რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს ტურიზმის განვითარებაში? – თორნიკე ცირამუას მოსაზრება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად, ინოვაციური ტექნოლოგია სხვადასხვა სექტორშიც იკიდებს ფეხს და ტურიზმის ინდუსტრიაშიც უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება.
ქართული სტარტაპ Biliki.AI-ის თანადამფუძნებელი, თორნიკე ცირამუა აღნიშნავს, რომ წლების წინ, როდესაც გუნდი სამოგზაურო აპლიკაცია Biliki-ზე მუშაობდა, ჰორეკა სექტორისგან სიახლეების მიმართ მიუღებლობა შეინიშნებოდა, რაც დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, იცვლება – ამის შესახებ ცირამუა BMGDrive-ის ეთერში საუბრობს.
“როდესაც 4-5 წლის წინ Biliki App-ზე მუშაობს ვიწყებდით და ველაპარაკებოდით ბიზნესებს, ჰორეკა სექტორს, მათთვის ძალიან რთული იყო სიახლეებთან და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება. ცნობიერება ყოველთვის ასამაღლებელი იყო, რასაც ხელი შეუწყო ფაქტმა, რომ რეგიონებში აქტიურად დაიწყო გასვლები და სტარტაპ პროგრამები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რაც ტურიზმის სექტორსაც მოიცავს.
ტურიზმის სექტორს ვაწვდით ამ ინფორმაციას, ახალ მიდგომებს ვთავაზობთ, როგორც ინოვაციური, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ვეუბნებით, რომ კი არ უნდა შეგეშინდეთ, პირიქით, ეს არის დამატებითი ხელსაწყო იმისთვის, რომ გაზარდო შენი ბიზნესი”, – განმარტავს ცირამუა.
Biliki.AI აპლიკაცია Biliki-ს შემქმნელებმა 2023 წლის ბოლოს აამოქმედეს. პლატფორმა მოგზაურებს ეკომეგობრული ტურების დაგეგმვაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეხმარება და პერსონალიზებულ შეთავაზებებს აგენერირებს.
“მომხმარებელს, რომელსაც უნდა, რომ დაგეგმოს მისთვის სასურველი ეკომეგობრული მოგზაურობა, ნახევარზე მეტმა არ იცის, სად ნახოს მსგავსი ტიპის შეთავაზებები, ინფორმაცია სულ გაფანტულია და სხვადასხვა პლატფორმა განსხვავებულ შეთავაზებას იძლევა. საბოლოო ჯამში ეს პროცესი დროში გაწელილი და კომპლექსურია. ეს ბარიერები დავინახეთ ბაზარზე და უკვე ერთიან სივრცეში უფრო სწრაფ და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ მომხმარებელს და აქ შემოდის ხელოვნური ინტელექტი, როგორც დამხმარე საშუალება.
გლობალურად უკვე გვაქვს სხვადასხვა პლატფორმები, ჩვენი კონკურენტების სახითაც, რომლებიც ასევე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მოგზაურობის დაგეგმვის მიზნითაც. ის დამხმარე საშუალება, ასისტენტი, რომელიც რეკომენდაციებს იძლევა და ჩვენს მაგივრადაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია. “ბილიკის” შემთხვევაში ეს რეკომენდაცია ძალიან პერსონალურიცაა, მიზანიც ეგ არის და ამას ვახერხებთ”, – ამბობს ცირამუა.
Biliki.AI-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ პლატფორმა მზა ტექნოლოგიებს არ ეყრდნობა და ხელოვნური ინტელექტის მოდელს თავად წვრთნის, რადგან ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაცია საკმარისი არ არის.
“ბილიკი არ იყენებს პირდაპირ გადმოღებულ ტექნოლოგიას და არ ვენდობით მზა პროდუქტს, სადაც ბევრი სხვადასხვა ტიპის არასწორი ინფორმაცია შეიძლება იყოს ჩაშენებული. მაგალითად, როდესაც საქართველოზე ვეძებთ ინფორმაციას, იგივე სტილის დახვეწილ შედეგს ვერ გვთავაზობს არსებული პლატფორმები, როგორც, მაგალითად, იტალიის შესახებ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მონაცემთა ბაზა, რომელსაც შემდეგ “ვაჭმევთ” ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ უფრო დახვეწილი და პერსონალიზებული ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს”, – ამბობს თორნიკე ცირამუა.
ცირამუა აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ტურიზმის ინდუსტრიაშიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და მისი როლი ფინანსური კუთხითაც იზრდება. რაც შეეხება მდგრად ტურიზმს – ინდუსტრიას, რომელსაც Biliki.AI ერგება – ის -ის ტურისტული ბაზრის წილის 40%-ს შეადგენს და $120 მილიარდადაა შეფასებული.

ასევე დაგაინტერესებთ