ისტორიული შანსი და შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას – ყოფილმა პრემიერმინისტრმა და Reformatics-ის დამფუძნებელმა დღეს საჯარო შეხვედრა გამართა.
ნიკა გილაურმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა და რეფორმების გეგმა წარადგინა. დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი რეგიონალური და საგარეო პოლიტიკაა გასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე, გლობალური გადაწყობის პროცესიდან გამარჯვებული გამოვიდეს.
“რა მოხდა ამ რეგიონში და რატომ ახლა. დასანქცირდა კომპანიები, დასანქცირდა ასევე რუსული გადამზიდი კომპანიები, დასანქცირებულია ირანი. ეს არის ერთადერთი დერეფანი დარჩენილი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს დასავლურმა კომპანიებმა შესასვლელად. რა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ დღეს არის მომენტუმი. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
პირველი ფაქტორი ეს არის ენერგეტიკა- როგორც ხედავთ ასევე გაზით და ნავთობით რეგიონი დაკავშირებულია თავიდან ბოლომდე რუსეთის ინფრასტრუქტურას და ნოვოროსიისკის პორტს. ყაზახური ნავთობი 100%-ით არ მიედინება რუსეთის გავლით. 60 მილიონი ტონა მიედინებოდა რუსეთის გავლით და აქედან ორი მილიონი ტონა მიედინება აქეთ. მაგრამ ეს უკვე არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, როგორც ჩვენი რეგიონისთვის ასევე მსოფლიოსთვის. გარდა ამისა უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სიტუაციაში ეს მილსადენი ბაქო-სუფსა არის მშრალი, საერთოდ არ მუშაობს. არადა ყაზახეთში არის ამერიკული კომპანია “შევრონი” რომელსაც 15-20 მილიონის ტონის გატარება უწევს რუსეთზე და მისთვის უმნიშვნელოვანესია დივერსიფიკაცია, რომ რუსეთზე არ იაროს. აი, ეს არის დღეს მდგომარეობა, რომ საქართველომ დამატებითი რესურსი უნდა გამოყოს, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს, მოიზიდოს ეს ინვესტიციები და არაჩვეულებრივი პერსპექტივა გვაქვს, რომ გავხდეთ მართლა რეგიონული ჰაბი.
გეოპოლიტიკური დაინტერესება ამ რეგიონისა, ევროპის მიმართ, ჩვენი კორიდორის მიმართ, არის რეალური და ლაპარაკი არის 60 მილიარდ დოლარიან ბრუნვაზე წელიწადში. დივერსიფიკაციის შედეგად, 15%-20% -25% წამოვიდეს, ეს იქნება უზარმაზარი შემოდინება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ არის, რომ საქართველო უნდა დარჩეს დერეფნად. დერეფნის კონცეფცია ძალიან კარგი იყო თავის დროზე და იმუშავა კიდეც ბაქო-თბილისი- ჯეიჰანმა და ბაქო -თბილისი -ერზრუმმა და ამან თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გამოიღო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში დერეფანზე არ მაქვს ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს ლაპარაკი ე.წ ჰაბ- ეკონომიზე.
პლატფორმა სადაც დასავლურ კომპანიებს შეეძლებათ შემოვიდნენ და მერე აქედან შევიდნენ რეგიონში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექნება, დემოკრატიული ინსტიტუტები, არჩევნები, განვითარებული საფინანსო სექტორი, თავისუფალი დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენ შევქმნით იმ გარემოს, რომელიც არის მისაღები ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის.
ამ კორიდორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ასევე ყარსი- ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც საქართველოს აერთიანებს თურქეთთან, რომელიც აშენდა 2014 წელს, რომელიც ფუნქციონირებადი უნდა ყოფილიყო აქამდე უპრობლემოდ და არ ფუნქციონირებს დღემდე. აი ეს არის უზარმაზარი პოტენციალი. გაკეთებული გვაქვს 100 გვერდზე მეტი დოკუმენტი, რომელშიც ეს ყველაფერი არის გაწერილი ციფრებში,” – განაცხადა ნიკა გილაურმა პრეზენტაციაზე.
Reformatics-ის დამფუძნებელმა ლექციის შემდეგ, აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
კითხვაზე, – რას აპირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში, გილაურმა ასეთი პასუხი გასცა.
“მე მართალი გითხრათ არც მაშინ ვთვლიდი თავს პოლიტიკოსად, მაშინაც ტექნოკრატად ვთვლიდი საკუთარ თავს. არცერთ პარტიაში არასდროს არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. პრემიერმინისტრიც რომ ვიყავი მაშინაც ტექნოკრატი ვიყავი რომ იცოდეთ.
12 წელი ჩვენ ვიმუშავეთ რეალურად ამ ჩვენი კომპანიის განვითარებაზე, ჩვენს რეგიონზე, ძაან საინტერესო არის ძალიან ბევრ კარგ რამეს ვაკეთებთ. უბრალოდ მივხვდი, რომ დღეს თუ საზოგადოებამ დამატებით არ იცის რა შესაძლებლობას უშვებს ხელიდან გარდა ევროკავშირისა, ჩავთვალე რომ ჩემი ძალიან დიდი მინუსი იქნებოდა.” – თქვა ნიკა გილაურმა.