ინვესტორები ენერგეტიკის სექტორში ბიუროკრატიის შემცირების საჭიროებაზე საუბრობენ

ენერგეტიკის განვითარების ხედვები, ინდუსტრიის წინაშე არსებული შესაძლებლობები, გამოწვევები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივები განიხილეს შეხვედარზე, რომელიც ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის’’ ორგანიზებით გაიმართა. საუბარი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილებებს. შეხვედრის დეტალებზე ,,კომერსანტი’’ ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს მაია მელიქიძეს ესაუბრა.
,,შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რეალობა და მოცემულობა. ამასთანავე პოლიტიკის შემქმნელებმა წარმოადგინეს ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო გეგმა. გაგვიზიარეს სამიზნე ნიშნულები, რომელსაც ქვეყანამ 2030 წლისთვის უნდა მიაღწიოს, როგორ ხედავენ ისინი კერძო სექტორის ჩართულობას მთელს ამ პროცესში. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ნეტო აღრიცხვა. მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევები. 2027 წლის 1 იანვრიდან ნეტო აღრიცხვა ჩერდება. იყო კითხვები ამ სიახლესთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება გადასვლა, რა იქნება მოთხოვნები. იყო საუბარი იმ რეალობაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ბიუროკრატია ჩვენს ქვეყანაში. გადავიდეთ უფრო გამარტივებულ პროცესზე და სქემაზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო უწყებების მხრიდან საჭირო დოკუმენტაციის დროულად გაცემას.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში მაია მელიქიძე.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მეტი ხელშემწყობი მექანიზმის შემოღების საჭიროებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მშენებლობის დაწყების გაჭიანურებაზე. მაია მელიქიძე აცხადებს, რომ მემორანდუმების გაფორმების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების დაწყება დროში იწელება და პროცესის დაწყებას მინიმუმ 6 თვე სჭირდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, კერძოს სექტორი ბიუროკრატიის შემცირებას ითხოვს.
,,გამოიკვეთა ის, რომ კერძოს სექტორს სჭირდება მეტი ხელშემწყობი მექანიზმი. მართალია არსებობს პირდაპირი სახით ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა, თუმცა კერძო სექტორი ითხოვს ამ პროცესების უფრო დაჩქარებას. იმას, რომ სამშენებლო ეტაპზე მოხდეს დროულად გადასვა. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხელშეკრულების ან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დროულად გადავიდეს სამშენებლო ეტაპზე, იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ეს დღეს ხდება. ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება მინიმუმ 6 თვე თუ უფრო მეტი არა, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის და ინვესტორებისთვის ნებართვების აღების შემდეგ უკვე აღარ გაჭიანურდეს პროცესები და სწრაფად მოხდეს მშენებლობა, რადგან უკვე გენერაციის მხრივ ჩვენ სერიოზულ სირთულეს ვაწყდებით. ერთის მხრივ, ეს არის სახელმწიფოს პრობლემა და მეორეს მხრივ, კერძო სექტორის პრობლემა.’’- აცხადებს მაია მელიქიძე ჩვენთან საუბარში.
მაია მელიქიძეს ვკითხეთ, თუ რა იწვევს მშენებლობის ეტაპზე გადასვლის გაჭიანურებას. მისი თქმით, პროცესს მოსახლეობის პროტესტი აფერხებს. რისთვისაც საჭიროა მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია.
,,ადგილობრივ მოსახლეობასთან არის ხოლმე დაკავშირებული პრობლემები, მუნიციპალიტეტების ჩართულობა უფრო აქტიურად არის საჭირო. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არის უფრო მეტად საჭირო. ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ბარიერების შექმნა და დროში გაწელვა სხვადასხვა ტიპის შეხვედრების, როდესაც დოკუმენტებია გასაფორმებელი, არ უნდა მოხდეს გადადება.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.
ამ პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად ასოციაცია საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს, შემდეგ პასუხისმგებელ უწყებებს ოფიციალურად მიმართავს. მაია მელიქიძე იმედოვნებს, რომ გაიმართება შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილავენ საკითხს და გამოსავლის გზებზე შეჯერდებიან.
GREDA (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია) ასოციაციის წევრებთან მსგავს შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს. მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება, სადაც სექტორში არსებულ ვითარებას, მიღწევებსა და გამოწვევებს კიდევ ერთხელ განიხილავენ. წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის პრეზენტაციაც, სადაც სექტორში არსებულ მოვლენებს მიმოიხილავენ და ერთ წელს შეაჯამებენ.