ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ საქართველოში “ოპოზიციური პარტიები აიკრძალება”, სამოქალაქო საზოგადოებას უცხოეთში მოუწევს წასვლა და იქიდან ოპერირება, ასევე თუ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები (მათ შორის უმცირესობების) არ იქნება დაცული, ეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც ახლა და ვერც მომავალში.
მისი თქმით, ეს არის ის პირობები, რაც საქართველომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს და მასზე მოლაპარაკებას არავინ აპირებს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია და საკუთარი ხმა თითოეულმა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს.
“მე მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე, რადგან ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი არჩევნებია ქვეყნისთვის. 26 ოქტომბერს ქვეყნის მომავალს წყვეტთ. ეს კონსტიტუციური უფლებაა და თქვენ გადაწყვეტთ როგორი მომავალი ექნება ქვეყანას. თუ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფო გახდება, ის ვერასოდეს იქნება EU-ს წევრი ქვეყანა”, – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოსი პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
მისივე თქმით, EUიმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება და ამას დაადასტურებენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელჩის თქმით, ევროკავშირი მზად არის რეაგირებისთვის. ჰერჩინსკის განცხადებით, ისინი მზად არიან ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რისი გამოცდილებაც უკვე ჰქონდაT ბელარუსში, რომელსაც 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ არაერთი სანქცია დაუწესეს.