პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი განიხილეს.
ფინანსური დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, რომლის ინფორმაციით, 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 5.3%.
კაკაურიძის თქმით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97.4 მლრდ ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ზრდიდან გამომდინარე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123.0 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს.
პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 24.4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 25.1%-ია. ასევე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 36.8%-ის ფარგლებშია.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31.2 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად დაფინანსდება.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით 2 281.0 მლნ ლარით არის გაზრდილი და 26 850.5 მლნ ლარს შეადგენს.
მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 27 046.5 მლნ ლარია, რაც 2024 წელთან შედარებით 2 016.1 მლნ ლარით მეტია.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 700.0 მლნ ლარით, რაც 2024 წელთან შედარებით 870.9 მლნ ლარით არის გაზრდილი;
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 885.0 მლნ ლარით, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 377.0 მლნ ლარით აღემატება;
კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება 515.0 მლნ ლარია (იზრდება 43,0 მლნ ლარით);
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 20.,0 მლნ ლარით განისაზღვრა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 745.0 მლნ ლარს შეადგენს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 199,0 მლნ ლარით აღემატება.
იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427,0 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის – 1 600.0 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 1 350,0 მლნ ლარი, საქართველოს პროკურატურისთვის – 68.0 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის – 19,0 მლნ ლარი; სასამართლო სისტემისთვის – ჯამში 174,7 მლნ ლარი, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – 13,7 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის – 10,3 მლნ ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – 8.5 მლნ ლარი.
“ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი. მომდევნო ორი თვის განმავლობაში შევეცდებით, თან კონსერვატულად და თან ოპტიმისტურად, ის რესურსები დავაზუსტოთ, რომელიც 2025 წლისთვის გვექნება. ამის შემდეგ, ახალ პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს ჩამოვაყალიბებთ, რომლის დამტკიცებაც დეკემბერში უნდა მოხდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.