სახალხო დამცველი ცესკოს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
„ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.
საკითხის მოკვლევის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. ამავე დროს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მითუმეტეს როცა ეს არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ