თბილისის მერი, კახა კალაძე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების განცხადებაზე, სადაც წერია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ, ამბობს:
იცით, რომ აღნიშნულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუ როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების შედგენა – კონკრეტულ ადამიანებს პირდაპირ ფულს უხდიან, ეს არის ე.წ. ლობიზმი და რასაც უნდათ, ნებისმიერ თემას აწერინებენ. ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა. მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხს პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა. ესენი არიან გარკვეული, კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ მსგავსი ტიპის ბინძურ განცხადებებს. არ უნდა შეგვეშინდეს – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება.