დატაცენტრები ჰესების ქვეყანაში – ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, დატაცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ AI-მოდელებზე მოთხოვნა ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება, კომპანიებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, უფრო დიდი მონაცემების გადამუშავება და შენახვა უწევთ, რაც, თავის წილ, მსოფლიოში დატაცენტრების რაოდენობას ზრდის. გამომდინარე იქიდან, რომ დატაცენტრების ასამუშავებლად და გასაგრილებლად ბევრი ელექტროენერგია არის საჭირო, ამ რესურსზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება.
ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – ხომ არ სჯობს დატაცენტრების ისეთ ადგილას მოწყობა, სადაც, ერთი მხრივ, იაფია ელექტროენერგია და, მეორე მხრივ, შესაძლებელია დატაცენტრების გაგრილებაც. აი, სწორედ ასე მიუდგა საკითხს ქართულ ტექნოლოგიურ ლანდშტაფტზე გამოჩენილი ახალი კომპანია, რომლის მიზანი საქართველოში IT-სერვისების და მონაცემთა ცენტრების განვითარებაა. ამ კომპანიას Data Center Solutions-ი ჰქვია და მის შესახებ თანადამფუძნებელმა, გიორგი აბრამიშვილმა TECH INFORM-ში ისაუბრა.
როგორც ბიზნესმენმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში განაცხადა, დატაცენტრების ასაშენებლად კომპანიამ საქართველო ელექტროენერგიის შედარებით დაბალი ფასის და მიწოდებაში მწვანე ენერგიის დიდი წილის გამო შეარჩია.
“ჩემი ძირითადი ბიზნესი ქვეყანაში მწვანე ენერგიის სადგურების განვითარებაა და დატაცენტრების შექმნა ლოგიკური გაგრძელება იყო – ამ პროექტზე ერთი წლის განმავლობაში ვფიქრობდით. ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასი რეგიონთან და ევროპასთან შედარებით თითქმის ორჯერ იაფია. ამასთან, ჩვენი ენერგიის დაახლოებით 70% მწვანე წყაროებიდან არის გენერირებული, ხოლო მწვანე ენერგიაზე მოთხოვნა, მოგეხსენებათ, მსოფლიოში იზრდება, განსაკუთრებით კი ეს ზრდა დატაცენტრების მიმართულებით შეინიშნება.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დატაცენტრების ბიზნესი ძალიან სწრაფად იზრდება. 2020 წელს ბაზრის მოცულობა $190 მილიარდი იყო, ახლა კი უკვე $300 მილიარდის ტოლია და პროგნოზების თანახმად, 2030 წლისთვის $500 მილიარდს გადააჭარბებს. შესაბამისად, ინდუსტრია ყოველწლიურად საშუალოდ 5-6%-ით იზრდება, მაგრამ მწვანე ენერგიაზე დაფუძნებული დატაცენტრების ზრდის კოეფიციენტი 19.6%-ის ტოლია.
აი, სწორედ აქ დავინახეთ შესაძლებლობა, რომ საქართველომ განსაკუთრებული როლი დაიკავოს. ევროპაში მოთხოვნა მაღალია, მაგრამ მიწოდება ძალიან დაბალია, რადგან შეზღუდულია, როგორც მწვანე ენერგიის საშუალებები, ასევე თავისუფალი მიწის ფართობი. დატაცენტრების მიმართულებით ერთ-ერთი ჰაბი ფრანკფურტია, სადაც უფრო და უფრო მეტი რეგულაცია ჩნდება, ანუ დეველოპერებს და ინვესტორებს ხარჯები ეზრდებათ. შესაბამისად, ევროკავშირი ცდილობს გეოგრაფიული არეალი გაზარდოს.
საქართველოს საინტერესო როლი აქვს გეოგრაფიულადაც, რადგან შეგვიძლია გავხდეთ ციფრული ხიდი ევროპასა და აზიას შორის, რომელიც ჩინეთის და ევროპის მოხმარებას დააკმაყოფილებს. ამასთან, საქართველო ძალიან წყალუხვი ქვეყანაა, სადაც 26,000 მდინარეს ვხვდებით. შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურების და წყლის სისტემის გადაბმით, ხარჯების ოპტიმიზაცია წყლის გაგრილების სისტემის ნაწილშიც შეიძლება. დატაცენტრების მოწყობა მთებშიც შეიძლება, რათა ტემპერატურაც დაბალი იყოს”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას გიორგი აბრამიშვილმა კომპანიის გეგმებზეც ისაუბრა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მე-4 დონის, ე.წ. Tier 4-ის დატაცენტრის მოწყობაა. ბიზნესმენის შეფასებით, კორპორაციები სწორედ ამ სტანდარტზე დაფუძნებულ დატაცენტრებს იყენებენ და საქართველოში ამგვარი დაწესებულების გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში ინვესტირებით დიდი ტექნოლოგიური კომპანიები დაინტერესდნენ.
“თავდაპირველად, ვფიქრობთ, 10-მეგავატიანი დატაცენტრით დავიწყოთ და ის აუცილებლად უნდა იყოს Tier 4-ის სტანდარტის უნდა იყოს. ეს ის სტანდარტია, რომლის მიხედვით დატაცენტრების უსაფრთხოება, ეფექტიანობა და თანმიმდევრულობა იზომება. აი, Tier 4-ის შემთხვევაში, მაგალითად, დატაცენტრს სამი კვების წყარო უნდა ჰქონდეს, რათა ის არასდროს გაჩერდეს. კვების წყაროების გარდა აუცილებელია ე.წ. UPS-ებიც, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, აუცილებელია გენერატორებიც. ფრანკფურტში ერთ-ერთი დატაცენტრის მუშაობას ვაკვირდებოდით და, როგორც აღმოჩნდა, UPS-ების მიუხედავადაც კი, გენერატორები მუდმივადაა ჩართული, რათა საჭიროების შემთხვევაში დენის წყარო სწრაფად ჩანაცვლდეს.
აი, ასეთი მაღალი სტანდარტით იქმნება Tier 4-ის სტანდარტის დატაცენტრები, რომელთაც მსხვილი კომპანიები იყენებენ. ქართული ბანკები ამ სერვისებს ქლაუდ-სერვისების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშისგან, AWS-ისგან ყიდულობენ. დიდ კომპანიებს ეს სერვისები უკვე სჭირდებათ და მოთხოვნა, შესაბამისად, ყოველწლიურად გაიზრდება. ვფიქრობთ, AWS-ზე იაფი, მოქნილი და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ, რათა ამ სერვისის გარედან ყიდვა ჩავანაცვლოთ და AWS-ი, Google Cloud-ი თუ Microsoft Azure-ი ჩვენთან შემოვიყვანოთ”, – აღნიშნა DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი აბრამიშვილმა TECH INFORM-ში.
როგორც დასაწყისში გითხარით, გამართული დატაცენტრის ოპტიმალური ბიუჯეტით მოსაწყობად მნიშვნელოვანია იაფი ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება, მაგრამ იმისთვის, რომ დატაცენტრის მიერ შექმნილი სერვისები კომპანიებისთვის მიმზიდველი იყოს, არანაკლებად მნიშვნელოვანია სწრაფი და უწყვეტი ინტერნეტი. როგორც გიორგი აბრამიშვილი ამბობს, საქართველოში შემომავალი ინტერნეტის კაბელს უსაფრთხოების კუთხით ალტერნატივა არ აქვს, ხოლო თავად ეს კაბელი მოძველებულია. ამ ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრამდე, როგორც ჩანს, ქვეყანაში Tier 4-ის სტანდარტის დატაცენტრის შექმნა არარეალისტური იქნება, მაგრამ ბიზნესმენი იმედს იტოვებს, რომ იდეა, რომელიც ინტერნეტის ახალი კაბელის გაყვანას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად მოიაზრებს, გაამართლებს.
“გვესმის, რომ სხვადასხვა კომპანიები და მათ შორის სახელმწიფო აპირებენ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც გაიყვანონ. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი მომდევნო ორ-სამ წელიწადში მოგვარდება და გვინდა, სწორედ ამ მომენტისთვის მოვემზადოთ და ბაზარზე ინფრასტრუქტურით შემოვიდეთ.
თუმცა მანამდე, სხვა ნაბიჯების გადადგმა გადავწყვიტეთ, რისთვისაც ბაზარზე ახალი ტექნოლოგია შემოვიტანეთ. არსებობს ქლაუდ-სერვისების მიმწოდებელი ამერიკული IT-კომპანია ამერიკული, სახელწოდებით Virtuozzo და გვინდა, რომ ბაზარს ამ კომპანიასთან ერთად სხვადასხვა სერვისები შევთავაზოთ, რაც უფრო ფინანსურადაც მომხიბვლელი, მოქნილი და მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული მიდგომაა”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელმა არაერთხელ ახსენა ორი ტექნოლოგიური ჰაბი – გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი და , რომელიც ტექნოლოგიურად და განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა პლანეტაზე. ამ ყველაფრის ფონზე, გაგვიჩნდა კითხვა, თუ რომელი ქვეყნის კონკურენტად შეიძლება აღვიქვათ საქართველო, თუ ის დატაცენტრების მიმართულებით განვითარდება. როგორც გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა, ამ სერვისზე მოთხოვნა გლობალურად იზრდება, ანუ კონკურენციის დანახვა პირდაპირ შეუძლებელია, რამაც საქართველო, შესაძლოა, ციფრული სერვისების რეგიონულ ჰაბად აქციოს.