„არცერთი ბიზნესი ასე არ ვითარდება. 2011 წლიდან 2023 წლამდე სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში 22 000%-ით გაიზარდა“ – გუგა ბესელია

აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2023 წელი მორიგი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ UNICEF-ის ექსპერტმა, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა, ეს მოცემულობა არის ლოგიკური, რადგან სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ბიზნესია და არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოებში იყოს მოქცეული.
„გამოსავალი არის მარეგულირებელი ორგანოს შექმნაში. 13 სექტემბერს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიტანეთიდან მარეგულირებელი ორგანოდან, საიდანაც ჩვენ ვიყავით ოფიციალური მასპინძლები. მათ გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, როგორ მუშაობს მარეგულირებელი ორგანო და ა.შ.
სქემა, რომელიც აქამდე მუშაობს, არ არის ეფექტური იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ მოთამაშეთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. ეს სქემა არც არასოდეს იმუშავებს,“ – აცხადებს გუგა ბესელია.
მისი თქმით, სათამაშო ბიზნესში დაწესებულ გადასახადს ისევ მოთამაშეები იხდიან საკუთარი ჯიბიდან.
„5-6 წელიწადი გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაც მოვიფიქროთ, თითქოს დავალაგოთ და შემდეგ კიდევ 5-6 წელი ვართ ჩუმად და არაფერს ვაკეთებთ. ამასობაში სათამაშო ბიზნესი 10-15 სვლას აკეთებს და იზრდება ბრუნვა. ამ გაზრდილ გადასახადს, რომელიც არის დაწესებული, ისევ მოთამაშე იხდის თავისი ჯიბიდან. გამოსავალი ისევ მარეგულირებელი ორგანოს შექმნაშია, რომლის ფუნქციები იქნება: პრევენციული პროექტები, ცნობიერების ამაღლება, სარეაბილიტაციო პროექტების შექმნა და ა.შ,“ – აღნიშნა მან.
გუგა ბესელიას თქმით, 2011 წლიდან 2023 წლამდე სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში, 22 000%-ით არის გაზრდილი.
„არცერთი ბიზნესი ასე არ ვითარდება. 2011 წლიდან 2023 წლამდე 22 000%-ით არის გაზრდილი ბრუნვა. აქ არ არსებობს პასუხისმგებელი ორგანო და მთელი პასუხისმგებლობა გადანაწილებულია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში: ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა სამინისტროში და ეს საკითხი მათთვის რიგითი საკითხია. ყველა რაღაცას აკეთებს და ეს „რაღაც“ არის ზღვაში წვეთი,“ – განაცხადა გუგა ბესელიამ.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ