რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს. ის საოკუპაციო ძალებს უკანონოდ წარსულშიც არაერთხელ დაუკავებიათ. ეს მისი უკანონო პატიმრობის მეხუთე შემთხვევა იყო.
საოკუპაციო ძალებმა ბოლოს ის 2024 წლის აპრილში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, უკანონო დაკავება მაშინ მოხდა, როცა რამაზ ბეღელური ძმის საფლავს ასუფთავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს