„მუნიციპალიტეტებს უფლება უნდა მიეცეთ, თვითონ დააწესონ, გააუქმონ, გაზარდონ ან შეამცირონ გადასახადები“

„ეკონომიკური დეცენტრალიზაციის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, მუნიციპალიტეტებს უფლება უნდა მიეცეთ, თვითონ დააწესონ, გააუქმონ, გაზარდონ ან შეამცირონ გადასახადები“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საგადასახადო პოლიტიკის კუთხით საქართველო მკვეთრად ცენტრალიზეული ქვეყანაა.
„ეკონომიკური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი გამოითვლება რამდენიმენაირად. ერთ-ერთი არის საგადასახადო დეცენტრალიზაციის წილი, რაც გულისხმობს იმას, თუ რამდენად შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას დააწესოს, გააუქმოს, გაზარდოს ან შეამციროს გადასახადები. საქართველოს შემთხვევაში საგადასახადო დეცენტრალიზაცია არის დაახლოებით 14%, რაც ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო შემოსავლების 14% რჩება ადგილობრივ ხელისუფლებას, დანარჩენი კი ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტში მიდის.
თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას ეს თანხები მართოს. ასე ჩამოვდივართ უკვე 4-5%-ზე, რადგან მხოლოდ ქონების გადასახადია, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია აკონტროლოს და ისიც შეზღუდულად, რადგან ქონების გადასახადი 0,1-დან 1%-ის ფარგლებში მერყეობს და მხოლოდ ამ დიაპაზონში შეუძლია მართოს ეს გადასახადი.
ამიტომ საქართველო მკვეთრად ცენტრალიზებულია. შეიძლბა ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალიზებულიც კი ევროპის კონტინენტზე“,- აღნიშნა ეკონომისტმა.
მან მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტებისთვის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლების მინიჭება, რეგიონებს შორის კონკურენციას გაზრდის.
„თუ ადგილობრივ ხელისუფლებას მივცემთ საგადასახადო დეცენტრალიზებას, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა საქართველოში საშემოსავლო გადასახადი არის 20%, რომელიმე მუნიციპალიტეტმა, მაგალითად ქუთაისმა, შეიძლება ის მკვეთრად შეამციროს და ბევრ ადამიანს უკვე მოუნდეს იქ ცხოვრება და მუშაობა.
ცვლილებები შეიძლება შეეხოს ხუთივე ტიპის გადასახადს და ეკონომიკურ რეგულაციებს. მაგალითად ტექდათვალიერების რეგულაციები თბილისში შეიძლება იყოს სხვანაირი და რეგიონებში, საჭიროებებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტები განსაზღვრავდნენ ამ რეგულაციებს. ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება უნდა მივცეთ თავად განსაზღვროს გადასახადების ოდენობა.
ასეთია ასევე მოგების გადასახადი, რომელიც არის 15% და წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე რეგიონმა ის 5%-მდე შეამციროს. ასეთ შემთხვევაში ბიზნესის უდიდესი ნაწილი შეიძლება გადავიდეს ამ რეგიონში და გაჩნდეს კონკურენცია რეგიონებს შორის.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ხელისუფლებებს ხარჯების ნაწილში მიეცეს მეტი თავისუფლება და მათ თვითონ განსაზღვრონ ის მიმართულებები, რაზეც თანხები გამოიყოფა. თუ საგადასახადო თავისუფლება ექნებათ, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც ექნებათ მეტი დამოუკიდებლობა და რესურსებს საკუთარი შეხედულებების მიხედვით გამოიყენებენ“,- აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი