შვედებს ტექსტილის (წინდების და თეთრეულის) გადაყრა აეკრძალებათ

2025 წლიდან შვედეთში ტექსტილის სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა აიკრძალება. ამოქმედდება ახალი კანონდათქმა, რომლის მიხედვით, ძველი ტანსაცმელი, წინდები, თეთრეული და პირსახოცები ცალკე კონტეინერში უნდა განთავსდეს და გადასამუშავებლად გაიგზავნოს.
პირველ ეტაპზე ტექსტილის ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალიტეტები. თუმცა, შესაძლოა, შემოდგომაზე ევროპარლამენტმა კენჭი უყაროს ახალ კანონს, რომელიც ამ პასუხისმგებლობას უშუალოდ მწარმოებლებს დააკისრებს.
ევროკავშირის გეგმავს შეამციროს ტექსტილისა და საკვების ნარჩენები, უფრო კონკრეტულად, 2040 წლისთვის მათი მოცულობა 33%-ით და 20-40%-ით უნდა შემცირდეს. ამის მისაღწევად ტექსტილის მწარმოებლებსა და გამყიდველებს ევროკავშირში მოეთხოვებათ ნარჩენების ცალკე შეგროვება, დახარისხება და გადამუშავება, ან ამისთვის გადასახადის გადახდა მოუწევს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად საშუალო ევროპელი აგდებს დაახლოებით 11 კილოგრამ ქსოვილს, რომელთა უმეტესი ნაწილი არ გადამუშავდება. ამ მასის 87% იწვება ან იყრება ნაგავსაყრელებზე. ევროკავშირის მაცხოვრებლებს, ისევე როგორც რესტორნებს, კვების სერვისებს და ყველას, ვინც აწარმოებს და ყიდის საკვებს, მოუწევთ საკვების ნარჩენების შემცირება.
ეს ზომები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიაღწიოს ახალ მიზანს 2035 წლისთვის: თითოეულმა ოჯახმა უნდა გამოიმუშაოს 50%-ით ნაკლები საკვების ნარჩენები, ვიდრე ახლა.
ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს ტექსტილის ნარჩენების მოცულობის შემცირებას. მაგალითად ფინეთის ქალაქ ლაჰტის მაცხოვრებლებს ეძლევათ კუპონები უფასო ყავისთვის ან აუზში ვიზიტისთვის, თუ ისინი გადაამუშავებენ ძველ წინდებს, ბალიშის პირებს, ბალიშებს, საბნებს, ხალიჩებს და სხვა ქსოვილებს.
უნგრეთში ისინი გაზრდიან ძველი ტანსაცმლის კონტეინერების რაოდენობას. 2027 წლისთვის უნგრეთს ექნება ოთხჯერ მეტი კონტეინერი ძველი ტანსაცმლის შესაგროვებლად. მათი რაოდენობა 1,5 ათასიდან 6 ათასამდე გაიზრდება. 250 კილოგრამ ქსოვილზე გათვლილი ახალი კონტეინერები გამოჩნდება ყველა ადგილას, სადაც 2 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შეგროვებული ტანსაცმელი გადასამუშავებლად გაიგზავნება.