გამგეობების და საკრებულოების თანამშრომლებს ID ბარათებს ართმევენ – ცესკო-ს წევრი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის (“სტრატეგია აღმაშენებლის” კვოტით) ანა კობახიძის ინფორმაციით, გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლებს უშუალო ხელმძღვანელი პირები აიძულებენ, მათი პერსონალური მონაცემები მიაწოდონ. უფრო მეტიც, ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა მათ ართმევენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს.
“გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოს წევრებისგან, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელები, ასევე გამგეობებში შექმნილი არაფორმალური ჯგუფები, სთხოვენ თანამშრომლებს თავიანთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ან ასლებს, იწერენ მათ პირად მონაცემებს, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული”, – განაცხადა კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებში ხდება მსგავსი შემთხვევები. თუმცა კობახიძემ თქვა, რომ ადამიანები, ვისგანაც მან ინფორმაცია მიიღო, ამ ეტაპზე თავს იკავებენ იდენტიფიცირებისგან.
მისი თქმით, მოკვლევის შედეგად, მსგავსი ფაქტები გამოავლინეს 3 რეგიონის 15-მდე მუნიციპალიტეტში.
კობახიძის თქმით, გააგრძელებს საკითხის შესწავლას. მეტი ინფორმაციის მიღებისა და ამ ადამიანებისგან თანხმობის მიღების შემდეგ კი აპირებს სავარაუდო დამნაშავეთა მხილებას. იქამდე კობახიძე მოუწოდებს საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს, არ გასცენ მათი პირადი მონაცემები მესამე პირებზე. მით უფრო, არ გადასცენ მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
-ს წევრი პარტიიდან “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი” განმარტავს, რომ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებში აჩენს შიშის განცდას და მოლოდინს, რომ მათი საარჩევნო ხმის კონტროლი ვინმეს შეუძლია. შესაძლოა, ეს გამოყენებული იყოს მმართველი პარტიისთვის გარანტირებულად ჩათვლილი ხმების წინასწარ დასათვლელად და ამომრჩევლის შესაბამისად მობილიზებისთვის.
გარდა ამისა, კობახიძე იხსენებს გასული წლების პრაქტიკას, როცა ს დღეს, საუბნო კომისიის წევრებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, რომ კონკრეტულ პირს ჯერ კიდევ არ მიუცია ხმა, მას ურეკავდნენ და ზეწოლით ცდილობდნენ მიეყვანათ საარჩევნო უბანზე. კობახიძის თქმით, როცა ამომრჩეველი ხვდება, რომ მესამე პირებმა იციან, უკვე დააფიქსირა თუ არა საკუთარი არჩევანი, უჩნდებათ არასწორი მოლოდინი, რომ შესაძლოა ამ პირებმა ისიც გაიგონ, თუ ვის მისცემს ხმას.
კობახიძე ცესკოს მოუწოდებს, ჩაატაროს მკაცრი საინფორმაციო კამპანია ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, “რომ არასდროს გაუზიაროს სხვა პირს მისი პირადი, პერსონალური ინფორმაცია”.
ერთ-ერთი რეგიონი, სადაც მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა, კობახიძის თქმით, არის სამეგრელო. ამის შესახებ წერდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძეც.
“ზუგდიდში სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან, რომ არჩევნების დღეს თითოეული ამომრჩეველი და ბიულეტენი ექნებათ დანომრილი და ქართული ოცნების კომისიის წევრი ნახავს, ვის აძლევენ ხმას. იმ ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვისაც ამაში ვერ არწმუნებენ, პირადობის მოწმობებს ართმევენ. ვიცით, ვინ არიან ადამიანები, ვინც პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ფიგურირებენ. ხმის მიცემა ფარულია და ვერავინ ნახავს, ვის მისცემთ ხმას! ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა არის დანაშაული”, – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
ხმის მიცემის ფარულობის გარანტიების შესახებ წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია: ელექტრონული აპარატების პირობებშიც ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა. აი, რატომ!