26 ოქტომბრის არჩევნები არ არის მარტო ევროპისთვის გზისა და ხმის მიცემა. ეს არის არჩევანი, სად იქნებიან ხვალ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ნარკო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ „ეს უნდა შევცვალოთ, თორემ მივიღებთ იმას, რომ ერი გადაგვარდება“.
„დარწმუნებული ვარ, აქ მდგარ მშობლებს, ყველას გაწუხებთ ნარკომანია ქვეყანაში. ეს არის კატასტროფა. ეს არის ნელი სიკვდილი, რომელიც შემოაგდეს და რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობა მიჰყავს. სამწუხარო რეალობა, რომ გაერო-ს მონაცემებით, საქართველო ინექციური ნარკომანიით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს უნდა შევცვალოთ, თორემ მივიღებთ იმას, რომ ერი გადაგვარდება. მილიონ ნახევარი ადამიანი წასულია ემიგრაციაში, აქეთ უზარმაზარი პანდემია გვაქვს ნარკომანიის სახით, უმუშევრობა და ა.შ. ამიტომ, 26 ოქტომბერი არ არის ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არ არის მარტო ევროპისთვის გზისა და ხმის მიცემა. ეს არის არჩევანი, სად იქნებიან ხვალ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები სად იქნებიან ხვალ. ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველას მინდა მივმართო განსაკუთრებით, „ოცნების“ ამომრჩევლებს – ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, მაგრამ დაფიქრდით, 12 წელი ტყუილში ცხოვრება, 100 ქარხანა, უფასო ფული, „ევროპას გავაკვირვებთ დემოკრატიით“, სად არის ეს ყველაფერი? თუ გინდათ, რომ ჭაობში ვიყოთ, მაშინ „ოცნებას“ უნდა მისცეთ ხმა; თუ გინდათ, რომ უმუშევრობა გაგრძელდეს, მაშინ „ოცნებას“ უნდა მისცეთ ხმა; თუ გინდათ ნარკომანია არ მოისპოს, „ოცნებას“ უნდა მისცეთ ხმა; თუ გინდათ, რომ ამდენი ემიგრაცია გვქონდეს ამ ქვეყანაში, „ოცნებას“ უნდა მისცეთ ხმა და ვისაც ეს არ უნდა, მაშინ ხმა უნდა მისცეთ „ძლიერ საქართველოს“,- აღნიშნა ხაზარაძემ.
როგორც ხაზარაძემ საუბრისას აღნიშნა, „შესაძლებელია, რომ საქართველო „ტვირთის, ინტელექტისა და ცოდნის გამავრცელებელი ქვეყანა იყოს“.
„მინდა ჩემს პარტნიორებს, მეგობრებს ვუთხრა, რომ ყველაფერი ის, რაზეც ვიკამათეთ, დღეს რეალობაში არის გადაქცეული. გუშინ ვიყავით რაჭაში, ახლა მოვდივართ ზესტაფონიდან. ვიყავით ქუთაისში, შევხვდით პენსიონერებს. მათ არითმეტიკულად ავუხსენით ზუსტად ის, რომ შესაძლებელია, ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ ათასი ლარი პენსია; შესაძლებელია, რომ ჩვენს საქართველოში უახლოეს, მოკლე დროში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი და შესაძლებელია, ყველამ ერთად ის დანაშაული გამოვასწოროთ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიასთან დაკავშირებით ჩაიდინა. დავამთავროთ მისი მშენებლობა, რათა საქართველომ მიიღოს რეალური ფუნქცია; რომ სამეგრელო აყვავდეს; რომ ჩვენ გვქონდეს ის ძლიერი ბერკეტი, რომ ვიყოთ მოთამაშე რეგიონში; რომ ჩვენ ვიყოთ ტვირთის, ინტელექტისა და ცოდნის გამავრცელებელი ქვეყანა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.