ჩვენი პარტიის წევრი მასწავლებელი „ოცნების“ ზეწოლის გამო სტაციონარშია გადაყვანილი – მეზვრიშვილი

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მათი პარტიის წევრი, მასწავლებელი შორენა შამათავა „ქართული ოცნების“ ზეწოლის გამო სტაციონარშია გადაყვანილი.
სტაციონარშია გადაყვანა დასჭირდა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დევნის.
როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, შორენა შამათავა პოლიტიკური ნიშნით ჯერ სკოლის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს, ახლა კი მასწავლებლად მუშაობს და „ოცნება“ აიძულებს ეს პოზიციაც დატოვოს.
„გუშინ მატყუარა მ განაცხადა, რომ გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო და ეს პროცესი მიმდინარეობს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. სიმართლე არის შემდეგი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, რომელიც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სენაკის სოფელი ნოქალაქევის სკოლის დირექტორობიდან, დღეს მის მიმართ გაგრძელდა დევნა, შევიწროება და იძულება, რათა მან დატოვოს ამჯერად უკვე რიგითი მასწავლებლის პოზიცია სკოლაში გამოგონილი მიზეზით.
ამ ადამიანზე დღეს განხორციელდა პრაქტიკულად ზეწოლა სკოლის დირექტორის მხრიდან, რომელი სკოლის დირექტორიც გახლავთ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე. ადამიანი, რომელიც ათეულობით წელი ემსახურებოდა სკოლას და უამრავი თაობა აღზარდა, სკოლიდან აგვისტოს ბოლოს მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, რომ ეს ადამიანი ნახეს გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი რაიონში, მის ადგილზე კი დანიშნეს პოლიციის მაღალჩინოსნის – ირაკლი გვასალიას მეუღლე – ნანა ჯგერენაია. სკოლა რეალურად სრულად დაკომპლექტებულია უკვე „ოცნების“ პარტიული აქტივით და მიმდინარეობს გამუდმებით შევიწროება“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შორენა შამათავას პერიოდულად უთვლიან, რომ დატოვოს რიგითი მასწავლებლის პოზიციაც იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მივმართოთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ამავდროულად, სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს მოხდა ანუ ერთი და იგივე ადამიანის მიმართ უკანონობა ჩაიდინეს მეორედ, ეკისრება, პირველ რიგში, კობახიძეს, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის მიერ 26 ივლისს ჩადენილი მუქარის გამოძახილია ეს ყველაფერი, რასაც სისტემური ხასიათი აქვს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. რამდენიმე სკოლის დირექტორი კიდევ გაათავისუფლეს რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებიდან და ჩვენი საარჩევნო კამპანიისას მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან აქტიური თვალთვალი. ის, რასაც ხელისუფლება ამბობს, არის სრული სიცრუე, რეალობა არის რადიკალურად განსხვავებული, წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი, არასამართლიანი და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
ნეტგაზეთი ნათია მეზვრიშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ დაუკავშირდა „ქართულ ოცნებასაც“. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის ყოფილი დირექტორი შორენა შამათავა გასულ თვეში ნეტგაზეთთან აცხადებდა, რომ მისი ოპოზიციური განწყობების გამო, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები წლების განმავლობაში აბულინგებდნენ, ზეწოლას ახდენდნენ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე, საბოლოოდ კი, შესაძლებლობისთანავე ჩამოაშორეს დაკავებულ თანამდებობას.
“სამი წელია ჯოჯოხეთი მომიწყვეს, ისე გვავიწროებდნენ. ბევრჯერ ვიფიქრე, სამსახური დამეტოვებინა და წავსულიყავი უცხოეთში სამუშაოდ. გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა უკვე. “ოცნების” შტაბში ამბობდნენ, რომ ნოქალაქევში არჩევნებს წააგებდნენ ჩემ გამო, რადგან გახარიას პარტიის წევრი ვარ.
მე ვიცი, რომ ჩემი მასწავლებლების სია დევს ახლა შტაბში. დაიბარებენ და ყველას სათითაოდ შეაშინებენ. საერთოდ, ასე ხდება ჩვენთან – სკოლებიდან აქვთ შავი სიები. თუ ვინმეს რაიმე მათთვის არასასურველი, მთავრობის საწინააღმდეგო აქვს ნათქვამი, ტყავს აძრობენ”, – აცხადებდა შორენა შამათავა.
· ჩემ ნაცვლად პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს – დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე
· რამდენიმე პედაგოგი ამბობს, რომ სკოლის დირექტორობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე