ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024

ირაკლი მელაშვილი – “თუ ვინმეს ჰგონია, რუსების დახმარებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ძალიან ცდება”
მოჩვენებითი სიმშვიდე თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის ნიშანი – რით აიხსნება უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო
მირიან მირიანაშვილი – “ხელისუფლებამ თუ არ გააცნობიერა, რომ ამერიკის როლი კავკასიაში შეუცვლელია, მისთვისვე აღმოჩნდება დამღუპველი”
* * *
ირაკლი მელაშვილი – “თუ ვინმეს ჰგონია, რუსების დახმარებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ძალიან ცდება”
“ამ ხელისუფლებამ დაკარგა დასავლური სახელმწიფოების ნდობა. მისი პოლიტიკა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, არის სრულიად არაპროგნოზირებადი, აგებული შეთქმულების თეორიებზე. ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთს დაუკავშირებელი რაღაცები დაუკავშირა, ანუ შვეიცარიის ბანკთან მისი დავა მიაბა საქართველოს ვითომ ომში ჩათრევის მცდელობას. ის, რომ ეს ფული ვერ აიღო, მიიჩნია დასანქცირებად და აქედან შექმნა შეთქმულების თეორია, რომ მას სჯიან, საქართველო ომში რომ არ ჩაერთო. თუ ვინმეს მისი დასჯა სურდა ჩრედიტ შუისსე-თან მისი დავით, ის ვერ მოიგებდა იმ სასამართლო პროცესებს, რაც მოიგო”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ვითარებაში შეიძლება მართლაც დადგეს ტექნიკური მთავრობის შექმნა დღის წესრიგში”.
“დასავლეთს არათუ საქართველოს ომში ჩართვა არ სჭირდება, არამედ იმას ფიქრობს, როგორ დაასრულოს ს ომი ისე, რომ უკრაინაც არ დარჩეს წაგებული და ის ზარალიც აღმოფხვრას, რასაც ომის შედეგად იღებს. დასავლეთში ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ომში ჩართვა 2-3 დღეში დასრულდება, რადგან ჩვენს ჯარს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, არ არის საკმარისად შეიარაღებული, არა გვაქვს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, დრონები და ა.შ. განმეორდება ის, რაც 2008 წელს მოხდა, და ეს კიდევ დასავლეთის მარცხი იქნება. რატომ მოითხოვდნენ საქართველოსგან ისეთ რამეს, რაც წინასწარ განწირულია მარცხისთვის და რაც სწორედ დასავლეთის მარცხად გაფორმდება? ასე რომ, “ოცნებას” გამარჯვების შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება -სა და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ, დაელოდება ს შედეგებს – თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია, ზარ-ზეიმით გააუქმებს ამ კანონს და გამოაცხადებს, ნახეთ, როგორ დავიცავით დემოკრატიაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც “ქართული ოცნება” უკარნახებს. საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდეც მარტივად შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნისთვის დიდი შარის აცილება, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ. იქ არის რამდენიმე სინდისიერი მოსამართლეც, მაგრამ დანარჩენები არც აქამდე ყოფილან დამოუკიდებლები და ახლაც მთავრობას ემორჩილებიან. ანტიკორუფციული ბიურო კი თავიდანვე იმისთვის შეიქმნა, რომ თავის ფუნქცია არ შეესრულებინა – დასავლეთი ითხოვდა მის შექმნას, შექმნეს და დედამიწის ზურგზე არავინ იცის, ამათი გამოძიებული კორუფციული საქმეები”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ის, რომ მათ გააუქმეს გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას აღარ უშვებდნენ არჩევნებზე, გამომდინარეობს ისევ და ისევ მთავრობის გადაწყვეტილებიდან. ვინც იცის ეუთო/ოდირის მუშაობის პრინციპი, მისთვის ცნობილია, არჩევნებზე დაკვირვებისას უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება და მისი შეფასება. ფასდება ისიც, თუ რამდენად აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვებისთვის თავისუფალი გარემო. შესაბამისად, ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება ძალაში თუ დარჩებოდა, უკვე ეს თავშივე სათუოდ გახდიდა არჩევნების ლეგიტიმურობას. ხელისუფლებაში შეიძლება არაპროგნოზირებადი ხალხია, მაგრამ მათგან ბევრი მუშაობდა თავის დროზე საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმდენი კი იციან, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკვალიფიკაცია. ისიც კარგად იციან, ამას რა მძიმე შედეგები შეიძლება მოეტანა მათი ძალაუფლებისთვის, ეს არის შიშით მიღებული გადაწყვეტილება, უკან დახევა”, – თვლის ანალიტიკოსი.
“თუ ასეთი განცხადებები და პოლიტიკა გააგრძელეს, იქნება სანქციები, ალბათ, შეჩერდება უვიზო რეჟიმიც, იქნება ეკონომიკური შეზღუდვებიც, რაც ძალზე მძიმე იქნება ჩვენთვის. არადა, ჩვენთვის ამ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების დროს გაჩნდა უდიდესი შესაძლებლობები – კარგად ვხედავთ, დასავლეთი როგორ ცდილობს შუა აზიაში შესვლას, სადაც ის რესურსებია, რომლებიც მათ დაკარგეს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით და შემდგომ აფრიკაში რუსების ჩარევით. მაკრონი იყო ჩასული, ახლახან შოლცი ჩავიდა, უზარმაზარ პროექტებზეა ლაპარაკი. შუა აზიას ევროპის მხრიდან ესაზღვრებიან: რუსეთი, ირანი და კავკასია, ირანი და ავღანეთი სანქცირებულია, შესაბამისად, ევროპა იქ ფულს ვერ ჩადებს კომუნიკაციებისთვის, რჩება კავკასიის მცირე დერეფანი – საქართველო. ჩვენ სულელურ თამაშში ჩავებით. ჰოდა, თუ არ შევწყვეტთ, ევროკავშირი იძულებული იქნება უფრო ადეკვატურად იმოქმედოს. თუ ვინმეს ჰგონია, რუსების დახმარებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ძალიან ცდება. რუსეთს თავისი თავი გასჭირვებია, დუმაში შესული 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი კატასტროფაა. რუსებს კიდევ ერთი კონფლიქტი და ახალი თავსატეხი არ აწყობთ”, – ამტკიცებს ირაკლი მელაშვილი.
“ბოლო 10 დღის განმავლობაში ხელისუფლებას ყველა მხრიდან სილა გააწნეს: ბაიდენის ღონისძიებაზე არ მიიღეს, ევროკავშირის ელჩმა ცალკე განაცხადა, რომ ამათთან შეხვედრებს აღარ გამართავენ და აგერ ლავროვმაც დააწია ქვა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებენ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას. არადა, გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ თურმე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. დიდი ჟრიამული ჰქონდათ ატეხილი ლავროვის მანამდელ განცხადებაზე, რომ თურმე ხელს შეგვიწყობენ აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის აღდგენაში, მაგრამ სამთავრობო ტელევიზიებმა თუ პოლიტიკოსებმა სპეციალურად გამოტოვეს ერთი მომენტი – ლავროვი ლაპარაკობდა საქართველოსა და მის “მეზობელ ქვეყნებს” – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობაზე. აგერ ახლა პირდაპირ უთხრა, რომ ილუზიები არავის ჰქონდეს… ამათ აშშ-სა და ევროპას კი არა, რუსეთსაც მოაბეზრეს თავი”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ტექნიკური მთავრობის იდეა ჩნდება ხოლმე არაადეკვატური პოლიტიკური სპექტრის გამო. თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, არ არსებობს იმედი, რომ მოახერხებენ მოლაპარაკებას და კოალიციური მთავრობის შექმნას. ჩიხში რომ არ შევიდეს ქვეყანა, ამიტომ გაჩნდა ტექნიკური მთავრობის იდეა, რაც თავისთავად კრიზისს ნიშნავს. რაღა დაგიმალოთ და, არ ველი, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. იმდენად დიდია დაპირისპირება ორ ბანაკს შორის, იმდენად არაადეკვატურები არიან პოლიტიკოსები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, რომ ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ. ძლიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ავტორიტეტი აქვს და შეძლებს ვითარების დალაგებას, ჯერ არ ჩანს. ამ ვითარებაში შეიძლება მართლაც დადგეს ტექნიკური მთავრობის შექმნა დღის წესრიგში. ყველა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი გამო­კითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის 2/3-ს ხელისუფლების შეცვლა სურს. ჩემი ვარაუდით, ვითარება ისე წავა, რომ მოუწევს “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების დათმობა. ვერც მისი აგიტაცია მუშაობს კარგად”, – დაასკვნის ანალიტიკოსი.
“ხელისუფლებებს, როგორც წესი, ყოველთვის ჰქონდათ ყველა არჩევნებზე პოზიტიური მესიჯები, დაპირებები, გეგმები. კატასტროფულ შეცდომას უშვებს “ოცნება”, როდესაც ერთი პოზიტიური მესიჯიც კი არა აქვს. უწინ ეს ოპოზიციის პრობლემა იყო, დღეს კი ხელისუფლებაც რეფერენდუმს ატარებს და ოპოზიციაც… ამიტომაც ისტორიაში ყველაზე უსახური არჩევნების პროცესში ვართ. თუ შევაფასებთ მესიჯებს, დაპირებებს, არავინ არაფერს გვპირდება ეკონომიკაში, კულტურაში, სპორტში და ა.შ. მოსკოვი, ბრიუსელი, ვაშინგტონი, ერთმანეთისთვის აგენტების ძახილი – სულ ეს არის საარჩევნო კამპანია… წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” მთავარი მესიჯი იყო, თუ არ გინდათ მიშას დაბრუნება, ჩვენ მოგვეცით ხმაო. ახლა გაჩნდა შუა ფენაც “ძლიერი საქართველოსა” და გახარიას პარტიის სახით, რომლებსაც ერთად შეუძლიათ ხმების 40%-ის წაღება. ვფიქრობ, სწორი იქნებოდა გაერთიანებულიყვნენ და შემდგარიყო პრეზიდენტის ინიცირებული პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა იქნებოდა, აუცილებლად გავიდოდნენ მეორე ადგილზე. ის, რომ ვერ შეთანხმდნენ, აჩვენებს, რამდენად მოუმზადებელია ჩვენი ლიდერშიფი და რამდენად ეგოცენტრიკულები არიან პოლიტიკოსები”, – დასძენს ირაკლი მელაშვილი.
მოჩვენებითი სიმშვიდე თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის ნიშანი – რით აიხსნება უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო
“არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა, პოლიტიკიური ძალები აქტიურად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებსა და დედაქალაქში. ცალკეული ანალიტიკოსები და პოლიტიკოსებიც მიუთითებენ, რომ ეს პროცესი, სხვა წინა არჩევნებთან შედარებით, უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს და თუ ცალკეულ უმნიშვნელო ექსცესებს არ ჩავთვლით, სერიოზული ჯერჯერობით არაფერი მომხდარა. რა არის ეს – სიმშვიდე გარდაუვალი ქარიშხალის წინ, თუ მოქალაქეებში თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის მაჩვენებელი? ანალიტიკოსთა თქმით, საზოგადოებამ წინა არჩევნების გაკვეთილებიდან გამომდინარე რაღაცეები გადააფასა და ისწავლა. თუმდა, არც ისაა გამორიცხული, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სიტუაციის რადიკალიზებისაგან შეგნებულად იკავებენ თავს. შესაბამისად, უშუალოდ 26 ოქტომბრამდე ისინი სერიოზულ ვნებათაღელვას პრაქტიკულად გამორიცხავენ, თუმცა, არჩევნების შემდგომი მოვლენების პროგნოზირება უჭირთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოჩვენებითი სიმშვიდე თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის ნიშანი – რით აიხსნება უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო.
“უჩვეულოდ მშვიდ საარჩევნო კამპანიასა და წინასაარჩევნო გარემოზე მმართველ პარტიაშიც საუბრობენ. “წინასაარჩევნოდ, ზოგადად, ხშირად არის ხოლმე პროვოკაციები, რომელსაც ეს რადიკალები აწყობენ. თუმცა, თუ შევადარებთ სხვა არჩევნებს, პროცესი რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს – მშვიდად და წყნარად. ახლა ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ბევრს ამის საშუალება არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ რა ნამუსით უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, რა უნდა უთხრან?”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მ ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების შეფასებისას. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, წინასაარჩევნოდ ასეთ სიმშვიდეს შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთის მხრივ, ამომრჩეველმა წინა არჩევნებისგან ბევრი რამ ისწავლა, ხოლო მეორეს მხრივ, არაა გამორიცხული, ოპოზიცია ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ძალებს ზოგავს და ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ სიწყნარე, დიდი ალბათობით, დასავლეთის გაფრთხილებებიდან გამომდინარეა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ, როგორც ჩანს, მართლაც რაღაცეები ისწავლა, გადააფასა და უკვე საკმაოდ კრიტიკულად უდგება პარტიების დაპირებებს და მოწოდებებს. ის, რომ საარჩევნო პროცესი შედარებით წყნარ ვითარებაში მიდის, ამას რამდენიმე ახსნა აქვს. შესაძლოა ეს იმის ბრალი იყოს, რომ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არაფერი აქვთ გარდა იმ ერთადერთისა, რასაც ოპოზიციური ფლანგი ამბობს – რომ ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, რაც, ჩემი აზრით, ამომრჩეველთა უმრავლესობაში მაინცდამაინც დიდ გამოძახილს ვერ პოულობს. მეორეც ის, რომ ისინი შესაძლოა ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. ამ ეჭვებს ის რეაქციები აძლიერებს, რასაც დასავლეთიდან ვხედავთ ჩვენი არჩევნების მიმართ – თუნდაც იმ 24 ევროპარლამენტარის წერილი, რომ ხელისუფლება არჩევნების მოპარვას აპირებს; იგივე ეუთო/ოდირის დელეგაციის განცხადება, რომ თითქოს საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ისეთი არაა, რომ ხელს უწყობდეს სამართლიან და დამოკრატიულ არჩევნებს; ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო დელეგაციების განცხადებები, სადაც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც თავისუფალი და დამოკრატიული”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ თუ შედეგები ოპოზიციის სასარგებლოდ არ დადგა, ეს განცხადებები არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი გახდეს. დღეს გვაქვს ისეთი უნიკალური სიტუაცია, რაც არც ერთი წინა არჩევნების დროს არ მომხდარა, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ცალსახად ფსონს იმ პოლიტიკურ ძალებზე დებენ, რომლებიც მათ პროევროპულად მიაჩნიათ. ანუ იგულისხმება ის პოლიტიკური ძალები, ვინც სალომე ზურაბიშვილს “ქართულ ქარტიაზე” ხელი მოუწერა. თუ ეს ძალები არჩევნებში დამარცხდნენ, ეს იმის ალბათობას ზრდის, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ დააყენონ. ამან კი ჩვენს ქართულ რეალობაში შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ ის ადამიანები, ვინც ოპოზიციურად არიან განწყობილი, ქუჩაში გამოვიდნენ, მათ მხარდაჭერა იპოვონ დასავლეთიდან და სცენარი ისე განვითარდეს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად იქნას ცნობილი და დღის წესრიგში დადგეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხი”, – განაგრძობს ანალიტიკოსი.
“აქ საპირისპირო ფაქტორია, რომ ეს ყველაფერი იმ კონკრეტულ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს, რომელიც დაადასტურებდა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სუფთად და კარგად იმუშავებს . ვხედავთ, რომ გარკვეული სერიოზული ნაბიჯები იდგმება. დღემდე არანაირი სერიოზული ძალადობრივი ინციდენტი არ მომხდარა, რაც დამკვირვებლებს მისცემდა საშუალებას ეთქვათ, რომ არჩევნები ძალადობრივ გარემოში მიდისო. ოპოზიციურმა პარტიებმა რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ძალადობა და ზეწოლა ხდება, ეს ყველაფერი ფაქტობრივ დამტკიცებას საჭიროებს. ინტენსიურად ვაკვირდები ამ ყველაფერს და ჯერჯერობით ვერც ერთი სერიოზული მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი საჯარო სივრცეში. რას აწვდიან ისინი კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვერ გეტყვით. რასაც ვუყურებთ, ცალკეული ექსცესების გამოკლებით, პროცესი მშვიდად მიდის”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“მგონია, რომ მდგომარეობა დაიძაბება, მაგრამ ახლა რომ სიწყნარეა, ამაზე ალბათ აშშ-ის სანქციებმა და დასავლეთის გაფრთხილებებმა იმოქმედა – მას აქვს რესურსი, რომ უფრო მკაცრი საქციები აამოქმედოს და მათ შორის დაასანქციროს ივანიშვილი. “ოცნების” წარმომადგენლები მანამდე დარწმუნებული იყვნენ, რომ დასავლეთი არ იმოქმედებდა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები 12 წელი გასდიოდათ. გვახსოვს წინა სხვა არჩევნებისას რა ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი – 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციონერ აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. მეორეს მხრივ, “ოცნება” იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ თითქოს წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდია, მერე რომ რაღაც ჰქონდეს სათქმელი. ამიტომაცაა ანტიკორუფციულმა ბიურომ რომ გააუქმა გადაწყვეტილება და დაუბრუნა დამკვირვებლის სტატუსი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”. თუ არჩევნებს წააგებენ, იტყვიან – აი, ჩვენ დემოკრატიულად ჩავატარეთ და არ დაგვასანქციროთო; და თუ მოიგებენ, იტყვიან, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა და ამ პროცესში მოვიგეთო”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“შესაძლოა, დარჩენილ სამკვირიან პერიოდში რაღაც ცალკეულ პროცესებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, საერთო ჯამში, იმედია, სიტუაცია არ აირევა. შესაძლოა არჩევნების დღეს დაიძაბოს ვითარება. მობილიზებულია და ძალებს კონკრეტულ ლოკაციებზე აგზავნიან. ამას შეიძლება ადამიანების მხრიდან პროტესტი მოჰყვეს, თუ რა საჭიროა კონკრეტულ უბნებზე შსს-ს წარმომადგენლების ყოფნა. გაყალბებასაც აუცილებლად მოჰყვება ხალხისგან რეაქცია და არჩევნების დღეს სიტუაცია შესაძლოა დაიძაბოს. მანამდე კი ნაკლებად სავარაუდოა”, – დასძენს ნიკა ჩიტაძე.
მირიან მირიანაშვილი – “ხელისუფლებამ თუ არ გააცნობიერა, რომ ამერიკის როლი კავკასიაში შეუცვლელია, მისთვისვე აღმოჩნდება დამღუპველი”
“ის, რომ აშშ-ში კობახიძეს შეხვედრა გაუუქმეს, კონკრეტულად კობახიძისა და საქართველოსთვის მოფიქრებული კი არ იყო, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა და აშშ-ს ბევრჯერ გამოუყენებია. რომელიმე ქვეყნის პირველი თუ სხვა ოფიციალური პირის დაპატიჟება და შემდეგ მიწვევის გაუქმება ითვლება სიგნალად, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები წყდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს აშშ-ის პარტნიორებისთვისაც სავალდებულო შესასრულებელია. ამიტომ მივიღეთ კიდეც ევროკავშირის პირდაპირი განცხადება, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ურთიერთობას წყვეტს. ეს უკვე აშშ-ის სიგნალის შედეგია. ამიტომ სიტუაციის დეესკალაცია ამ სიგნალამდე ჯობდა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის, რაც ქვეყნისთვის ახალ ნეგატიურ რეალობას აყალიბებს, არ ამოქმედდეს, რომ ამან უარყოფითი ტრენდული რეალობა არ ჩამოაყალიბოს”, – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა მისიით ჩავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში?! / “თუ არჩევნებთან ერთად იქნება დესტაბილიზაცია, მაშინ არც არჩევნები ჩაითვლება ლეგიტიმურად”.
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილმა პოლიტიკურ კომუნიკატორად დანიშნა პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც კომუნიკაციას დასავლეთი ოფიციალურად წყვეტს – ანუ ივანიშვილს მთავარი ინსტრუმენტი გამოეცალა ხელიდან. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტად ყალიბდება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ამ ანტიდასავლურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ რუსეთის დავალებით დგამს. ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობაში ნეგატივი პოზიტივით უნდა ჩაანაცვლოს, ჩამოაყალიბოს მოქმედებების ჯაჭვი, როგორც პოლიტიკური კურსი, რომელიც ამ წარმოდგენას გაანეიტრალებს. ერთია, რომ საქართველოს ხელისუფლება რთული პარტნიორია დემოკრატიის კონტექსტში, შიდაპოლიტიკურ კონტურზე, ოპოზიციასთან ურთიერთობაში, რიგ საკანონმდებლო სფეროებში, მაგრამ ამას დასავლეთი კიდევ აიტანს, ისევე, როგორც ორბანსა და სხვებს იტანს, მაგრამ თუ ის მოცემულობა ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ რუსეთის ნების შემსრულებელია, ამას დასავლეთი არ აიტანს. არც საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ასეთი იარლიყი ჰქონდეს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ამიტომ პირველი რიგის ამოცანა, რომელიც უნდა შესრულდეს და რაც ყველა მიმართულებით დეესკალაციის საშუალებას იძლევა, უნდა იყოს ამერიკის მთავრობასთან ურთიერთობის დათბობა. ამის სიგნალი კი, პირველ რიგში უნდა მოდიოდეს ივანიშვილისგან, რადგან ისინი პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილს მოიაზრებენ. საარჩევნო მოდელი ისეთია, რომ ახლა “ქართულმა ოცნებამ” რომც წააგოს, პრეზიდენტის დანიშვნას მაინც შეძლებს და ეს ბერკეტია ივანიშვილის ხელში. ამიტომ, რადგან ივანიშვილისგან იყო მთავარი ანტიდასავლური რიტორიკა, ამაში მომავალი პრეზიდენტის ლექსიკა დაინახეს და ამიტომ აქვთ ასეთი რეაქცია. შესაბამისად, ივანიშვილმა არა კობახიძის ხელით, არამედ თავად, აშკარად ან ფარულად უნდა გაუგზავნოს მათ ერთი წინადადება, თუ როგორ მოიაზრებს ამერიკის მხარეს საქართველოსთან პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ეს ძალიან მარტივი სვლაა და პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავს, დეესკალაციას მომენტალურად მოიტანს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, სწორედ ასე ჩათვალა მეუფე იკობის ეს ვიზიტი ამერიკის ხელისუფლებამ, რომ მღვდელმთავარი ივანიშვილის გაგზავნილი პირია. ამიტომ შეხვდნენ და რაც მთავარია, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაასაჯაროეს. როგორც დასავლელ პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა წრეებში განიხილავენ, ამერიკელები მეუფე იაკობს სწორედ იმ მიზნით შეხვდნენ, აქედან იყო ინფორმაცია, რომ მას საქართველოდან გარკვეული ეპისტოლე ჩააქვს. შესაძლებელია, ნაბიჯი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ივანიშვილმა უნდა გადადგას-მეთქი, სწორედ მეუფე იაკობის მეშვეობით უკვე გადადგა. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეგზოტიკურია, როდესაც საეკლესიო წარმომადგენელს გზავნი ამ მისიით, მაგრამ ვინაიდან პრემიერ-მინისტრისთვის კარი დახურული აღმოჩნდა, ეს ცუდი ვარიანტი არაა, მით უმეტეს, ამერიკელებმა იციან, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს საქართველოში და ჩათვალეს, რომ ეს კომუნიკაცია არ იქნებოდა რთული და გაუგებარი”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რა გზავნილი გადასცა მეუფე იაკობმა ამერიკელებს ივანიშვილისგან, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ – ჩემი აზრით, ეს არის პირადად ივანიშვილის გზავნილი, თორემ მეუფე იაკობს, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება სალაპარაკოდ არ შეხვდებოდა. ამიტომ ახლა შედეგებს უნდა ველოდოთ. ყველაფერი ორ-სამ დღეში გაირკვევა… ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ აქციებს, რომლებიც საარჩევნო შედეგების გამოცხადებას მოჰყვება, ამერიკის ხელისუფლებამ არ დაუჭიროს მხარი. ერთი მხრივ, ეს იქნება ამერიკელების მიერ მხარის უკვე საბოლოოდ არჩევა შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში და მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეების დიდი ნაწილი ამერიკის მხარდაჭერას აღიქვამს როგორც სერიოზულ წახალისებას. პროდასავლურად განწყობილი ადამიანებისთვის ამერიკის ხელისუფლების განცხადებებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენი პარტიების აქტივობებს. ამიტომ ივანიშვილისთვის პოლიტიკური კომუნიკაცია ამერიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ელექტორატთან, და არა პარტიებთან, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, როგორც ჩანს, ახლა კითხულობს, რა არის საფასური იმისა, რომ ამერიკელებმა მისთვის ნეგატიური როლი არჩევნების შემდგომ პროცესებში არ ითამაშონ”, – დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“ამაზეც პასუხს, თუ რა იქნება ამერიკელების ფასი, ორ-სამ დღეში, მაქსიმუმ ერთი კვირაში გავარკვევთ. ეს უპირველესად დაეტყობა ამერიკის ელჩისა და ევროპელების განცხადებებსაც. დღეს პროცესები ძალიან აჩქარებულია და დროულად გარკვევა და რეაგირებაა საჭირო. მესმის, რომ საქართველოში რუსეთი ჰგონიათ კონსტანტა. არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის, ბიზნესის დიდ ნაწილსაც ვერ წარმოუდგენია ურუსეთო კავკასია და ურუსეთო საქართველო, მაგრამ ეს რეალობა, ანუ ურუსეთო კავკასია, ჩვენი აქტივობების გარეშეც ჩამოყალიბდება. უკრაინაში ომი მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, სადაც ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური ელემენტია საქართველო, ვისთვისაც ამერიკას და ევროპას კოლოსალური თანხები აქვთ დახარჯული და ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებიდან მომდინარეობს, მათთვის არასაკმარისია საკუთარი მიზნების შესაცვლელად. ამიტომ პროცესები ცოტა ხანში უფრო აჩქარდება და, თუკი ფეხი არ ავუწყვეთ, საქართველოს ხელისუფლებამ თუ არ გააცნობიერა, რომ დასავლეთის და პირველ რიგში, ამერიკის როლი კავკასიაში შეუცვლელია და ამას წინ აღუდგება, მათთვისვე აღმოჩნდება დამღუპველი”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“როგორც ჩანს, ამერიკელები ამას ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ადეკვატურად გაიაზროს ამერიკის მომავალი როლი კავკასიაში. ამიტომ ყველა დაელოდება ამერიკელების პასუხს და ცხადია, პირველ რიგში, ივანიშვილი, როგორც გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები. იმედია, დათბობისკენ გადადგმული ნაბიჯი შეუქცევადი გახდება, რადგან კიდევ ერთხელ გადახტომა-გადმოხტომას დასავლეთი არ გვაპატიებს”, დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “რას შეიძლება სთავაზობდეს ივანიშვილი ამერიკას, რა მესიჯით იქნება წასული მეუფე იაკობი?” – პასუხობს:
“ივანიშვილმა უნდა გამოიცნოს, მათ რა უნდათ, მერე ამის რეალიზების გეგმა უნდა შესთავაზოს და პოლიტიკური ვაჭრობაც ამ კონტექსტში უნდა წარიმართოს. არა მგონია, “ოცნება” ისეთი მიამიტი იყოს, აქედან ამერიკელების გაგდება უნდოდეს. ჩვენ გარშემო ყველგან ომია, თან ცხელ ფაზაში, საქართველო ომის რკალშია მოქცეული. აქ სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამერიკაა. ამერიკის შიში ფუნდამენტური მოცემულობაა მთელ მსოფლიოში, რადგან ის არის დომინანტი. ამიტომ შესაძლოა ივანიშვილი რეგიონში მიმდინარე ამ პროცესებმაც დააფრთხო და ჩამოუნგრია წარმოდგენების ის სამყარო, რომ ამერიკა რეგიონიდან გადის და ა.შ. ამიტომაც მგონია, ივანიშვილმა რაიმე კი არ შესთავაზა, არამედ იქითა მხრიდან ელოდება დეესკალაციის პროექტს, თუ რა უნდათ მისგან ამერიკელებს. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ივანიშვილს ასევე აინტერესებს, რა დოზით შეეგუებიან ამერიკელები მისი ხელისუფლებაში ყოფნის გაგრძელებას და როგორ შეხვდებიან მის პრეზიდენტობას. რაც პოლიტიკაში დაბრუნდა, ცხადი გახდა, რომ ის არის პრეზიდენტობის კანდიდატი. ამასთან, სხვა კანდიდატი რომ ჰყავდეს, უკვე ორი-სამი თვის დაწყებული მაინც იქნებოდა მისი გაპიარებისთვის კამპანია”.

ასევე დაგაინტერესებთ