“ერთბაშად სუბსიდირებიდან გამოსვლა ძალიან რთულია” – რატი კოჭლამაზაშვილი გამოსავლის გზებზე

ყურძნის სუბსიდირების გაფართოებული მასშტაბი, სახელმწიფოს მიერ შესყიდული ჭარბი ყურძენი და ფასი, რომელსაც ბაზარს ისევ სახელმწიფო უსაზღვრავს – საქართველო ყურძნის წარმოების სექტორში მანკიერი წრიდან ვერ გამოდის.
გამოწვევები, რომელიც ყურძნისა და ღვინის წარმოებას უკავშირდება წლიდან წლამდე უცვლელია. ეკონომისტები ამბობენ, რომ დანერგილი სქემა ამახინჯებს საბაზრო პრინციპებს და ფერმერი არა ხარისხიან ყურძნის მოყვანაზე, არამედ დიდი რაოდენობით მოსავლის მიღებაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად ღვინის ხარისხზეც აისახება.
სუბსიდირების მანკიერ მხარეებზე ფერმერთა ასოციაციაშიც საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოში მეღვინეები, რომლებიც ღვინის მაღალ ხარისხზე არ არიან ორიენტირებული, ნედლეულში მაღალ ფასს არ იხდიან, რაც ფერმერს გაძვირებული ყოველდღიური ხარჯების ფონზე მნიშვნელოვნად აზარალებს.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია სუბსიდირების არსებული სქემა შეიცვალოს, რადგან ამ სქემიდან ერთბაშად გამოსვლა ვერ მოხდება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ხარისხიანი ყურძნის ხელშეწყობა უნდა მოხდეს და სქემაში ჩართვის უფლება იმ მეღვინეებს უნდა ჰქონდეთ, რომლებიც მაღალ ხარისხზე არიან ორიენტირებული და ღვინოსაც შესაბამის ფასად ყიდიან.
“ერთბაშად სუბსიდირებიდან გამოსვლა ძალიან რთულია და ერთ-ერთი გამოსვლის ნაბიჯი შეიძლება იყოს სწორედ ეგ რომ ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირება მოხდეს. არსებობს სხვადასხვა კოეფიციენტები, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ ამ კუთხით. ცალკეული დარგის სპეციალისტების ჩართულობით უნდა მოხდეს, მაგალითად დღეს რძეში არის კოეფიციენტი, რის მიხედვითაც ფასი დგება პარამეტრების შესაბამისად, დამატებით თუ არის ეს პარამეტრები მეტს იხდიან კომპანიები. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ ხდება. შესაბამისად, შეიძლება მსგავსი მექანიზმების გადატანაც ყურძენში და წახალისება ამ მიმართულებით, რომ მოხდეს უფრო ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და მეორე მხრივ კომპანიების მხრიდანაც, შეიძლება სამსჯელოა ეს თემა, მაგრამ ისეთ კომპანიებს მიეცეთ უპირატესობა, რომლებიც უფრო შედარებით მაღალი ღირებულების ბაზრებზე გადიან ან ცდილობენ რომ გავიდნენ და შედარებით ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ,” – ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
საქართველოში რთველი 2008 წლიდან, ს მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ სუბსიდირდება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი 2021 წელს დახარჯა. 2023 წელს კი ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯა.