირველი ტაიმის ბოლოს შეიძლება დავითაშვილის და ზივზივაძის გამოშვება! უკრაინასთან ფრისკენ ვიხრები 1-1 ან 2-2, მაგრამ შეიძლება სულაც მოვიგოთ 2-1 ან 3-1! ალბანეთს რაც შეეხება ანგარიში 2-0 მგონია ჩვენს სასარგებლოდ!