დასჯა წინასწარ, 2 წლით ადრე – “რა ხართ მაინც ასეთი უნიჭოები და უგონოები” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ოცნებამ გამოუშვა წინასაარჩევნო სარეკლამო კლიპი, სადაც ასაკოვანი ხალხი ნარდს თამაშობს და ერთ-ერთი პერსონაჟი, მსახიობი დავით ხურცილავა, იგივე ჯაპანა ყვება, რომ 2007 წელს, უცნობთან გადაცემაში სტუმრობის გამო, სადაც მან დასცინა პრეზიდენტ სააკაშვილს, კერძოდ გამოაჯავრა თუ როგორ ურტყამდა პენალტს (მეტი დამაჯერებლობისთვის კლიპშიც იმეორებს პენალტის სცენას), მას დაემუქრნენ ნათესავების და ახლობლების დაჭერით, დაიბარეს პროკურატურაში და აიძულეს მის საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცა სახელმწიფოსთვის.
პრინციპში ეს ამბავი შეიძლებოდა დამეჯერებინა კიდეც, რომ არა ერთი პატარა ნიუანსი: უცნობის გადაცემა “საკანი №5”, სადაც ჯაპანამ მართლა გამოაჯავრა სააკაშვილს, ეთერში გადიოდა 2009 წელს და რანაირი ხელისუფლებაც არ უნდა ყოფილიყო მაშინ, 2009 წელს მომხდარი ფაქტის გამო ადამიანის დასჯა 2007 წელს აშკარად გაუჭირდებოდათ.
არა, რა ხართ მაინც ასეთი უნიჭოები და უგონოები, თქვენი სცენარის ავტორები და დამდგმელი რეჟისორები რა ვთქვი მე, მემონტაჟე-ასისტენტებზე რომ არაფერი ვთქვა…