IMF-თან ურთიერთობის აღდგენა, ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა – სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობის დღის წესრიგს აჟღერებს

“სანქციებს, რომლებიც მზადდება, ამას დრო უნდა, რადგან იყოს დასაბუთებული, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, როგორია მისი შთაბეჭდილება და მოლოდინი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის მერე. რა განვითარება ექნება და რამდენად მოსალოდნელია სანქციები მმართველი ხელისუფლების ლიდერების მიმართ.
“ამერიკის მიდგომა ძალიან ნათელია და ეს დოკუმენტებშიც წერია, აგრძელებთ ასე, მიიღებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც უკვე დაწყებულია, სანქციებს, რომლებიც მზადდება, ამას დრო უნდა, რადგან იყოს დასაბუთებული, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ. ესეც ნათქვამი აქვთ, რომ ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ არავინ თქვას, რაიმე ფორმით არჩევნებში ვერევითო. ეს ითქვა ყველა მხრიდან – ამერიკელებისგან და ამერიკისგან არის ძალიან დიდი სიფრთხილე”,- განაცხადა პრეზიდენტმა TVპირველის ეთერში.
TVპირველის ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.
ზურაბიშვილმა 4 ნაბიჯი დაასახელა. მათგან ერთ-ერთი ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლაა. მისი თქმით, კუპრაშვილის უწყება, რომელიც დღეს ბუტაფორიაა პარლამენტს დაექვემდებარება [დღეს აპარატი პრემიერთან არსებულია].
” ანტიკორუფციული სააგენტო დღეს ბუტაფორიაა და დაკავებულია იმით, როგორ დააშინოს არასამთავრობოები და სხვადასხვა ორგანიზაციები. ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიოს ის მთელი დასტა საქმეების რომელიც არსებობს.
საქართველოს ყველა მოქალაქემ, დღეს იცის, რომ კორუფცია ყველგან ყვავის და ამას უნდა მიხედოს ამ სააგენტომ. ასევე, ეს სააგენტო გადმოვა უკვე პარლამენტის დაქვემდებარებაში, სადაც რამდენიმე პარტია იქნება უმრავლესობაში. ანუ, არ იქნება ერთპარტიული და ისე გააგრძელებს სამუშაოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკური ცენტრი პარლამენტი გახდება, რომელიც დღეს ასევე ბუტაფორიულია.
კოალიციური [დროებითი]მთავრობის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა ისიც თქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი, სავალუტო ფონდთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს.
“თუ მთავრობა შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან, ვხედავთ თუნდაც ამ ოთხ კონსოლიდირებულ პარტიაში რამდენია სხვადასხვა მოსაზრება, წყენა, თუნდაც დაპირისპირება. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ერთ მიზანი, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მიგვიყვანს მომავალი წლის ივნისამდე, იმ ადგილამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მთავრობას ექნება ერთი მანდატი, რომ შეასრულე ეს. ხომ გადანაწილებულია, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები, მთავრობამ უნდა აღადგინოს ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. უნდა აღადგინოს ურთიერთობა სავალუტო ფონდთან, სადაც ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. პროგრამა აღარ არის, შეწყვეტილია. ანუ, მთელი რიგი მე ვიტყოდი ტექნიკური საკითხებია. არანაირი ახალი ინიციატივის და ახალი პოლიტიკის გატარება არ მოხდება ამ ერთი წლის თუ 9 თვის განმავლობაში.ის უნდა იყოს სრული გაგებით აღმასრულებელი იმ ქარტიის, რასაც ხელი მოაწერეს პარტიებმა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს, უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.