მედიაკოალიცია: „ოცნებისგან“ რეკლამის გავრცელების მოთხოვნა ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ბანერებსა და ვიდეორგოლებში ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრების გამოყენებას და გმობს ტელევიზიებისადმი მათი გავრცელების მოთხოვნას.
კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის.
„დამოუკიდებელი მედია საშუალებების – მთავარი არხის, ტვ პირველის და ტელეკომპანია ფორმულას – მიმართ “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
“ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწყობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“, — ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს